თურქული სამზარეულო – ნაცნობი და იდუმალი (ეპიზოდი II)

მაშ ასე, გავაგრძელოთ თურქულ კულინარიაზე საუბარი და შემდეგ თემებზე გადავიდეთ. თურქულ სუფრებზე ძალიან ხშირად შეხვდებით კარტოფილსა და საქონლის ხორცს. თურქები გამოირჩევიან ყოვეგვარი საკმაზებისა და სანელებლებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. მრავალი ადგილობრივი კერძი მიირთმევა ცხარე საწებლითა და სხვადასხვა სახეობის დაფქული წიწაკის მოყრით. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ცხარე მწვანე წიწაკა.

აი, პურს კი, თურქეთში განსაკუთრებული პატივი აქვს – მას ფაქტობრივად, ნებისმიერ კერძს აყოლებენ. პურს თურქეთში განსაკუთრებული თაყვანისცემით ეპყრობიან: მისი გადაგდება არ შეიძლება, ხოლო თუ შემთხვევით დაგივარდა, აუცილებლად უნდა აიღო და მოუხადო ბოდიში – ესეც კიდევ ერთი პარალელი ქართულ წეს-ჩვეულებებთან.

თურქული ეროვნული სამზარეულოს ყველაზე ცნობილი კერძი ალბათ ფლავია. ყველაზე ხშირად მას ამზადებენ ბრინჯისგან, თუმცა ზოგან ბრინჯის მაგივრობას ხორბლის ბურღული ბულგური წევს, ან განსაკუთრებული სახის ვერმიშელი სეჰრიე. თურქების თვალსაზრისით, ფლავის ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი დეტალია ბრინჯის ე.წ ფანტიაობა – როცა მარცვლები არ ეკრობა და ფაფად არ იქცევა. ხორცის გარდა, თურქულ ფლავში ხშირად შეხვდებით ბადრიჯანსა და სხვა ბოსტნეულს, ასევე ლობიოს, ბარდასა და სხვა მსგავს პროდუქტს.

ყველაზე პოპულარული ხორცის კერძი თურქულ სამზარეულოში უთუოდ დონერ-ქებაბია, რომელსაც ჩვენში შაურმას უწოდებენ. ესაა დამარინადებული, ან ჩაბასტურმებული ბატკნის ხორცის ნაჭრები, რომლებიც ვერტიკალურად დამაგრებულ ხის შამფურზეა ჩამოცმული და ვერტიკალურადვე იწვება, შემდეგ იჭრება თხელ ნაჭრებად და იხვევა ლავაშში. ესაა ერთგვარი თურქული ფასტ-ფუდი, რომელიც ძალზე პოპულარულია სტუდენტებს, საოფისე პერსონალსა და სხვა მოუცლელ ადამიანებს შორის მთელი პლანეტის მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც.

თურქეთისთვის მეორე დამახასიათებელი ხორცის კერძია ქიუფთე. ამ კერძის მომზადების ვარიანტების დიდი სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ ძირითადად მისი შინაარსი შემდეგია: თხლად დაჭრილ ხორცს კმაზავენ ხახვითა და სუნელებით, შემდეგ ხარშავენ, აცხობენ და წვავენ. ზოგჯერ ამ გუნდებს ავლებენ კვერცხში, აგორავებენ წვრილად დაჭრილ მწვანე წიწაკაში და აწყობენ სხვადასხვა სოუსებში. გარნირის ფუნქციას როგორც წესი, ასრულებს შემწვარი კარტოფილი ან პომიდორი.

ასევე გასინჯვად ღირს თურქული დოლმა – ხორცის ფარშით ან ბრინჯით ფარშირებული კომბოსტოს ან ვაზის ფოთოლი.

თევზეულიდან ყურადღებას იმსახურებს მიროლოტო და ხამსილი ფილავი – ეს უკანასკნელი შავიზღვისპირეთშია განსაკუთრებით პოპულარული.

ცომეულს შორის გამოსარჩევია ბურექი: ფენოვანი ღვეზელი, რომელიც მზადდება  ცომის უთხელესი ფენებისგან ხორცის, ყველის ან კარტოფილის შიგთავსით.

თურქულ სამზარეულოში ასევე ძალიან პოპულარულია სხვადასხვა წვნიანები. ხშირად ისინი მზადდება ხორცით. ყველაზე აუთენტიკური კი ოსპის წვნიანი.

როგორც ნებისმიერი აღმოსავლური ქვეყანა, თურქეთიც გამოირჩევა ტკბილეულის მრავალფეროვნებით. თურქული დესერტების უდიდესი ნაწილი მზდდება რძის გამოყენებით, ზოგიერთ ტკბილ კერძში ამატებენ ხილსა და ნიგოზს. ხოლო თურქული ფესვების მქონე ყველაზე სახელგანთქმული ტკბილეულია ბაქლავა – იგივე ფახლავა. ჩვენგან განსხვავებით,თურქები მას თაფლის გარეშე ამზადებენ – რძით გაჟღენთილ ცომის უთხელეს ფირფიტებს კმაზავენ ნიგვზით, თხილით და არაქისით, ან შოკოლადით. შემადგენლობით მსგავსია, მაგრამ განსხვავებული ფორმისაა ქადაიფი. აუცილებლად უნდა გასინჯოთ თურქული ხალვა ფიშმანიე – შაქრის ბოჭკოებისგან შემდგარი უგემრიელესი დესერტი. თურქებს საკუთარი ნაყინიც აქვთ – დონდურმა. მისი კლასიკური ვარიანტი გულისხმობს, თხის რძის სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებას, რის შედეგადაც ეს ნაყინი დიდი ხნის განმავლობაში არ დნება სიცხეშიც კი. და, რაღათქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს რაჰათ-ლუქუმი, რომელიც ადრე მზადდებოდა ვარდის ნაყენის საფუძველზე, ხოლო დღეს შეიძლება შეიცავდეს თაფლს, თხილს, შოკოლადს, ყველანაირ ხილს, ქოქოსსა და სხვა გემრიელ დანამატებს.

თურქთა შორის ყველზე პოპულარული სასმელებია ყავა და ჩაი. ახსნას არ საჭიროებს, თუ რა არის თურქული ყავა: მცირე დოზით მოდუღებული დაფქული ყავის მარცვალი. ჩაის კი თურქეთში აუცილებლად წელში გამოყვანილი ჭიქებით მიირთმევენ, თანაც ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მშვიდად, აუღელვებლად და ჩაის დამატებით.

ამრიგად, ჩვენი სამხრეთელი მეზობლის სამზარეულო მოკლედ გაგაცანით. ბლოგის ორი პოსტიც კი არ კმარა იმ უდიდესი მრავალფეროვნების გადმოსაცემად რომელსაც თურქული კულინარია ეწოდება, თუმცა მცირე პერიფრაზი, რომ გავაკეთოთ 10-ჯერ წაკითხულს ერთხელ მირთმეული სჯობსო. ამიტომ ბევრს ნუღარ იფიქრებთ, შეუკვეთთ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი და უამრავი სხვა კერძი Menu.ge-ს საიტის, მობილური აპლიკაციისა და სატელეფონო ზარის მეშვეობით, მერწმუნეთ თქვენ გელით დაუვიწყარი სიამოვნება!

აბა, გემრიელად!

კომენტარები