გერმანული ძეხვეული. ეპიზოდი II: ბოკვურსტი, ლებერვურთი და სხვა

ჩვენი ბლოგის პირველ ნაწილში გერმანული ძეხვეულის 4 ღირსეულ წამომადგენელზე ვისაუბრეთ, მაგრამ უყურადღებოდ დაგვრჩა უთვალავი რაოდენობა. მოგეხსენებათ, გერმანიის პრაქტიკულად ყველა ქალაქსა და მხარეს აქვს თავისი „საფირმო“ ძეხვი, სარდელი თუ სოსისი. ამდენად, პირველი ნაწილის პრინციპს არ ვუღალატეთ და მხოლოდ ყველაზე ცნობილ სახეობებზე გიამბობთ. თქვენს წინაშეა გერმანიის სიამაყე – ბოკვურსტი, ნიურნბერგერ ბრატვურსტი, ლებერვურსტი, კარივურსტი და ბლუტვურსტი!

 

ბოკვურსტი

ბოკვურსტი ღორის ხორცისა და ქონისგან შედგება, მაგრამ ხანდახან ამ სარდელის მომზადებისას ცოტაოდენი საქონლის ხორციც გამოიყენება. ფარშში საკვებ ყინულს ამატებენ – რათა მშრალი არ იყოს, ხოლო განუმეორებელ გემოს ბოკვურსტს ისეთი სანელებლები სძენენ, როგორიცაა მაცისი (მუსკატის ფერი), ჯანჯაფილი, პაპრიკა და ქინძი. სარდელებს 60 წუთის განმავლობაში ბოლავენ, ხოლო მირთმევამდე მსუბუქად ხარშავენ.

bokwurst

ნიურნბერგერ ბრატვურსტი

ესაა გერმანული ძეხვეულის ერთ-ერთი ყველაზე მცირე ზომის წარმომადგენელი – 7-9 სმ სიგრძისა და 20-25 გრ წონის. მზადდება მსხვილად დაკეპილი ღორის ხორცისგან. მთავარი სანელებელია ბეგქონდარა – ნიურნბერგერის გემოს განმსაზღვრელი. ამ ძეხვს გრილზე წვავენ, განსაკუთრებით გემრიელი კი ბრატვურსტის ეს სახეობა მაშინაა, თუ შეიწვება ღია ცეცხლზე, წიფელის ნაკვერჩხალზე.

ლებერვურსტი

ლებერვურსტი თავისი კონსისტენციით უფრო პაშტეტთანაა ახლოს, ვიდრე ძეხვთან. ეს იმით აიხსნება, რომ მისი შემადგენლობის 40% ღორის ღვიძლს უკავია. აი, დანარჩენი ინგრედიენტები კი კონკრეტულ რეცეპტზეა დამოკიდებული. რეცეპტების რაოდენობა კი უზარმაზარია. მათზე საუბარი ამოუწურავი თემაა, ამიტომ მხოლოდ ინგრედიენტებს ჩამოვთვლით, რომლებიც ლებერვურსტის ამა თუ იმ სახეობაში გამოიყენება:

ხახვი, მარილი (არაიოდირებული), პილპილი, იამაიკური წიწაკა, მუსკატი, ხმელი რეჰანი და ქონდარი.

კარივურსტი

ესაა წვრილად დაკეპილი ღორის ხორცისგან დამზადებული სარდელი, ხანდახან საქონლის ან ხბოს ხორცის დამატებით. ამ ძეხვს რამდენიმე წუთი ზეთში წვავენ, მერე პატარა ნაჭრებად ჭრიან, მიირთმევენ კეტჩუპსა და კარის ფხვნილისგან დამზადებული საწებლით.

მართალია, კარივურსტი გერმანიის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული, მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობით ბერლინში სარგებლობს. ეს ამ სარდელის მშობლიური ქალაქია. კარივურსტის გამომგონებლად ჰერტა ჰოივერი მიიჩნევა. 1949 წელს მან შექმნა ორიგინალური სოუსი პოპულარული ინდური სუნელის – კარის ფხვნილის, ვუსტერის სოუსის და კეტჩუპის გამოყენებით. ეს უკანასკნელი გერმანიაში პოპულარული ამერიკელი სამხედროების წყალობით გახდა, რომლებიც იმ წლებში გერმანიაში გასაგები მიზეზების გამო უხვად იყვნენ. ჰოდა, ფრაუ ჰერტამ თავისი „პირმშო“ ჩვეულებრივ სოსისს მოასხა…

მოკლედ, ეგზოტიკურმა საწებელმა ომიანობით დამშეულ ბერლინელებს შორის დიდი პოპულარობა მოიხვეჭა და 1959 წელს ჰერტა ჰოიზერმა თავისი სოუსი დააპატენტა. რამდენიმე წლის განმავლობაში ანალოგიური რეცეპტურის კარივურსტით მოვაჭრე კიოსკების ქსელმა ჯერ მთელი დასავლეთი ბერლინი მოიცვა, შემდეგ კი გერმანიის სხვა რეგიონებიც დაფარა.

ბლუტვურსტი

ბლუტვურსტი – სისხლის ძეხვი. დიახ, დიახ, ამ ძეხვის მთავარი ინგრედიენტი ხარის, ხბოს და/ან ღორის სისხლია. ძეხვის შიგთავსის კონსისტენციის გასამაგრებლად სხვადასხვა ინგრედიენტებს ამატებენ. თან ყოველ კულინატს თავისი რეცეპტი აქვს: ზოგიერთი ლორითა და საკმაზებით გადის ფონს, სხვები სისხლში მოხარშულ ბურღულეულს, შემწვარ ხახვსა და სუბპროდუქტებს ურევენ. მისართმევად კი, სუფრაზე იდება როგორც ცხელი, ისე ცივი ბლუტვურსტი – ვის როგორ უყვარს.

ვიმეორებ, ლუდზე ოდნავ მოგვიანებით!.. აბა, გემრიელად!

 

კომენტარები