დილით ხაში, ზედ ლავაში!

გუშინწინ ჩემი მეგობრის დაბადების დღე იყო. კერძო ბიზნესი აქვს და ბოლო წლებია, დაბადების დღეს საკუთარ ოფისში იხდის. ძველ უბანში ბინა აქვს ნაქირავები და იქ შლის ხოლმე სუფრას. ოჯახიდან მოაქვს რაღაც-რაღაცები, გემრიელობები, ერთ ჩვენს მეღვინე მეგობარს ღვინო მოაქვს და კარგადაც ვილხენთ ხოლმე.

ცოტა ადრე მივედი, სუფრა გაშლილი კი იყო, მაგრამ ზედ არაფერი იდო. თურმე menu.ge-ს კურიერს ელოდებოდა. ეს სასიამოვნო სიახლე იყო. მოვუყევი, რომ menu.ge-ზე ბლოგერად დავიწყე მუშაობა და ამ მოულოდნელმა დამთხვევამ ორივე გაგვახალისა.

კურიერი დროულად მოვიდა და ნახევარ საათში მაგარი სუფრაც გაიშალა. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, უგემრიელესი კერძები, ფანტასტიკური კახური ღვინო, საუკეთესო მეგობრები – მეტი რა გინდა, სულო და გულო?! მაგარი დრო გავატარეთ, ისე მოვილხინეთ, დაშლა აღარ გვინდოდა…

ხაში

მოკლედ, ბევრი დავლიე და შედეგიც შესაბამისი მივიღე: დილით თავი ძლივს ავწიე ბალიშიდან. უამრავი საქმე მქონდა გასაკეთებელი, რამდენიმე ტექსტია დასაწერი, ასეთ მდგომარეობაში კი კომპიუტერთან ჩემს მისვლას არანაირი აზრი არ ჰქონდა, მაინც არაფრის გამკეთებელი ვიყავი. სასწრაფოდ რამე უნდა მეღონა და გამოსავალი თავისით მოიძებნა – რაღა თქმა უნდა, menu.ge! რუკაზე მოვძებნე უახლოესი რესტორანი, რომლის მენიუშიც ხაში იყო. „უახლოესი“ იმიტომ, რათა კურიერს დიდი გზა არ ჰქონოდა გასავლელი და ხაში არ გაცივებულიყო (მაგდენი კი გააანალიზა ჩემმა ნაბახუსევმა ტვინმა). შეკვეთა საიტზე გავაფორმე, მალევე ქოლ-ცენტრიდან გოგონამ დამირეკა და მითხრა, რომ კურიერი 40 წუთში მოიტანდა შეკვეთას. რა გაეწყობოდა, ბედს შევეგუე, მაგრამ კურიერი 25 წუთში მოვიდა – დაპირებულზე 15 წუთით ადრე! ხაში სპეციალური, ღრმა პლასტიკური თავსახურიანი მათლაფით მომიტანეს და ისეთი ცხელი იყო, კიდევ 5 წუთი გაგრილებას ველოდი (ანუ ჩემი ვითომ წინდახედულობა სულ არ ყოფილა საჭირო). მოკლედ, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა…

ხაში უებარი საშუალებაა ასეთ სიტუაციებში. საბედნიეროდ, გარეთ გასასვლელი არ ვიყავი, ამიტომ დანაყული ნიორიც ბლომად ჩავამატე და ერთი სირჩა არაყიც დავაყოლე. თერაპიამ წარმატებით ჩაიარა და მაქსიმალური ეფექტი მოიტანა – ხაშმა მიშველა, რა თქმა უნდა. ორგანიზმი ნორმალურად ამუშავდა და აზრებიც თანდათან დალაგდა. ცოტა ხანში ნორმაში მოვედი და საქმესაც შევუდექი.

ჰოდა, დღევანდელი ბლოგის თემაც სწორედ ესაა – როგორ ვუშველოთ თავს, როცა წინა დღეს ზედმეტი გვაქვს დალეული. პირველი და აბსოლუტურად სწორი მეთოდია ზომიერად დალევა. ალკოჰოლთან ხუმრობა არ ვარგა. გონივრულ ფარგლებში ალკოჰოლურ სასმელებს სარგებელიც კი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის. მაგრამ რაკი ეს საქართველოა – ღვინის სამშობლო, თამადების და მოქეიფე ხალხის ქვეყანა – აქ გონივრული საზღვარის გავლება ყოველთვის გვიჭირს.

ამდენად, უნდა ვიცოდეთ რეაბილიტაციის ხერხები და წესები. მამათა და პაპათა მიერ გამოცდილი, საიმედო მეთოდია დილის ხაში. თავიდანვე დავძენთ, რომ ესაა უჯანსაღესი საკვები – საქონლის ჩლიქებისა და ფაშვის ნახარში. მოხარშული ხორცი ცილის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, ნაკლებად ცხიმიანია. ორგანიზმისთვის დიდი სარგებელი ხაშში არსებულ ჟელატინს მოაქვს. ჟელატინში შემავალი ნივთიერებები ძვლის ქსოვილს აღადგენენ. და ზოგადად, დაბალ ცეცხლზე ხანგრძლივი ხარშვისას ყველა ვიტამინი და სასარგებლო ნივთიერება უცვლელი, დაუშლელი რჩება და ეს ყველაფერი ნიორთან ერთად საუკეთესოდ აღადგენს ძალებს, დამამშვიდებლად მოქმედებს ნაბახუსევით გაღიზიანებულ კუჭზე და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

გაითვალისწინეთ, რომ ხაშთან ერთად ქეიფი არ ვარგა. მაქსიმუმ 2-3 სირჩა არაყია დასაშვები, არავითარ შემთხვევაში არ მიაყოლოთ ლუდი, ღვინო ან კონიაკი.

და menu.ge აქაც შეუცვლელია. ზემოთ ჩემი პირადი, თან სულ ახალი გამოცდილება გაგიზიარეთ, დარჩა მხოლოდ რესტორნის შერჩევა. მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი – ულუფა იმხელა იყო, ბოლომდე ვერც მოვერიე, საერთოდაც ორად გავყავი. ხორციც უგემრიელესი გამოდგა. მოკლედ, დაჟინებით გირჩევთ „პახმელიაზე“ ამ მამაპაპური მეთიდით გამოსლას. როგორც ძველები ამბობდნენ, დილით ხაში, ზედ ლავაში

ჰო, ლავაში მართლაც საოცრად უხდება ხაშს – აი, ის, გაბრტყელებული ფურცლები, სომხურ ლავაშს რომ ვუწოდებთ, ნებისმიერ სუპერმარკეტში იყიდება.

მაგრამ ხაში სულაც არაა ჩვენი ერთადერთი მოკავშირე 1 იანვარს (და მომდევნო დღეებშიც) მოსალოდნელ სირთულეებთან გამკლავების ფრონტზე. ზოგს ჩიხირთმა უყვარს – ქათმის ბულიონზე დამზადებული ასევე ტრადიციული წვნიანი, რომელშიც ძმარს ამატებენ და რომელიც ასევე შესანიშნავად ამშვიდებს ნაბახუსევ ორგანიზმს.

თათარიახნიც (თათარიახლი) ძალიან სასარგებლოა – უმარტივესი კერძი. ესაა ხახვთან და ნიახურთან ერთად მოხარშული საქონლის მკერდის წვნიანი, რომელიც მშვენივრად აღადგენს ძალებს. ისევე, როგორც უხა – თევზის წვნიანი. რაც უკეთესია თევზი, მით გემრიელია სუპი. მაგალითად, შესანიშნავი გემო აქვს სიომგის უხას, ორაგულის სუპიც ძალიან გემრიელია…

ადრე ძალიან პოპულარული იყო მაწვნის შეჭამანდი, ე.წ. ოკროშკაც ძალზე დაგიამებთ ზედმეტი ალკოჰოლის მიღებით დატანჯულ და ანთებულ კუჭს, მაგრამ ეს უფრო საზაფხულო თერაპიის თემაა, რომ აღარაფერი ვთქვათ ქართული გაზაფხულის კულინარიულ სიამაყეს – ჩაქაფულს, რომელიც თავისი ვიტამინებით, არომატებითა და სხვადასხვა გემოების არაამქვეყნიური ბუკეტით სასიცოცხლო ძალებს უსწრაფესად აღადგენს. გაზაფხულიო, ზაფხულიო, მაგრამ ქართულ რესტორნებში ნაახალწლევსაც შეიძლება „ოკროშკისა“ თუ ჩაქაფულის შეკვეთა. რა პრობლემაა?!

ახლა მოდაში სოკოს წვნიანები შემოვიდა – ცხარე, პიკანტური სანელებლებით შეკმაზული, მაგრამ ხაშის დარი დადებითი ეფექტი, ცხადია, არცერთ სხვა ე.წ. საპახმელიო კერძს არ მოაქვს. ასე რომ, არ დაიტანჯოთ თავი და კუჭი. ამგვარი პრობლემების გადაჭრა ძალზე მარტივადაა შესაძლებელი. რჩევას გავიმეორებ – აირჩიეთ რესტორანი უზარმაზარი და შთამბეჭდავი სიიდან და დანარჩენზე კი menu.ge-ს მენეჯმენტი იზრუნებს. ამ კომპანიაში სისტემა საათის მექანიზმივითაა აწყობილი. ისარგებლეთ, არ გაწბილდებით. შთაბეჭდილებები კი კომენტარების სახით გამიზიარეთ, როცა მოიცლით.

გილოცავთ ახალ წელს! თქვენი გურამ მანია.

კომენტარები