ზეთისხილი – ჯადოსნური ნაყოფი, ზეითუნის ზეთი – თხევადი ოქრო

ყოველ შემოდგომაზე, ესპანეთის ქალაქ ბაენაში ტარდება ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის ფესტივალი, რომელიც ეძღვნება ზეთისხილის კორომებში მოსავლის აღებასა და ყველაფერს, რაც ამ უნიკალურ ნაყოფს უკავშირდება. ეს ღონისძიება 1998 წლიდან ყოველი წლის 9-11 ნოემბერს ტარდება და მიიჩნევა ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის უმსხვილეს ევროპულ ფესტივალად.

პატარა ქალაქი ბაენა ზეითუნის ზეთის წარმოების ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია, ხოლო საკუთრივ ზეთი ჭეშმარიტი ანდალუსიური სამზარეულოს საფუძვლად ითვლება. ამიტომ მოსავლის აღება აღინიშნება დიდი მხიარულებით – ცეკვა-თამაშებითა და ბარაქიანი ქეიფით. ნოემბერში მოსავალი უკვე საბოლოოდაა აღებული, გადამუშავებული და მოსახლეობა ემზადება ათასობით ტურისტის მისაღებად, რათა მათაც დააგემოვნებინონ ეს დელიკატესი.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში ზეთისხილის ასობით ჯიშია კულტივირებული – შავიდან ღიაფერის ყვითლამდე. როგორც იტალიური კულინარია წარმოუდგენელია სახელგანთქმული ყველის – პარმეზანის გარეშე, ისე ესპანური სამზარეულოც ვერ იარსებებდა ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის გარეშე. ზოგადად, ესპანეთს ზეითუნის ზეთის მსოფლიო წარმოების 45% უკავია, ხოლო ბაენა ანდალუსიის ორიდან ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია ზეთისხილის ჯიშების მრავალფეროვნების მხრივ და ესპანეთის ზეთისხილის დედაქალაქადაც მიჩნევა. ქალაქის გარშემო ზეთისხილის ბაღები 400კმ2-ზეა გაშენებული.

ზეთისხილი უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც საკვები კულტურა. ის ფართოდ იყო გავრცელებული პირველყოფილ საზოგადოებაში. ადამიანმა უკვე მაშინ იცოდა მისი  სამკურნალო თვისებების შესახებ. ზეთისხილის ხის კულტივირება დაიწყო 6-7 ათასწლეულის წინ, ხოლო ველური ზეთისხილი არსებობდა პრეისტორიულ ხანებშიც. ზეითუნის ზეთი  პირველად ბერძნებმა გამოხადეს, ხოლო შემდეგ ეს სხვა ხალხებმაც  ისწავლეს. ზეითუნის ზეთისა და საკვები ზეთისხილის ექსპორტის საწარმოებლად ძველი საბერძნეთი საგანგებოდ აშენებდა გემებს. ეს ზეთი უკვე მაშინ მიიჩნეოდა ახალგაზრდობისა და სილამაზის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ.

ჰომეროსი ზეითუნის ზეთს თხევად ოქროს უწოდებდა, არისტოტელემ მისი სასარგებლო თვისებების შესწავლა ცალკეულ მეცნიერებად გამოყო. ჰიპოკრატემ დაადასტურა ზეითუნის ზეთის სამკურნალო თვისებები და მისი გამოყენებით მკურნალობის რამდენიმე მეთოდი შეიმუშავა, ხოლო ფედერიკო გარსია ლორკა მას ლექსებს უძღვნიდა. და დღეს მსოფლიოში ეს ჯადოსნური ზეთი ნებისმიერ სხვა საკვებ ზეთზე ძვირად ფასობს.

ზეითუნის ზეთი ღვინის მსგავსად არსებობს ელიტური, რიგითი და ფალსიფიცირებული, მაგრამ ზეთი ღვინოზე კაპრიზულია – მისი შენახვა უფრო რთულია და ვარგისიანობის ვადაც – გაცილებით ხანმოკლე. ამიტომაცაა, რომ ზეთისხილის ფესტივალი ესპანეთში განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება. ყველა მსურველს შეუძლია ნებისმიერ დეგუსტაციაში მონაწილეობა, ნატიფი ადგილობრივი კერძების დაგემოვნება და ანდალუსიური სამზარეულოს კერძების რეცეპტების გაცნობა, რომლებშიც ზეთისხილი ფიგურირებს.

გარდა ამისა ფესტივალის დღეებში მის სტუმრებს ეძლევათ საშუალება დაესწრონ სხვადასხვა გამოფენებს, კონცერტებს, წარმოდგენებს, კონფერენციებს, თემატურ ლექციებსა და მასტერ-კლასებს ყველაზე ცნობილი შეფ-მზარეულებისგან, ასევე მიიღონ მონაწილეობა კულინარიულ კონკურსებში. ფესტივალის ფარგლებში ტარდება ბაზრობა-აუქციონები, რომლებსაც ესწრება უამრავი რესტორატორი და საბითუმო ვაჭრობის კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ესაა მსგავსი ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება.

ესპანეთში ზეთისხილის ფესტივალი სულაც არაა მხოლოდ ლამაზი ზეიმი. აქ  ცდილობენ, გააშუქონ ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის გამოყენების ყველა მიმართულება, ასევე შეახსენონ სტუმრებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მცენარეს მთელი მსოფლიოსთვის და თითოეული ადამიანისთვის. ესპანეთში ამტკიცებენ, რომ ჭამის წინ ზეთისხილის ათიოდე ნაყოფის მირთმევა ადამიანს ინსულტისა და ინფარქტისგან იცავს. გარდა ამისა ტემპერამენტიანი ესპანელები ირწმუნებიან, რომ ზეთისხილი ხამანწკის მცენარეული ანალოგია და მისი წყალობით ადამიანში სასიყვარულო ვნება დიდხანს არ ქრება.

Menu.ge თავის მომხმარებელს სთავაზობს ზეთისხილის უდიდეს ასორტიმენტს.  თბილისისა და სხვა ქალაქების ფაქტობრივად ყველა რესტორანს შეგიძლიათ შეუკვეთოთ ზეთისხილის სხვადასხვა ნაირსახეობა – ესპანური, ბერძნული, იტალიური, შავი, წითელი,მწვანე თუ ყვითელი. როგორც ზემოთ ითქვა ამ ნაყოფის გემოვნური თვისებები ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს, ხოლო ზეითუნის ზეთი ყველა კერძს განსაკუთრებულ, დახვეწილ გემოს ანიჭებს.

აბა, გემრიელად!

კომენტარები