ეპიზოდი მესამე და დასკვნითი: ხაჭაპური, ჯონჯოლი და გოზინაყი!

თითქოს, ყველაფერი ჩამოვთვალეთ, ყველაფერზე ვისაუბრეთ და ორი მიმოხილვა სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო თბილისური საახალწლო სუფრის აღწერისთვის.  მაგრამ ჭეშმარიტებისგან ჯერაც საკმაოდ შორს ვყოფილვართ. აბა, როგორ უნდა ვიყოთ ბოლომდე კმაყოფილები, როცა არც ხაჭაპური გვიხსენებია, არც ჩურჩხელა და არც კიდევ უამრავი აუცილებელი კერძი თუ ატრიბუტი.

ჰოდა, ხაჭაპურსაც მივადექით და მას, ალბათ, არც უნდა დიდი წარდგენა. პრინციპში, თბილისურ საახალწლო სუფრაზე სრულიად განუმეორებელ აჭარულ ხაჭაპურს ვერ შეხვდებით. ეს სხვა პიესიდანაა. არც შესანიშნავი აჩმა და არც არანაკლებ გემრიელი მეგრული იყო ადრე დიდად პოპულარული. ძირითადად, მრგვალი იმერული ხაჭაპურის გამოცხობა იყო წესად. ბევრ თბილისურ ოჯახში დიასახლისი საახალწლოდ გაზქურის საცხობ ღუმელში ფენოვან ხაჭაპურს აცხობდა, დღეს კი ეს შრომატევადი პროცესი აღარაა იმდენად პოპულარული. დავაზუსტოთ: კერძი – დიახ, ძველებურად პოპულარულია, ცხობის პროცესი – აღარ. უამრავი რესტორანი, კაფე, სამზარეულო თუ საცხობი არსებობს, საიდანაც სავსებით ხელმისაწვდომ ფასში შინ მოგართმევენ ამ უგემრიელეს ქართულ ფენომენსა და ქვეყნის ბრენდს. დიასახლისებს თან დროის ეკონომია გამოსდით, თან თავს იზღვევენ ლაფსუსებისგან და აღარც უხარისხო გაზქურის ღუმელისთვის მოუწევთ ხაჭაპურის არასათანადო ხარისხის გადაბრალება. ეს, რაღა თქმა უნდა, ხუმრობაა, საქართველოში ხაჭაპურის ცხობა ყველას ეხერხება!

khachapuri

მწნილიც მნიშვნელოვანია. რაღა თქმა უნდა, ჯონჯოლის მწნილი გამორჩეულია თავისი გემოთი და ვიზუალური მხარით, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და კახური სურნელოვანი ზეთი ხომ თითქოს საგანგებოდ ჯონჯოლისთვისაა გამოგინილი, მაგრამ ბევრ დედაქალაქურ ოჯახში საახალწლო სუფრაზე იხილავთ სხვა სახეობებსაც – კიტრის, ნივრის, წიწაკის, პომიდვრისა და კიდევ რამდენიმე სახეობის მწნილებს. გააჩნია, ვის რა უყვარს. მთავარი კი მწნილის დანიშნულებაა – ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება მწნილის დახმარება, რათა მძიმე, ცხიმიანი საახალწლო საკვები იოლად მოინელოს…

jonjoli

მრავალფეროვნებასა და ვიზუალურ დახვეწილობაში დიდი როლი შემდეგ წვრილმანებს აკისრია: ზეთისხილი – ნაკლებადაა მნიშვნელოვანი, შავი თუ მწვანე, კურკიანი თუ უკურკო, მთავარია, გემრიელი იყოს; ლორი ან შაშხი; ძალზე პოპულარულია სომხური კერძები – სუჯუხი და ბასტურმა, შესაბამისად უმად გამოყვანილი დაბრტყელებული ძეხვი და უმადვე გამოყვანილი საქონლის ხორცი წიწაკიან გარსში; პიტნით შეკმაზული უგემრიელესი ნადუღი არანაკლებ გემრიელ სულგუნის ფურცელში, ღომი, ელარჯი, მჭადი…

ყველი. ეს აუცილებელია. აქაც დიდი არჩევანია – ყველი შეიძლება იყოს სულგუნი, გუდის, იმერული, „ქარხნული“… გააჩნია, ბიუჯეტი რას გაწვდება. ერთ სუფრაზე ერთბაშად რამდენიმე სახეობის ყველიცაა დასაშვები, აქ შეზღუდვა არ არსებობს.

cheese

ასევე ტყემლის და პომიდვრის საწებლები, მდოგვი, ძმარი (ხშირად – ქინძმარი), აჯიკა – ზედმეტი არაფერი იქნება, ეს მრავალფეროვნება კი ქმნის განწყობას. როგორც ცნობილია, გასტრონომიული მრავალფეროვნება დადებითად აისახება ადამიანის ნერვულ სისტემაზე. მთავარია, ზომიერება დაიცვა.

დაბოლოს, ტკბილეული. გარდა იმისა, რომ თოვლის პაპას და საჩუქრებს ელიან, ქართველ ბავშვებს ახალი წელი იმიტომაც უყვართ გამორჩეულად, რომ აუცილებლად ჩაიტკბარუნებენ (ეს რბილად და მოკრძალებულადაა ნათქვამი) პირს უგემრიელესი გოზინაყით, ჩურჩხელითა და ათასგვარი ჩირით – ხურმის, ვაშლის, შავი ქლიავის, ლეღვის, მსხლის და რისი აღარ!.. როგორ ტკბილად მახსენდება ბავშვობა, როცა ახალი წლის დადგომისთანავე დედა და მამა გოზინაყს გვაწვდიდნენ ბავშვებს – ისეთივე ტკბილი წელი გქონდეთ, როგორიც ეს გოზინაყიაო, გვეუბნებოდნენ.

gozinaki

ჰო, კიდევ შოკოლადიც, კანფეტებიც! კანფეტს საახალწლო დღეებში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. სახლიდან რომ გადიხარ, კანფეტებით აუცილებლად უნდა გაივსო ჯიბეები, სტუმრად მისულმა უნდა მიართვა ეს ტკბილეული და ტკბილი წელი უსურვო. გოზინაყს ჯიბეში ვერ ჩაიდებ და კანფეტი ასეთ სიტუაციაში იდეალურია.

…და იმაზეც ჩამოვაგდოთ ორიოდე სიტყვა, თუ რა სასმელი უხდება ქართულ საახალწლო ტკბილეულს. ოდესღაც პაპამჩემმა მასწავლა, ჩურჩხელას საფერავი უხდებაო, ქინძმარაული, მუკუზანი და ხვანჭკარა, ანუ კარგი წითელი ღვინოო, და მართალიცაა, ამ საქმის უბადლო მცოდნე იყო ცხონებული. მეორე პაპა კი, კაკლის ტიხრებით შეფერილი სურნელოვანი ჭაჭის არყით სავსე ლამაზ ბროლის გრაფინს ან კარგ სომხურ კონიაკს გამოიღებდა კარადიდან და გოზინაყითა და თითო სირჩით თათარიახნად გაგვიმასპინძლდებოდა ხოლმე ახალმისულებს. ამ ქალაქში ასე იყო წესად და დღესაც ასეა!

გემრიელ ახალ წელს გისურვებთ!

კომენტარები