6100$ საზამთროში, 120$ გრამ სუნელში და მდიდართა სხვა სიგიჟეები

იმ ფაქტთან, რომ სამყაროში არანორმალურად ძვირადღირებული საკვები პროდუქტები არსებობს, შეიძლება ნებისმიერი დამოკიდებულება გქონდეს: დადებითი, უარყოფითი, ნეიტრალური… ასეთი სასუსნავის გემოც შეიძლება იქცეს კამათის თემად, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ჩვენს სიაში მოყვანილი ნებისმიერი პროდუქტი არათუ ფუფუნებაა, არამედ მდიდარი ადამიანიც კი დაფიქრდება, ვიდრე შეიძენს.

მიუხედავად ამისა, ჩამონათვალში მოხვედრილ პროდუქტებზე დამფასებელთა წრეებში მოთხოვნა სტაბილურია და ადამიანების გარკვეული კატეგორია მზადაა, ნათიფ გემოში დიდძალი ფული გადაიხადოს. მოკლედ, თქვენს წინაშეა ყველაზე ძვირადღირებული საკვები პროდუქტები!

ნესვი იუბარი

ნესვი იუბარი ჩვეულებრივ ნესვს ვიზუალურად შესაძლოა ძალიანაც ჰგავდეს, მაგრამ გოგრისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენლის ღირებულება ბევრად მაღალია. ნესვის ენდემური იაპონური ჯიში ხარობს მხოლოდ კუნძულ ჰოკაიდოზე, საპოროს მეზობელ პატარა ქალაქ იუბარის სათბურებში და ნაყოფს ისხამს წელიწადში ერთხელ. სწორედ ამ დროს შეიძლება ამ ნესვის შეძენა – მინიმუმ 1000 დოლარად. იყო შემთხვევა, როცა შეშლილმა გურმანმა წყვილ ასეთ ნესვში 27 ათასი დოლარი გაიღო.

იაპონური საზამთრო

იაპონელები მშობლიურ მიწაზე მოყვანილს ისე აფასებენ, რომ მზად არიან, არქიპელაგის ქვიან ნიადაგზე აღმოცენებული ჩვეულებრივი საზამთროს სანაცვლოდ ძალიან დიდი ფული გადაიხადონ. რეკორდი? 6100 დოლარი საზამთროში, რომელიც 7,7 კილოს იწონიდა.

 

ზაფრანა

ესაა დედამიწაზე ყველაზე ძვირადღირებული სანელებელი. ნუ აგვერევა იმ ყვითელ ყვავილში, რომელიც საქართველოს ნებისმიერ ბაზარში იყიდება და რომელსაც ასევე ზაფრანას ვუწოდებთ. რაც ჩვენთან იყიდება და რითიც საცივს ვკმაზავთ, არის დაფქული ხმელი ყვითელი ყვავილი სახელწოდებით ზაფრანა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბინადარ ყვავილზე, უფრო სწორად, aმ ყვავილის ბუტკოს წვრილ დელიკატურ ძაფებზე. აი, ესაა ნამდვილი სანელებელი ზაფრანა. ამ სურნელოვანი განძის 1 გრამი ღირს 120 დოლარი!

ვანილი

ნატურალური ვანილი იგივე სახელწოდების მცენარისგან მიიღება და არაჩვეულებრივი სურნელის მატარებელი ამ სანელებლის 100 გრამის ღირებულება 100 დოლარს აღწევს.

 

სოკო მაცუტაკე

ეს კი ყველაზე ძვირფასი სოკოა, რომელიც თავისი იაპონური სახელითაა ცნობილი, არადა, მაცუტაკეს შეხვდებით ჩინეთშიც, ჩრდილოეთ ევროპაშიც და ჩრდილოეთ ამერიკაშიც. იაპონურიდან ითარგმნება, როგორც „ფიჭვის სოკო“. იაპონიაში, ჩინეთსა და კორეაში კილოგრამი 2 ათას დოლარამდე ღირს. აქვს ფიჭვის საოცარი არომატი და ნატიფი გემო.

თირკმელა სოკო

თირკმელა სოკოს (ფრ. truffe, რუს. трюфели) პოვნა უკიდურესად რთულია, ხოლო თუ საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლი ან ღორი არ გყავთ – სულაც შეუძლებელი. დიახ, ღორი ვახსენეთ, ღრუტუნების ყნოსვა იმდენადაა განვითარებული, რომ უშეცდომოდ მიჰყავს სოკოზე „მონადირეებს“ საჭირო ადგილას. თირკმელას არაჩვეულებრივი, მდიდარი გემო აქვს, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის გურმანები დიდად აფასებენ და მზად არიან, ამ სიამოვნებაში არანორმალური ფული დახარჯონ. ერთმა ჰონკონგელმა გურმანმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, 1,5-კილოგრამიან თირკმელა სოკოში 160 ათასი დოლარი გადაიხადა! წარმოგიდგენიათ?!

ზეითუნის ზეთი Lambda

ზეითუნის ზეთი ისედაც არცთუ იაფფასიანი პროდუქტია და მისი ღირებულება გამოხდისა და წარმოების ხარისხზეა დამოკიდებული. მაგრამ Lambda-ს ბრენდის ერთი ბოთლი ზეთი მის მყიდველს 100 დოლარი დაუჯდება. ზეითუნის ზეთი Lambda შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ზეითუნის ზეთი.

„აჩეტო ბალზამიკო ტრადიციონალე“

მოდენას შავი ოქრო – ესაა ტრადიციული ბალზამური ძმარი. მომჟავო-მოტკბოა და მზადდება ყურძნის ტკბილისგან, რომელიც ინახება და ძველდება ხის კასრებში. დაძველებისა და გამოხდის სპეციალური მეთოდი იტალიის ქალაქ მოდენაშია გამოგონილი და 12-წლიანი დაძველების ერთი ბოთლი ასეთი საწებელი 100 დოლარი ღირს, 25-წლიანი – 200 დოლარამდე. ძალიან უხდება ხორცსა და ბოსტნეულის სალათებს.

ყავა „კოპი ლუვაკი“

დიახ, ეს ის ცნობილი ყავაა, რომლის წარმოებაში აქტიური (და მთავარიც კი!) მონაწილეობა მიუძღვის ცხოველს – ინდონეზიაში და სამხრეთ აზიის სხვა ქვეყნებში მობინადრე მომცრო მტაცებელ მუსანგს. დელიკატურად აგიხსნით: მუსანგი ყავის ნაყოფს სიამოვნებით მიირთმევს, ამ ცხოველის საკვების მონელების ფერმენტი მარცვალზე „ქიმიურ“ ზემოქმედებას ახდენს, ხოლო ნახევრად მონელებულ მარცვლებს ადგილობრივი მოსახლეობა პლანტაციების მიმდებარედ აგროვებს, რეცხავს, ხალავს და 300-გრამიან შეფუთვას 500 დოლარადაც ყიდის.

 

კომენტარები