თურქული სამზარეულო – ნაცნობი და იდუმალი (ეპიზოდი I)

ამ ბლოგ-პოსტში ჩვენი სამხრეთელი მეზობლის, თურქეთის ნაციონალურ სამზარეულოზე მოგითხრობთ. თავიდანვე დავძენ, რომ თემა ერთობ ფართოა და თურქულ კულინარიაში ჩვენთვის ახლობელ ელემენტებსაც შევნიშნავთ.

თურქეთის სამზარეულო მსოფლიოს წამყვან ნაციონალურ კულინარიებს შორის სამართლიანად მოიხსენიება. აქ გამოყენებული ინგრედიენტების მრავალფეროვნების, მათი ხარისხის მიმართ გაძლიერებული მოთხოვნებისა და რეცეპტების სიმარტივის წყალობით, თურქული სამზარეულო ყოველთვისაა გურმანების ყურადღების ცენტრში.

თვითმყოფადი კულინარიული ტრადიციის სახით თურქული სამზარეულო ჩამოყალიბდა ოსმალეთის იმპერიის პერიოდში. ის ფორმირდებოდა თურქული ტომების, საქართველოს, სომხეთის, ხმელთაშუაზღვისპირა სახელმწიფოების, ირანის, ინდოეთისა და ისლამური რელიგიის ზეგავლენით. თითოეული ერი რომელიც სახლობდა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, სხვადასხვა პერიოდში ახდენდა თავის გავლენას ამ ქვეყნის სამზარეულოზე და შედეგად ჩამოყალიბდა ტრადიციების საოცარი სინთეზი. მაგალითად, ხორცის კერძები თურქეთში მზადდება მხოლოდამხოლოდ მუსლიმური ტრადიციების შესაბამისად. ასევე ისლამს უკავშირდება გარკვეულ პროდუქტებზე აკრძალვა. ჩვენი არ იყოს, საკვების მიღების პროცესს თურქებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩვეულებისამებრ აქ მიღებულია საკვების ნება-ნება მიღება, სასურველია,თუ ეს ხდება ახლობლების გარემოცვაში და სასიამოვნო საუბრის ფონზე. სწრაფი კვება თურქეთში მიუღებელია და აქ საუზმე შეიძლება 4 საათზე მეტხანს გაგრძელდეს და სადილში გადაიზარდოს.

თურქთა უსაყვარლეს კერძებს შორისაა მრავალრიცხოვანი წვნიანები, ფლავი, ზეთითა და ძმრით უხვად შეკმაზული სალათები, სხვადასხვა ცივი კერძი და რაღათქმა უნდა, ლეგენდარული ტკბილეული.

თურქულ სამზარეულოში სხვადასხვა ბოსტნეული და უპირველესად ბადრიჯანი დომინირებს, რომლისგანაც მზადდება სალათი პატლიკანი, იგივე ბაბაგანუში, რომელსაც კუნჟუტის ზეთისგან დამზადებულ პასტას უმატებენ, პოპულარულია ასევე ფარშირებული ბადრიჯანი – პატლიკან დოლმასი, ხოლო განსაკუთრებით გავრცელებული კერძი იმამ ბაიალდი – ბადრიჯნის პომიდვრის, ხახვისა და ნივრის კომბინაცია. როგორც წესი ამ კერძებს კმაზავენ ზეითუნის ზეთით ან ლიმონის წვენით.

თურქეთში ასევე დიდ პატივშია ბარდა, ნუტი და ლობიო. მრავალი კერძის მომზადებისას ფათოდ გამოიყენება ყველის სხვადასხვა სახეობები, თუმცა, ყველი ცალკე კერძადაც მიირთმევა. კიდევ ერთი პოპულარული საკვებია ზეთის ხილი. ზეთის ხილს თურქეთში ამარილებენ, გამოყავთ ძმრის მარინადში და დილაობით მსუბუქ საუზმედ მიირთმევენ.

თუმცა ამ ყველაფრის ჩამოთვლა ერთ ბლოგ-პოსტში შეუძლებელია, ამიტომაც დღევანდელ მონათხრობს აქ დავასრულებთ. თქვენ კი, ძვირფასო მკითხველო, თავისუფლად შეგიძლიათ ყოველივე ზემოჩამოთვლილი კერძი ჩვენი საიტის, მობილური აპლიკაციისა თუ სტაციონარულ ტელეფონზე დარეკვით შეუკვეთოთ, დანარჩენი კი Menu.ge-ს გამართული მენეჯმენტისა და უსწრაფესი კურიერების საქმეა. მით უფრო, რომ საქართველოში თურქული რესტორნების ნაკლებობა ნამდვილად არ შეინიშნება.

აბა, გემრიელად!

კომენტარები