ფრანგული სინატიფის დღესასწაული

ბორდოს ღვინის ფესტივალი „Bordeaux Fete le Vin” – ესაა ბორდოული და აკვიტანიური ღვინისადმი მიძღვნილი დღესასწაულია. საყოველთაო ზეიმია – იმ ადამიანების, ვინც ამ ღვინოს ქმნის, და მათიც, ვისთვისაც იქმნება ეს ღვინო. ეს ფესტივალი მსოფლიო ღვინის ერთ-ერთ დედაქალაქ ბორდოში ორ წელიწადში ერთხელ, ლუწი წლების ივნისში ტარდება. და წლეულს ეს ზეიმი 14-18 ივნისს გაიმართება.

ბორდოს რეგიონი ოდითგანვე სახელგანთქმული იყო თავისი მეღვინეობით, ამ რეგიონში ღვინით განსაკუთრებით მდიდარი საფრანგეთისთვისაც კი გამორჩეული ხარისხის ღვინოს აყენებენ და ეს 5-დღიანი ფესტივალი ასევე გამორჩეული მოვლენაა მსოფლიო ღვინის ფესტივალებს შორის.

პირველად ღვინის დღესასწაული ბორდოში 1998 წელს გაიმართა. მისი ინიციატორი ქალაქის მერი ალენ ჟიუპე გახლდათ, ვისაც ამ ღონისძიების მოწყობაში დაეხმარნენ ამ სფეროში მოღვაწე წარმატებული კომპანიები CIVB და Bordeaux Grands Evenements. ამ ინიციატივის მიზანი იყო, საუკეთესო ბორდოელ მეღვინეებს მსოფლიო გაცნობოდა და ეს ღვინის ადგილობრივი მწარმოებლების პირდაპირი მხარდაჭერა გახლდათ. და იდეამ გაამართლა, რადგან ღვინის ბორდოულმა დღესასწაულმა უმალ მოიპოვა დიდი პოპულარობა და საერთაშორისო გახდა.

დღეს ეს უკვე ტრადიციული ფესტივალია. მას ასიათასობით ღვინის ჭეშმარიტი მოყვარული და უბრალო ტურისტი სტუმრობს ხოლმე. მათი მიზანიც ნათელია – დააგემოვნონ ბორდოული და აკვიტანიური ღვინოები და მთელ ამ გასაოცარ მრავალფეროვნებას პირადად და უშუალოდ გაეცნონ.

ფესტივალს საზეიმო პროცესია ხსნის: ბორდოს მთავარ მოედან პლას დე ლა ბურისკენ მიემართება ისტორიულ კოსტიუმებში გამოწყობილი, ღვინის მწარმოებელთა საამხანაგოს წევრებთა ჯგუფები, რის შემდეგაც ქალაქის მერი ფესტივალს გახსნილად აცხადებს. იმ მომენტიდან მოყოლებული, ზეიმის მთავარი მოქმედი პირი ღვინო ხდება. ღვინის ყველა ტრფიალს, დამფასებელსა და უბრალო მოყვარულს შესაძლებლობა ეძლევა, ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ფრანგული ღვინოები დააჭაშნიკოს. 5 დღის განმავლობაში, ყოველი დილის 11 საათიდან შუაღამემდე, ყველა სტუმრისთვის სადეგუსტაციოდ გამოტანილია უნატიფესი ღვინის 57 ბორდოული და 23 აკვიტანიური სახეობა, ასევე ადგილობრივი კულინარიული დელიკატესები.

როგორც წესი, მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები მდინარე გარონას სანაპიროებზე იმართება, სადაც საფესტივალოდ საგანგებოდაა აგებული ცნობილი ფრანგული ღვინოების პავილიონები: „Cotes de Bordeaux“, „Saint-Emilion“, „Pomerol“, „Fronsac“, „Medoc“, „Graves“… ეს ნამდვილი „ღვინის გზაა“, რომელიც რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. იქვეა ადგილობრივი მცირე და ოჯახური მეღვინეობის წარმომადგენელთა პავილიონებიც. ფესტივალის პროგრამა ძალზე დატვირთულია. აქ იმართება ღვინის დეგუსტაციის სესიები და სემინარები, ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენები, მასტერ-კლასები, სადაც დაინტერესებულ სტუმრებს ღვინის სწორად დალევასა და ზიგადად, ღვინის ცნობას ასწავლიან. ექსპერტები ერთმანეთს ღვინის სახეობების გამოცნობაში თვალდახუჭულები ეჯიბრებიან, თან ასახელებენ არათუ უბრალოდ ღვინის სახელწოდებას, არამედ მოსავლის წელიწადს და წარმოების ადგილმდებარეობას. გარდა ამისა, ფესტივალის სტუმრებსა და მონაწილეებს ელით ცოცხალი მუსიკის კონცერტები, თეატრალიზებული წარმოდგენები, სხვადასხვა შოუები, შეჯიბრება ღვინის კასრების გადაგორებაში, ღვინის საამხანაგოების აღლუმები… მოკლედ რომ ვთქვათ, იმ 5 დღის განმავლობაში ბორდოში მოსაწყენად არავის სცალია.

განსაკუთრებით პოპულარული კი დიდი ნადიმია, რომელსაც ღვინის ღმერთის – ბახუსის სადიდებლად მართავენ. გარონის მარცხენა სანაპიროზე მისვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ყველას რაღაც სასუსნავი მოაქვს, ღვინის მოტანის აუცილებლობა აქ ნამდვილად არ არსებობს, და მთელი ეს ქეიფი იმართება ერთადერთ, სადღესასწაულოდ დადგმულ რამდენიმეკილომეტრიან სუფრასთან. გარდა ამისა, ბორდო არის არაჩვეულებრივად ლამაზი ქალაქი, მისი არქიტექტურა „იუვესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის“ სიაშია შეტანილი, ამდენად ამ ქალაქის ქუჩებში უბრალო ხეტიალიც არ შეიძლება დროის ფლანგვად ჩაითვალოს. ხოლო ვისთვისაც „ბორდო“ უპირველესად „ღვინო“-ს ასოციაციას იწვევს, მათაც შეუძლიათ ექსკურსიაზე წასვლა, ოღონდაც თემატურზე – რომელიმე ცნობილ რეგიონულ ვენახში ან ღვინის ქარხანაში.

საერთოდაც, ფესტივალის დღეებში ბორდოში ღვინოსთან ნაკლებად დაკავშირებული ყველა კუთხე-კუნჭულიც ქეიფსა და დროსტარებას სთავაზობს ქალაქის სტუმართა მრავალათასიან არმიას. ბორდოს მრავალრიცხოვან კაფეებში ნამდვილი ფრანგული სამზარეულოს ყველა მარგალიტის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

აქ ისეთი კულინარიული მრავალფეროვნებაა, მიუჩვეველი ადამიანი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. „შებოლილი იხვის მკერდი აკვიტანიურად“, „ფუა გრა, ანუ პერიგოული ბატის ღვიძლი“, „ოსო-ირატის ცხვრილ დაპრესილი ლეგენდარული ყველი“, „არკაშონის ყურეში დაჭერილი ხამანწკები“ – ესაა ფრანგული სამზარეულოს შედევრები და მსოფლიო გურმანები, თუნდაც ღვინო არ უყვარდეთ, ორ წელიწადში ერთხელ, ივნისში ბორდოში თავს აუცილებლად იყრიან. ასეთი გასტრონომიული ფეერიის გამოტოვება როგორ შეიძლება?!

ზეიმს გრანდიოზული ფეიერვერკი აგვირგვინებს – ესეც იშვიათად ლამაზი, ფრანგულად დახვეწილი სანახაობაა. ზუსტად ისეთი, როგორიც მთელი 2 წელიწადი არ იშლება მეხსიერებიდან. 2 წლის შემდეგ კი მორიგი Bordeaux Fete le Vin-ის დროც მოვა…

კომენტარები