პიცის საუკუნოვანი ისტორია

        წახემსება არ მაწყენდა, ვეუბნები საკუთარ თავს მოშიებული სამსახურში ან გრძელი დამღლელი დღის შემდეგ სახლისკენ მიმავალი. თვალწინ კადრებად მესახება ჩემს ცნობიერებაში დალექილი  სოციალურ ქსელებში, ქუჩაში სარეკლამო ბანერებზე თუ საჭმლის მიტანის სერვისის ბუკლეტებზე ნანახი მადისაღმძვრელი კერძები და შიმშილი კიდევ უფრო მიმძაფრდება…დარწმუებული ვარ ეს გძნობა ყველას გამოგიცდიათ.

        ასეთ დროს პირველ რიგში რა გახსენდებათ? რა თქმა უნდა პიცა! პიცა – ეს არ არის მხოლოდ წასახემსებელი საჭმელი ან  სადილი სიზარმაცისას, მაშინ როცა საყვარელი სერიალის რამდენიმე სეზონს უზიხარ და ვერ წყვეტ თვალს. ყველასთვის ასე საყვარელი მისი სხვადასხვა სახეობა, რომელთა მომზადების წესიც თითქმის მთელს მსოფლიოში ერთი და იგივენაირია – ეს არ არის მოდური ტრენდი ან თანამედროვე ტენდენციების შედეგი. სინამდვილეში პიცა – ეს არის საუკუნეებგამოვლილი, და თამამად შეიძლება ითქვას ათასწლეულების მანძილზე ნელ-ნელა დახვეწილი და ჩამოყალიბებული ტრადიცია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კერძის მომზადებისა.

პიცა სალიამი pizza salami

        მოდით გადავხედოთ პიცის წარმოშობის ისტორიასა და მის მეტამორფოზას. გავითვალისწინოთ რა მისი ასაკი და შევამკოთ ქათინაურებით, თუ როგორ ახალგაზრდად გამოიყურება და როგორი აქტუალურია დღემდე.

        მაშ ასე, აი ისიც – დიდი, ცხელი, 33 სანტიმეტრიანი, არომატული პიცა მოცარელათი, ლორით, სოკოთი, ცხარე წითელი წიწაკითა და ზედ მობნეული როზმარინით. თქვენ იღებთ მის სამკუთხა ნაჭერს, გულსართით დატვირთული ცომი ვეღარ უძლებს სიმძიმეს, ქვემოთ ეზნიქება წვერო და თეფშზე იღვენთება მდნარი ყველი.

პიცა პეპერონი pizza pepperoni cheese ყველი

        მანამ სანამ თქვენ ნეტარებით შეექცევით პიცის ამ უგემრიელეს ნაჭერს  საუკუნეების წინ, ქრ.შ-მდე დაახლოებით 4500 წლით ადრე ეგვიპტელმა ხეფრმა სუბ ნუმ უკვე მოზილა ცომი ხმიადისათვის, რომელსაც ხუფუს პირამიდის მშენებლებს უმზადებდა. მარჯვედ გააბრტყელა ცომი, გაპოხა ზეთით, შეკმაზა ხმელი სანელებლებით და გადაფერთხა ნარჩენები ფქვილმობნეული მაგიდიდან, “ მგონი საკმარისია, განა რამდენი სჭირდებათ?” გაიფიქრა და აზრის დაუსრულებლად მწკრივში ჩაალაგა დასაცხობად გამზადებული ხმიადები.

პიცის ცომი პომიდვრის სოუსით

       ჩვ. წ. აღ დაახლოებით 3000 წლის წინ სპარსი მთავარსარდალი, ბეჰრემი ბრძოლის დაწყებამდე პირადად აკონტროლებდა მეომრების საკვებ რაციონს. მებრძოლებისთვის მნიშვნელოვანი იყო ნოყიერი საკვების მიღება ძალების აღსადგენად. ისინი საკუთარ ფარზე აცხობდნენ პურს, რომელსაც შემდეგ ყველითა და  ფინიკებით რთავდნენ.

       2500 წლით ადრე ქრ. შ-მდე ათენის უმდიდრესი მოქალაქის მთავარმა მზარეულმა, ლისიპმა გადაწყვიტა თავისი წინამორბედებისაგან განსხვავებით ხმიადი შეეკმაზა ყველით, ხახვით, სხვადასხვა სახის ბოსტნეულით, მწვანილით და მხოლოდ  ამის შემდგომ გამოეცხო ნაღვერდლით გაღვივებული ქვის ღუმელში. თავად ბატონს არ მოსწონდა ეს კერძი, თუმცა მისი მსახურები აღმერთებდნენ ლისიპის გემრიელ ქმნილებას.

       რომის იმპერატორი ტიბერიუსი მისი მსახურებისგანვე გავრცელებული ხმების თანახმად კვირაში რამდენჯერმე მიირთმევდა დაფნის ფოთლებითა და თაფლით შეკმაზულ ხმიადს. უცნაური გემოვნება ჰქონდა არა? თუმცა რა გასაკვირია რომის იმპერატორებს ხომ უამრავი უცნაურობა ახასიათებდათ.

       თუმცა ჩვენ გადავუხვიეთ თემიდან. პირველი ნაჭერის მოუთმენლად შეჭმის შემდეგ, შეეცადეთ კარგად შეიგრძნოთ მეორის გემო, თან გავიხსენოთ როგორ გარდაიქმნა გლეხების საჭმელი სამეფო კარზე დელიკატესად.

       პიცის ღარიბების რაციონიდან დიდგვაროვანთა სუფრაზე გადაჩოჩების ისტორია ევროპაში პომიდორის გამოჩენის შემდეგ იწყება. “ეშმაკის მარცვლები” თავდაპირველად რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო გლეხებმა დააგემოვნეს. შემდეგ ისინი აღმოჩნდნენ ნაღვერდლით გაღვივებული ქვის ღუმელში, თხელი ცომის ზედაპირზე ყველთან, ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად, შეკმაზული მწვანილითა და ხახვით.

      ჩვენთვის კარგად ცნობილ და საყვარელ პიცას მიმსგავსებულმა ხმიადებმა სახელი გაითქვა და ერთხელ, ყველაზე იღბლიან პიცაიოლის პატივი დასდეს და მიიწვიეს ნეაპოლის მეფის მეუღლის, მარია კაროლინას საზაფხულო რეზიდენციაში, სადაც მან უგემრიელესი პიცა შექმნა.

პიცა პეპერონი

      ყველასთვის კარგადაა ცნობილი სახელგანთქმული პიცა “მარგარიტას” შექმნის ისტორია: 1889 წ. იტალიის მეფე უმბერტო I  თავის მეუღლესთან  მარგარიტასთან ერთად ისვენებდა ნეაპოლში. მათ მოისურვეს ნეაპოლში უკვე სახელგანთქმული კერძის, პიცის დაგემოვნება. მის მოსამზადებლად კი მოიწვიეს იმ დროის ყველაზე ცნობილი პიცაიოლი  რაფაელე ესპოზიტო. მცხობელს სურდა მეფე-დედოფლის გულის მოგება და სამი სხვადასხვა სახის პიცა მოამზადა. პირველი იყო პომიდვრით, ნივრითა და ზეითუნის ზეთით, მეორე ყველით ბეკონითა და ბაზილიკით, ხოლო მესამე პიცის მომზადებისას მზარეულმა იტალიის დროშის ფერები გამოიყენა: წითელი პომიდორი, თეთრი ყველი და მწვანე ბაზილიკი. დედოფალი მარგარიტა იმდენად აღფრთოვანდა ამ პატრიოტული პიცით რომ პიცაიოლის სამადლობელო წერილი დაუტოვა. გახარებულმა ესპოზიტომ თავის კულინარიულ შედევრს დედოფლის სახელი უწოდა. მარგარიტას ბრძანებით კი ეს კერძი მხოლოდ სამეფო კარზე მზადდებოდა. ამის შემდეგ  მარგარიტამ დაიმსახურა ყველაზე დახვეწილი პიცის წოდება მარინარასა და 4 სეზონის გვერდით.

      გამოვერკვეთ ფიქრებიდან და დავუბრუნდეთ ტრაპეზს. მესამე, ჯერ კიდევ ცხელი და არანაკლებ მადისაღმძვრელი ნაჭერის დაგემოვნების დრო მოვიდა. თანადროულად გვახსენდება ძმები არმანდო და ანსელმო, რომლებიც იმ იტალიელ ემიგრანტთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებმაც ამერიკაში გახსნეს პიცერია. ამერიკული ექსპანსიის შედეგად კი პიცა მთელ მსოფლიოში გავრცელდა, შეაღწია და თავი დაიმკვიდრა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ კულტურასა და ოჯახებში, სხვადასხვა რასის რჯულისა და მსოფლმხედველობის ადამიანთა რაციონში.

     იშვიათია კერძი რომელსაც შეუძლია ასეთი მდიდარი ისტორიით დაიტრაბახოს.

     P.S  ამ გემრიელი სტატიის კითხვისას დარწმუნებული ვარ პიცის შეკვეთისგან თავს ვერ შეიკავებდით, ცოტაც მოითმინეთ ჩვენი კურიერი წუთი-წუთზე მოგართმევთ  უგემრიელეს პიცას.

     გემრიელად მიირთვით!

კომენტარები