მარათონის ფინიში: გილოცავთ ძველით ახალ წელს!

13 იანვრის საღამოს ქართველები კვლავ მივუსხდებით სუფრას და ეს იქნება ჩვენებური საახალწლო მარათონის დასკვნითი ქეიფი. რას იზამ, ასეა მოწყობილი ჩვენი ცხოვრება და მისი შეცვლა სულაც არ გვსურს. ეს ხუმრობით, თორემ სერიოზულად კი მართლაც დიდი საფრთხეა, რომ საახალწლო და საშობაო სუფრებით ორგანიზმი გადაგვერტვირთოს და ზოგი წნევამ შეაწუხოს, ზოგს კი ნაღვლის ბუშტი ატკივდეს. ამდენი ღვინო და საახალწლო დოზებით მიღებული ნიგვზიანი და ცხიმიანი საკვები მაინცდამაინც სასარგებლო არ გახლავთ.

თუმცა, ეს ხომ ძველით ახალი წელია, როგორც უფროსი თაობა იტყოდა, ნამდვილი ქართული ახალი წელიო.

ქართული კალენდრის მიხედვით, ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ: აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში, ხოლო იანვარში ახალი წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.

საქართველოს მსგავსად, ძველით ახალ წელს სხვა ქვეყნებიც აღნიშნავენ, მათ შორისაა: რუსეთი, ბელარუსი, სერბეთი, მაკედონია, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, საბერძნეთი, უელსი და შვეიცარიის ზოგიერთი კანტონი.

ძველით ახალი წლის აღნიშვნას იწვევს ორი კალენდარული სისტემა. ერთია – იულიუსის “ძველი სტილის” კალენდარი და მეორე – გრიგორიანული “ახალი სტილის”. დღეს, ადამიანები სწორედ ამ “ახალი სტილის” კალენდრით სარგებლობენ.

საქართველოსი არ იყოს, სერბეთშიც ყველაზე ხშირად ამ დღესასწაულს სერბულ ახალ წელს უწოდებენ. მოსახლეობის ნაწილი ძველით ახალ წელს ისევე აღნიშნავს, როგორც 1 იანვარს. ბელგრადში, პარლამენტისა და მერიის შენობის წინ ეწყობა კონცერტი. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებით წმინდა საბას საკათედრო ტაძრიდან უშვებენ ფოიერვერკს, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი. ასეთივე ღონისძიებები ეწყობა სხვა ქალაქებშიც.

მაკედონიაში ეს დღესასწაული „ძველი ახალი წლის“ სახელითაა ცნობილი. 13 იანვრის ღამეს, ხალხი ქუჩებში გამოდის, სადაც მეზობლები უზარმაზარ კოცონს ანთებენ, შემდეგ კი ერთად ჭამენ და სვამენ.

უკრაინაში 13 იანვრის საღამოს უწოდებენ გულუხვს და ესაა უკრაინელთა ერთერთი უსაყვარლესი დღესასწაული.

ახალ წელს ხვდებიან ამ დღეს საბერძნეთშიც და მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ. რუმინეთში ამ თარიღისათვის აცხობენ ღვეზელებს სიურპრიზებით: მონეტებით, ფაიფურის ფიგურებით, ბეჭდებით.

შვეიცარიის ზოგიერთ გერმანულენოვან კანტონში 13 იანვრის საღამოდან იწყებენ საზეიმო სვლას ქუჩებში და წმინდა სილვესტერის დღის აღნიშვნას.

და რას ურჩევს Menu.ge თავის მკითხველსა და მომხმარებელს? იგივეს, რაც დეკემბრის მიწურულს: ისარგებლეთ ჩვენს საიტზე წარმოდგენილი აქციებით და შეუკვეთეთ მთელი საახალწლო სუფრა ქვეყნის საუკეთესო რესტორნებს. არც ბაზარში და მეგამარკეტში სირბილი მოგიწევთ და არც შემდგომ სამზარეულოში ძალების ხარჯვა. ჩვენი კომპანიის კურიერები უგემრიელეს სახალწლო კერძებს სასურველი რესტორნიდან უმოკლეს დროში ნებისმიერ ადგილას მოგართმევენ.

აბა, გემრიელად!

კომენტარები