ახალი წელი მოდის! Menu.ge თქვენს სამსახურშია

Menu.ge გილოცავთ ახალ წელს! ჩვენი კომპანია საქართველოში ყველაზე პოპულარული დღესასწაულისთვის სუფრის გაწყობის უნივერსალურ საშუალებებს გთავაზობთ. ჩვენს საიტზე შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე ათეული საახალწლო შეთავაზება ქვეყნის საუკეთესო რესტორნებისგან. ნებისმიერი შეთავაზების ხარისხსა და დონეს კომპანია Menu.ge-სა და რესტორნების რეპუტაცია განსაზღვრავს. ამიტომ თამამად შეგიძლიათ შეუკვეთოთ მთელი სუფრა ან კონკრეტული კერძების კრებული და ამით დიასახლისს საქმე საგძნობლად შეუმსუბუქოთ.

და რის შეკვეთა შეიძლება საახალწლოდ? თქვენ წარმოიდგინეთ და, აბსოლუტურად ყველაფრის. საცივი გნებავთ? კი ბატონო! ჩურჩხელა ან გოზინაყი? არც ესაა პრობლემა.

უფრო საფუძვლიანად მივუდგეთ და დავიწყოთ ცხელი კერძებით. შეთავაზებების უმრავლესობაში ფიგურირებს ღორისა და ხბოს მწვადი, შემწვარი გოჭის ხორცი, ხბოს ჩაშუშული, ტოლმა ვაზის ფოთოლში, შქმერული, ოჯახური. ვინც მარხვას იცავს, მათთვის სოკოს ჩაშუშული და ბლინები სოკოთი…

ახლა თევზის, ფრინველის, საქონლისა და ღორის ხორცისგან დამზადებულ ცივ კერძებზეც ვთქვათ: ქათმის ან ინდაურის საცივი,ლაბასხმული (იგივე ხოლოდეცი),  აფხაზურა , ბლინი ხორცით, ბურვაკის ცივად მოხარშული ხორცი, წიწილა ტაბაკა, კუჭმაჭი ქათმის, ხბოსა თუ ღორის, კუპატი, ხბოს ნეკნები, ლორი და შაშხი, ლოქო ქინძმარში, მოხარშული ორაგული ან ზუთხი, შემწვარი კალმახი, მდინარის ე.წ. ცოცხალი, შემწვარი მწყერი და მრავალი სხვა.

გადავიდეთ მხალეულზე. ისპანახის, ჭარხლის, მწვანე თუ წითელი ლობიოს ან კომბოსტოს ნიგვზიანი მხალი. რა საკვირველია ნიგვზიანი შემწვარი ბადრიჯანი, სალათები ცეზარი, ოლივიე, ქათმის სალათები, „შუბა“, კრაბის ან კრევეტის სალათი, სოკოს სალათი, მწვანე სალათი და ასევე ბერძნული სალათიც.

ახალი წელი წარმოუდგენელია ხაჭაპურის გარეშე და ამ მხრივ ყველაზე პოპულარული იმერული ხაჭაპურია, თუმცა არც ფენოვანია ურიგო და არც მეგრული, ხოლო ვინც მარხვაზეა, ის შობამდე ლობიანით დაკმაყოფილდეს. კომპანიის კურიერები ცხელ-ცხელ მჭადებსაც უმალ მოგართმევენ.

თითქმის ყველა ოჯახში ამზადებენ ბაჟეს, რომელიც როგორც შემწვარი ფრინველის ხორცს უხდება , ისე თევზეულსაც. სუფრაზე უნდა იყოს ყველის მინიმუმ ერთი სახეობა, მაგრამ ზოგი რესტორნის მენიუში ყველის ასორტის შეხვდებით, რომელიც იმერულისგან, სულგუნისგან და გუდის ყველისგან შედგება. საახალწლო სუფრის ხშირი სტუმარი სულგუნის ფირფიტაში შეხვეული ნადუღი და გებჟალიაა. მწნილი კი საახალწლო სუფრას ნებისმიერი უხდება, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ჯონჯოლი.

ახლა დესერტზე გადავიდეთ. Menu.ge-ს პარტნიორი კაფეები და საცხობები ნამცხვრებისა და ტორტების ფართო ასორტიმენტს გთავაზობენ. ასევე უნდა მოვიმარაგოთ ჩურჩხელა, სხვადასვა ხილის ჩირი და თხილი. ხოლო როცა 12 საათი შესრულდება ყველა ერთმანეთს თითო ფუჟერ შამპანურს მივუჭახუნებთ და ძველი ქართული წესის თანახმად პირს თითო ლუკმა გოზინაყით ჩავიტკბარუნებთ – რათა მთელი წელი ასეთი ტკბილი იყოს!

აბა, გემრიელად!

კომენტარები