ხანუქა: ზეთის კანდელი, ლატკესი და სუფგანია

ყველა ერს გააჩნია უსაყვარლესი დღესასწაული, რომელიც აღინიშნება საუკუნების განმავლობაში.  როგორც წესი მათი უმრავლესობა რელიგიურ ხასიათს ატარებს და საკრალური შინაარსისაა. ამ დღესასწაულებისთვის საგულდაგულოდ ემზადებიან, ცდილობენ ყველა რიტუალის დაცვას და სუფრასაც განსაკუთრებულად აწყობენ ხოლმე.

ხანუქა ებრაულად  განახლებასა და კურთხევას ნიშნავს. ესაა ებრაული დღესასწაული, რომელიც წლეულს გაიმართება 2-დან 10 დეკემბრამდე. ხანუქა დაწესებულია ძვ.წ. II საუკუნეში იეჰუდა მაკოვეის იუდეის იმპერატორ ანტიოქეზე გამარჯვებისა და ბერძენი დამპყრობლებისგან იერუსალიმის განთავისუფლების აღსანიშნავად.

გადმოცემის თანახმად, როცა ქალაქი მტრებისგან გაიწმინდა, ებრაელებმა ტაძარში იპოვეს პატარა დოქი, რომელშიც ერთი დღის სამყოფი კანდელის ზეთი ესხა. იერუსალიმის მოსახლეობა გაოცებული დარჩა როცა დანთებული ცეცხლი ზუსტად 8 დღე არ ჩამქრალა, რის ხარჯზეც ებრაელებმა ხელახლა შეძლეს ტაძრის კურთხევა. ამ სასწაულმა სათავე დაუდო ახალ ტრადიციას – ხანუქის 8 დღიანი აღნიშვნისას სანთლების დანთებას.

ვინაიდან ხანუქა ეძღვნება ზეთთან უშუალოდ დაკავშირებულ მოვლენას, ტრადიციისამებრ, სადღესასწაულო კულინარიის მთავარი მოქმედი სუბიექტი სწორედ ზეთი გახლავთ. ხანუქის 8 დღის განმავლობაში ყველა კერძი მზადდება მდუღარე ზეთში – ფრიტიურში.   ამ დღეებში მიღებულია ლატკესისა და სუფგანიას მომზადება. ესაა ხანუქის გამორჩეული დესერტები.

ლატკესი კარტოფილის ოლადებია, რომლებშიც ხშირად ამატებენ გოგრას, ყაბახს და სხვადასხვა ბოსტნეულს. გახეხილი კარტოფილის მასას წურავენ , უმატებენ გახეხილ ხახვს, კვერცხს, მაცას, მარილს, პილპილს, ამ მასას ზელენ და აცხობენ მდუღარე ზეთში.

მიირთმევა არაჟანთან ან იოგურტთან ერთად.

სუფგანია კი არის პონჩიკი (ფუნჩულა), რომელსაც ხანუქაზე ამზადებენ  დახვრეტილი რგოლების სახით, ან უბრალოდ ცომის ბურთებს აცხობენ. ხშირად სუფგანია არის ცარიელი ცომის ბურთი, ჯემით (მურაბით, შოკოლადით და ა.შ.) და ხაჭოთი.

ხანუქაზე ასევე მიირთმევენ რძის პროდუქტებს – ყველს, ხაჭოსა და საკუთრივ რძეს. სამივე პროდუქტი გამოიყენება სუფგანიას დამზადებისას.

ხანუქის აღნიშვნისას არ შეიძლება მარხვა, ასე რომ სხვა პროდუქტები შეარჩიეთ თქვენი გემოვნებით. მაგალითად ლატკესს ძალიან უხდება შემწვარი თევზი ან ფალაფელი (ლავაშში გახვეული მუხუდოს კოტლეტი ბოსტნეულის სალათთან ერთად).

ხანუქის დღეებისთვის ტრადიციული კერძების შეკვეთა შეიძლება თბილისის რესტორნებსა და საცხობებშიც. ენდეთ menu.ge-ს და ყველა სურვილი აგისრულდებათ!

აბა, გემრიელად!

კომენტარები