ვინ გამოიგონა ჰამბურგერი?

დღეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 120-130 წლის წინათ სამყარომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რა არის ჰამბურგერი. იმხანად რატომღაც არავის მოსვლია აზრად, რამდენად გემრიელი შეიძლება იყოს კერძი, რომელიც ორ ფუთუშას შორის მოქცეული შემწვარი კოტლეტისგან შედგება. მაგრამ სწორედ მაშინ, XIX საუკუნის მიწურულს, თავისი უბრალოებითა და გემოთი კულინართა ამ ნოვატორულმა გამოგონებამ უმოკლეს დროში არნახული პოპულარობა მოიპოვა, თანაც – მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენლებში.

სწორედ კერძის ყოველდღიურად მზარდმა პოპულარობამ გამოიწვია, რომ ყველას მოუნდა ჰამბურგერის გამოგონებაში მონაწილეობის დაბრალება. ავტორობაზე პრეტენზია მრავალმა ამერიკელმა გამოთქვა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამ კერძის შექმნაში ფუნდამენტური წვლილი შეიტანეს, ამერიკელებს არც ევროპელი კულინარები ჩამორჩნენ და იყო ერთი სჯა-ბაასი და კამათი. დიდების ნაწილის დასაკუთრების ეს მცდელობები დასრულდა იმით, რომ ჰამბურგერს ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული და ბუნდოვანი ბიოგრაფიის კერძის რეპუტაცია  ჩამოუყალიბდა. მოდი, ჩვენც ვცადოთ ამ კვანძის გახსნა და გავარკვიოთ, ვინაა სინამდვილეში ბურგერის „მშობელი“. არ გამოგვივა, მაგრამ ოდნავ ნათელს მაინც მოვფენთ…

burger

სიტყვა „ჰამბურგერი“ გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქის, ჰამბურგის სახელს უკავშირდება. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ჰამბურგიდან, გერმანელ ემიგრანტებთან ერთად, რეცეპტი ევროპიდან ამერიკაში მოხვდა. იმ დროს ჰამბურგერი წარმოადგენდა პურში ჩადებულ შემწვარი ღორის ხორცის ნაჭერს.

სხვა ვერსიის თანახმად, ჰამბურგერს ეს სახელი ნიუ იორკის შტატის ქალაქ ჰამბურგის გამო დაერქვა. 1885 წელს, ამერიკულ ჰამბურგში გამართულ ბაზრობაზე ძმები ჩარლზ და ფრენკ მენჩისები იქ მოსეირნე ადამიანებს ორ ფუნთუშაში ჩადებულ საქონლის ხორცის კოტლეტს სთავაზობდნენ. თურმე, მათ ღორის ძეხვი გათავებიათ, რომელსაც ძმები სენდვიჩების დასამზადებლად იყენებდნენ, და საქონლის ხორცმა ძეხვის მაგივრობა გაწია.

იმავე 1885-ში, ვისკონსინის შტატის ქალაქ სეიმურის ბაზრობაზე ჩარლი ნაგრინი პურის ორ ნაჭერში ფრიკადელებს დებდა და ამ, თავდაპირველად უსახელო, კერძით ვაჭრობდა. მისი აზრით, ეს სენდვიჩი თუ ბუტერბროდი ბაზრობის მსგავსი ღონისძიებებისთვის ზედგამოჭრილია – შეგიძლია სეირნობდე და ისე მიირთმევდე. თავისი კულინარიული გამოგონება მისტერ ნაგრინმა „ჩარლის ჰამბურგერად“ მონათლა.

cheeseburger

ნიუ იორკის რესტორნებში ტერმინი „ჰამბურგერი“ პირველად 1834 წელს გამოჩნდა. „ჰამბურგის სტეიკი“, ეს ჭეშმარიტად გერმანული კერძი, პირველად ჟურნალ „ბოსტონ ივნინგში“ 1884 წელსაა ნახსენები.

ქალაქ ტალსაში მცხოვრები ოსკარ ვებერ ბილბის ოჯახი ამტკიცებს, რომ პირველი ჰამბურგერი მათმა წინაპარმა მოამზადა და ეს 1991 წელს მოხდა. ოსკარის დიდი ბაბუა კოტლეტებს ამზადებდა და შეწვის შემდეგ ამ ნაწარმს ფუნთუშაში დებდა. 1995 წელს ოკლაჰომის გუბერნატორმა ფრენკ კიტინგმა ქალაქი ტალსა „ჰამბურგერის დაბადების ნამდვილ ადგილად“ გამოაცხადა.

კიდევ ერთ კულინარად, ვისაც, შესაძლოა, ასევე უთამაშია როლი ჰამბურგერის შექმნაში, ოტო კუასაას მიიჩნევენ. 1891 წელს ის საქონლის ხორცისგან კოტლეტებს ამზადებდა და ზედ კვერცხს ახლიდა. მისი კაფეს სტუმარმა მეზღვაურებმა მოგვიანებით კუასაას კვერცხზე უარი ათქმევინეს და მხოლოდ კოტლეტი დაატოვებინეს.

hamburger

ტეხასის შტატის ქალაქ ათენის მკვიდრი მზარეული ფლეტჩერ დევისი კი თავად აცხადებდა, რომ ჰამბურგერი გამოიგონა. 1880 წელს მან პურის ორ ნაჭერში შემწვარი კოტლეტი ჩადო, რომელსაც მდოგვი წაუსვა და ზედაც მწვანე ხახვი დააჭრა. 1904 წელს, სენტ ლუისის ბაზრობაზე, ფლეტჩერი და მისი ცოლი ბურგერებით ვაჭრობდნენ და მათი ნაწარმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

1900 წელს, თავის მშობლიურ ქალაქ ნიუ ჰეივენში თავისი პირველი ჰამბურგერი ლუი ლესინგმაც მოამზადა. ერთხელ ერთ-ერთმა კლიენტმა მას მოკლე დროში ცხელი კერძის მომზადება სთხოვა. ლესინგს ხორცის ფარში მზად ჰქონდა, მზარეულმა კოტლეტი უცებ გააკეთა, იქვე, გრილზე შეწვა და მშიერ კლიენტს ორი ტოსტითურთ მიართვა. სწორედ ამ დეტალის – ტოსტების ბრალია, რომ კულინარიული კრიტიკოსები უარს ამბობენ ლუი ლესინგის ჰამბურგერის გამომგონებლებს შორის მოხსენიებაზე. მაგრამ 2000 წელს აშშ-ის კონგრესმა ლესინგი გამოაცხადა ადამიანად, რომელმაც შექმნა პირველი ამერიკული ჰამბურგერი.

ფართო მასებმა ჰამბურგერი 1904-ში, სენტ ლუისის ზემოთხსენებულ ბაზრობაზე გაიცნეს, მაგრამ გასტრონომიულ სიმბოლოდ ბურგერი თითქმის 30 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა, როცა კანზასელმა მეწარმემ უოლტერ ანდერსონმა დააარსა სასაუზმეთა ქსელი White Castle Hamburger, რომლის მთავარი კერძი სწორედ ჰამბურგერი გახლდათ.

burger

თანამედროვე ბურგერის იმდენი ვარიაცია არსებობს, სრული სიის ჩამოთვლის მცდელობა არასერიოზული იქნებოდა. ფუნთუშას დაკეპილი ხორცისგან დამზადებული კოტლეტით კლიენტებს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნებიც კი სთავაზობენ. ფასტ ფუდების პროდუქციასთან ამ რესტორნებში მომზადებულ ბურგერებს ალბათ მხოლოდ სახელწოდება აერთიანებს. იქ მზარეულები უპირატესობას ტრუფელებს, ფუა-გრას (ბატის ღვიძლის პაშტეტი) და იაპონური ძროხის უძვირფასეს, ე.წ. მარმარილოს ხორცს ანიჭებენ. ასეთი ჰამბურგერის ფასმა შეიძლება 1000 დოლარსაც მიაღწიოს.

1000-დოლარიანისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ღირსეული ჰამბურგერის დაგემოვნება საქართველოშიცაა შესაძლებელი. ჩვენს საიტზე, menu.ge-ზე საძიებო ველში ჩაწერეთ სიტყვა „ბურგერი“ და დარწმუნდით, რაოდენ ფართო არჩევანი გაქვთ. 2-დან 30 ლარამდე ღირებულების უამრავი ვარიანტიდან რომელიმე ან რამდენიმე აირჩიეთ და, რაღა თქმა უნდა, ჩვენი კურიერი ძალიან სწრაფად, ყველა საცობის გვერდის ავლით, ცხელ-ცხელ ჰამბურგერს იქ მოგართმევთ, სადაც კი მოგესურვებათ. ეს ისეთი კერძია, რომლის მირთმევა მართლაც თითქმის ყველგანაა შესაძლებელი – შინ, ოფისში, მეგობრების წრეში, სტადიონის ტრიბუნაზე, პიკნიკზე… ერთი სიტყვით, ამერიკელთა (თუ გერმანელთა?) ეს გამოგონება მშიერს და უკმაყოფილოს არავის დატოვებს.

აბა, გემრიელად!

კომენტარები