გერმანული ძეხვეული. ეპიზოდი I: ტრადიცია და მრავალფეროვნება

ყველამ კარგად იცის და სადავოც არაა, რომ გერმანია, როგორც მრავალ სხვა დარგში, მსოფლიო ლიდერი ძეხვეულის მრავალფეროვნების მხრივაცაა. დედამიწის არცერთ სხვა ქვეყანაში არ აწარმოებენ ძეხვეულის ამდენ სახეობას, რამდენიც გერმანიაშია, და წარმოუდგენელია, იქ თუნდაც ერთხელ ნამყოფი ადამიანი არ მოხიბლულიყო ამ გასტრონომიული საოცრებით. თანაც თითოეულ სახეობას თავისი სახელი აქვს, საფირმო რეცეპტურაც და მომზადების ტექნოლოგიაც. მერე რა, რომ არაგერმანელებს საკმაოდ უჭირთ ამ ძეხხვეულის სახელების სწორად გამოთქმა. მთავარი ისაა, რომ ამ ჭეშმარიტად გერმანულ ნაწარმს გულგრილი ჯერ არავინ დაუტოვებია.

წარმოიდგინეთ, რომ ქართულ რესტორანში შეუკვეთავთ ღვინოს და არ დააკონკრეტებთ, რომელი ღვინო გსურთ. ეს დაახლოებით იგივეა, თუ გერმანიაში „გერმანულ ძეხვს“ ან „გერმანულ სოსისს“ მოითხოვ და არ დააკონკრეტებ, კერძოდ რომელ სახეობას გულისხმობ.

ჰოდა, რათა გერმანიაში ან საქართველოში მდებარე გერმანულ რესტორნებში ან ლუდის ბარებში არ შერცხვეთ, ზედმეტი სულაც არ იქნება, თუნდაც რამდენიმე ყველაზე პოპულარული ძეხვის, სოსისის თუ სარდელის სახელწოდება დაიმახსოვროთ და თან მათი მომზადების საინტერესო დეტალებიც შეიტყოთ. ამ ბლოგში ჩვენ ორ ნაწილად მიმოვიხილავთ გერმანელების უსაყვარლეს სახეობებს, ასე უფრო მარტივი იქნება გერმანიის ამ სიამაყესთან გაცნობა. ლუდზე მერე ვისაუბროთ.

ფრანკფურტერ რინდსვურსტი

რინდსვურსტი ან ფრანკფურტის ძეხვი მხოლოდ საქონლის ხორცის ფარშისგან მზადდება, რომელშიც ურევენ თეთრ წიწაკას, პაპრიკას და კვერცხის ათქვეფილ ცილას. ძეხვი ცხელი შებოლვის მეთოდით, 1-1,5 საათის განმავლობაში მზადდება. მაინის ფრანკფურტის გასტრონომიული სავიზიტო ბარათი გემრიელია, როგორც მოხარშული, ისე შემწვარიც. ლუდთან ერთად, ცხადია…

frankfurter rindswurst

ბრატვურსტი

ეს ძეხვი ღორის ხორცისგან მზადდება. ფარშს სუნელებით კმაზავენ – ხმელი კამით, მუსკატით, ნივრით, ილით, ბეგქონდარათი. სუნელების პროპორციები არაა დაწესებული, ამიტომ ყველა მზარეულს თავისებური გემოს ძეხვი გამოსდის. მზა პროდუქტს გრილზე ან ტაფაზე მსუბუქად წვავენ, ხოლო ბრატვურსტის ტრადიციული გარნირის როლს კომბოსტოს მწნილი ან შემწვარი კარტოფილი ასრულებს. სწრაფი კვების ობიექტებზე კი ბრატვურსტი ფუნთუშაში ჩადებული, მდოგვით, კეტჩუპით ან პირშუშხით შეკმაზული იყიდება.

Bratwurst

ტიურინგერ როსტბრატვურსტი

ტიურინგიულ ძეხვს წვრილად დაკეპილი ღორისა და საქონლის ხორცისგან ამზადებენ, თანაც ორივე სახეობა მჭლე უნდა იყოს. სანელებლები: ნიორი, ბეგქონდარა და კვლიავი. ასევე, ბუნებრივია, მარილი და წიწაკა. ტიურინგერი გრილზე იწვება ხოლმე. ეს ძეხვის ის სახეობაა, რომელსაც შეწვის პროცესში ლუდს ასხამენ. ამბობენ, რომ ტიურინგერი XV საუკუნეში (!!!) გამოგონილი კერძია.

thuringer-rostbratwurst

ვაისვურსტი

აი, ეს კი, ალბათ, ყველაზე სახელიანი ბავარიული ძეხვია. ვაისვურსტის (რაც „თეთრ ძეხვს“ ნიშნავს) მოსამზადებლად გამოიყენება ხბოს ხორცი და ღორის ქონი. სწორედ ეს უკანასკნელი სძენს ამ ძეხვს თეთრ ფერს. ფარშს ემატება სუნელები, ცოცხალი ოხრახუში, ლიმონის ცედრი, კვერცხის ცილა, ხახვი და საკვები ყინული. ამ უჩვეულო „შეფერილობის“ ძეხვს ჯერ ხარშავენ ცხელ და არა მდუღარე წყალში და მერე კარაქში ოდნავ წვავენ.

Weisswurst

კომენტარები