გილოცავთ ახალ, 4716 წელს!

2018 წლის 16 თებერვალი, თბილისის დროით 19:13. რა დრო და რა თარიღია? რას ნიშნავს ეს? რას და ახალი, 4716 წლის დადგომას! დიახ, პარასკევის საღამო ახალი წლის საღამოა, ოღონდაც საუბარი ჩინურ ახალ წელზეა.

ჩინური კალენდრით, ახალი, 4716 წელი დადგება (ჩვეულ გრიგორიანულ კალენდარს მოვიშველიებ) 2018 წლის 16 თებერვლის 19 საათსა და 13 წუთზე. ეს დიდი დღესასწაულია საკუთრივ ჩინეთში და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში. თავისი დასავლური ანალოგისგან განსხვავებით, ჩინურ ახალ წელს არ გააჩნია თავისი მუდმივი თარიღი, მისი დადგომის დრო ყოველწლიურად იცვლება.

დღესასწაულის აღნიშვნა 15 დღე გრძელდება – 16 თებერვლიდან 2 მარტამდე, თუმცა, ოფიციალურად ჩინელები მხოლოდ 7 დღე დაისვენებენ – 15-დან 21 თებერვლამდე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოში შობა-ახალი წლის ხანგრძლივი აღნიშვნის კრიტიკოსებს ხმა, წესით, აღარ უნდა ჰქონდეთ ამოსაღები. 🙂

უძველესი მითის თანახმად, ყოველი ახალი წლის დასაწყისში ჩინელები ემალებოდნენ ურჩხულს სახელად „ნიან“ (რაც ქართულად „წელიწადს“ ნიშნავს), რომელიც ახალი წლის პირველივე დღეს თავს ესხმოდა ადამიანებს, ანადგურებდა შინაურ ცხოველებსა და მოსავალს და ერთ-ორ გლეხსაც გადასანსლავდა ხოლმე.

საკუთარი სახლების ამ მონსტრისგან დასაცავად, ჩინელები საცხოვრებლებს წინასწარ, ზეიმის დაწყებამდე რთავენ: გარედან წითელი ქაღალდისგან შექმნილ ლამაზ ჩუქურთმებს, მისალოც ბარათებსა და ნახატებს აკრავენ და ყველგან კიდებენ წითელ ჩინურ ფარნებს. წითელი ფერისადმი ასეთი სიყვაული სხვა ლეგენდაშია განმარტებული, რომელიც საახალწლო ზეიმის წარმომავლობაზეც მოგვითხრობს. ლეგენდაში ნათქვამია, რომ ადამიანებმა ერთხელ შეამჩნიეს, თუ როგორ შეეშინდა ნიანს წითელ სამოსში გამოწყობილი ბავშვისა, არადა ურჩხული გამორჩეული სიამოვნებით სწორედ პატარების მიირთმევდა ხოლმე. ნიანის შეშინების თვითმხილველებს ძლიერ გაუკვირდათ, მაგრამ კი დაასკვნეს, რომ ურჩხული სწორედ წითელმა ფერმა დააფრთხო.

გარდა ამისა, დღესასწაულის მოლოდინში, თითოეული ოჯახი საგულდაგულოდ ალაგებს თავის საცხოვრებელს, რადგან მიიჩნევა, რომ ასე ჩინელები ასუფთავებენ საკუთარ სიცოცხლეს, იშორებენ წარუმატებლობებს და ადგილს ბედნიერებას უთავისუფლებენ.

ახლა კი იმაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რაც პირველი გვახსენდება სიტყვებზე „ჩინური ახალი წელი“. აღმოსავლური კალენდრით, 16 თებერვალს ძალაში მიწის ყვითელი ძაღლის წელიწადი შედის. ზოგადად, ძაღლი უღალატო, ერთგული და უანგარო არსებაა. შესაბამისად, ეს წელიწადიც კეთილი და მეგობრული უნდა გამოდგეს.

რას გვიწინასწარმეტყველებენ ასტროლოგები? ძაღლს ცვლილებები არ უყვარს და თავის მშობლიურ სადგომს დიდებულ სასახლეშიც არ გაცვლისო! ზამთრის დარჩენილ ნაწილს მიწის ძაღლი ცეცხლოვანი მამლის მიერ დატოვებული არეულობის დალაგებაში გაატარებს, თუმცა გაზაფხულისთვის ყველაფერი მოწესრიგდება. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ძაღლი ყვითელია, ოქროს მთების მიღების იმედი მაინც არ უნდა გვქონდეს. აი, პოზიტივი, კარგი განწყობა და ხალისი კი ნამდვილად არ იქნება დეფიციტში.

როგორც ამბობენ, მიწის ყვითელი ძაღლი მფარველობას იმ ადამიანებს გაუწევს, ვისი პროფესიაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობასთანაა დაკავშირებული – იურისტებს, პოლიტიკოსებს, მსახიობებს, პიარისა და რეკლამის სპეციალისტებს, ჟურნალისტებს. დანარჩენებსაც გაუმართლებთ – ძაღლი ხომ ბრძენი, საღად მოაზროვნეა და არავის მოაკლებს კეთილ რჩევას.

მთავარი და ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ძაღლისთვის ფული არასდროს იქცევა ცხოვრების არსად. ძაღლი თავს ვალდებულად მიიჩნევს, სამყარო იდეალური გახადოს. და არ დამშვიდდება, ვიდრე ეს სამყარო ოდნავ მაინც არ გაკეთილშობილდება და გალამაზდება.

კომენტარები