მზიანი ყავის დღე ისლანდიაში

გასტრონომიული დღესასწაულები როგორც წესი, უკავშირდება მცენარეებს, რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიაზე ოდითგანვე ხარობს, ან სოფლის მეურნეობას, ანაც მრეწველობის რომელიმე განვითარებულ დარგს. მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. მაგალითად, ისლანდიაში ყოველი წლის 27 იანვარს მეტად უჩვეულო მოვლენას აღნიშნავენ, რომელსაც მზიანი ყავის დღეს უწოდებენ. გასაგებია, რომ პოლარულ წრესთან უშუალო სიახლოვეს მდებარე კუნძულზე ყავის ხეების გახარება არანაირადაა შესაძლებელი. მაშინ საიდან გაჩნდა ასეთი სახელწოდების უცნაური ტრადიცია?

საქმე ისაა, რომ გეოგრაფიული მდებარეობა და მთების სიუხვე განაპირობებს იმ ფაქტს, რომ მთელი ზამთრის განმავლობაში, რომელიც გაცილებით ხანგრძლივია ვიდრე ჩვენთან, ისლანდია ჩაფლულია ბინდში. ცხადია ადამიანებს ძალიან უჭირთ მუდმივი სიბნელის ატანა, ეს გარემოება დამთრგუნველად მოქმედებს მოსახლეობის როგორც ფიზიკურ ისე ემოციურ სიჯანსაღეზე. ამიტომაცაა, რომ XVIII საუკუნის 70-იან წლებში ცხელი ქვეყნებიდან ყინულოვან კუნძულზე შემოტანილი ყავის მარცვალის არომატი ასოცირდება იმ ქვეყნების მბზინვარე და მცხუნვარე მზესთან, შესაბამისად, კაშკაშა სინათლესთან, ახალი ცხოვრების დაწყების იმედსა და კარგ განწყობასთან.

რატომ მაინცდამაინც 27 იანვარს? იმიტომ, რომ ქვეყნის დედაქალაქ რეიკიავიკში მზის სუსტი სხივები სქელ ღრუბლებსა და დათოვლილ მთებს შორის პირველად დაახლოებით სწორედ ამ დღეს იჭყიტება, ხოლო როდის და ვის მიერ დაწესდა ეს დღესასწაული არავინ იცის, თვით ისლანდიელებმაც კი. ჰოდა, ამ პირველ სხივს აღტაცებაში არათუ ბავშვები მოჰყავს, არამედ ზრდასრული ისლანდიელებიც. ამ სხივების გამოჩენა საოცარი ამბების მომასწავებელია – კუნძულზე გვერდზე დებენ ყველა მნიშვნელოვან საქმეს და ივიწყებენ პრობლემებსა და დარდებს.

ამ დღესასწაულისთვის ყველა დასახლებულ პუნქტში გამოყოფილია საგანგებო ადგილი, სადაც იშლება მდიდრული სუფრა, რომლის ცენტრალური ადგილი გაგიკვირდებათ და ბლინებს უკავიათ – ჩვენთვის კარგად ნაცნობი რუსული ბლინების მსგავს კერძს, რომელსაც აყოლებენ სხვადასხვა მურაბას. ამ ბლინებს აქვს სიმბოლური დატვირთვა, ოქროსფერ ცომის ნაწარმს მზის დისკოს ფორმა აქვს და ისლანდიელებს უხარიათ როცა მათ საზეიმო სუფრაზეც მზე ფიგურირებს. და, რაღა თქმა უნდა, ყავა! ამ დღეს ისლანდიაში გრანდიოზული რაოდენობით ყავა იხარშება. ყველა სვამს უზარმაზარი რაოდენობის ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებს, რომელიც ისლანდიაში ყავასთან ერთად ასევე XVIII საუკუნის მიწურულს სამხრეთიდან შემოიტანეს. ირგვლივ ყავის სურნელი ტრიალებს რომელიც ხანგრძლივი ზამთრით იმედ გამოცლილ კუნძულელებს გაზაფხულის მოახლოებას ამცნობს და მშობლიურ მიწაზე ცხოვრების გაგრძელებისა და შრომის ხალისს უღვიძებს.

ისლანდიის ნებისმიერ კაფესა და რესტორანში ამ დღეს ყველას უმასპინძლდებიან საუკეთესო ცხელი ყავითა და ახალ გამომცხვარი უგემრიელესი ბლინებით, ასევე ისლანდიური სამზარეულოს ორიგინალური კერძებით. ალბათ არც ჩვენი მკითხველი იტყვის უარს გემრიელ ბლინებსა და არომატულ ყავაზე, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ზამთარი არცთუ მკაცრია. ზამთარი მაინც ზამთარია და იანვრის მიწურულს ჩვენც გაზაფხულის მალე დადგომას ვლამობთ. და ვინც გადაწყვეტთ ბლინებისა და ყავის მირთმევას, თავისუფლად შეგიძლიათ ამ სურვილის ასასრულებლად კომპანია Menu.ge-ს მიმართოთ და დატკბეთ მზიანი ყავითა და ბლინებით, არჩევანი მდიდარია!

აბა, გემრიელად!

კომენტარები