ტაილანდური სამზარეულოს პოპულარობის საიდუმლო (ეპიზოდი I)

ტაილანდური სამზარეულოს შესაყვარებლად სულაც არაა აუცილებელი ამ ზღაპრული ქვეყანის სტუმრობა. საკმარისია Menu.ge-ში დარეკოთ ან შეუკვეთოთ ვებ-გვერდის ან აპლიკაციის მეშვეობით და ჩვენი უსწრაფესი კურიერები, შინ თუ ოფისში, უმალ მოგაწვდიან ტომ იამის საუცხოო წვნიანს, პად ტაის ატრიას ან როტის უგემრიელეს ბლითებს. რამდენიმე კერძის დაგემოვნებაც კი კმარა იმისთვის, რომ ლემონგრასის, გალანგალის, ჯანჯაფილის, ქოქოსის რძისა და წიწაკა ჩილის გემო სამუდამოდ დაიმახსოვროთ. გემოვნების რეცეპტორებმა კი ტვინს დრო და დრო შეახსენონ ამ უგემრიელესი კერძების არსებობა.

მე, გურამ მანია, ამ სიამოვნებას პირველად სულ რამდენიმე წლის წინ ვეზიარე, როცა ნაბახუსევს მეგობარმა თბილისის ერთ-ერთ ტაილანდურ რესტორანში წამიყვანა. ამ შემთხვევებში ჩვეული ხაშის ნაცვლად სახელგანთქმული წვნიანი ტომ იამის დაგემოვნება შემომთავაზა. დიდი ყოყმანის შემდეგ ბოლოს მაინც გავბედე და გავსინჯე.  გაოცებული დავრჩი, იმდენად შთამბეჭდავი გემო ჰქონდა ამ წვნიანს! მას მერე ტაილანდური სამზარეულოს ბევრი კერძი გამისინჯავს და გაწბილებული არც ერთხელ დავრჩენილვარ.

აქვე შემოგთავაზებთ ჩემი აზრით საუკეთესო კერძებს, რაც კი ტაილანდში შექმნილა. ამ კერძთაგან ნებისმიერი შეიძლება იყოს როგორც ვეგეტარიანული, ასევე ქათმისა თუ ღორის ხორცით, თევზით ან ზღვის პროდუქტებით მომზადებული.

  1. ტომ იამი – ტაილანდური სამზარეულოს სავიზიტო ბარათი

ტომ იამი ტაილანდური სამზარეულოს ალბათ ყველაზე ცნობილი კერძია. არაა აუცილებელი ტაილანდში მოგზაურობა, რათა ერთხელ მაინც  მოჰკრა ყური ამ მომჟავო და ცხარე წვნიანის სახელს. ეს კერძი მზადდება ლემონ გრასის, გალანგალისა და ლაიმის ფოთლებით, ხოლო მის საბოლოო – სპეციფიკურ და დასამახსოვრებელ სახეს საკმაზების სიუხვე ქმნის.

პრინციპში, ტომ იამი განსხვავდება ჩვენი ყაიდის წვნიანებისგან, რადგან მასში იჭმევა მხოლოდ საკუთრივ წვენი – ნახარში, ასევე ქათმის ან ღორის ხორცის ნაჭრები და კრევეტები, ყველაფერ დანარჩენს არ მიირთმევენ, რადგან მათ ყოველივეს კერძში ამატებენ არომატისა და გემოს შესაქმნელად. მისი სიცხარის გათვალისწინებით ამ წვნიანთან ერთად ტაილანდელები (და ალბათ მთელი მსოფლიოც) მოხარშულ ბრინჯს მიირთმევენ. მაგრამ ქართველები რის ქართველები იქნებოდნენ „საპახმელიო“ წვნიანისთვის ბრინჯი დაეყოლებინათ.

  1. პად ტაი – ტაილანდური სამზარეულოს კლასიკა

პად ტაი არის ბრინჯის ფქვილისგან შექმნილი ატრია, რომელიც კვერცხში ამოვლებული იწვება ტაფაზე სოიოს პარკის ღივისა და ტოფუს ყველის დამატებით. შემდეგ ამ ატრიას კმაზავენ თევზის ბულიონით, კრევეტებით, ნივრით ან ხახვით, წითელი წიწაკა ჩილითა და პალმის შაქრით. ამ კულინარიული საოცრების მირთმევა შესაძლებელია როგორც ქუჩის ფასტ-ფუდებში, ისე სოლიდურ რესტორნებშიც. მისი ვარიაციების რაოდენობა, მოკლედ რომ ვთქვათ, უთვალავია.

არ დაგავიწყდეთ, რომ Menu.ge-ს პარტნიორ რესტორნებს შორის უამრავი ტაილანდური და, ზოგადად, აზიური რესტორნებიცაა. ამ რესტორნებში ტომ იამისაც და პად ტაისაც საუკეთესო ტაილანდელი კულინარები უმაღლეს დონეზე ამზადებენ. ფასებიც სავსებით ხელმისაწვდომია. თქვენი საქმე მხოლოდ შეკვეთა და მოკლეხნიანი ლოდინია.

აბა, გემრიელად!

კომენტარები