ინგლისური სამზარეულოს პრინციპი: მარტივი და სასარგებლო!

ისევე, როგორც ყველაფერ ბრიტანულს, ინგლისურ სამზარეულოსაც ერთობ კონსერვატიული რეპუტაცია აქვს. ნაწილობრივ ასეცაა: ინგლისელებს არ უყვართ პროდუქტებთან ექსპერიმენტების ჩატარება, რაც პირიქით, ძლიერ მოსწონთ ფრანგებსა და იტალიელებს. მაგრამ ტრადიციული ინგლისური კერძების გემოს მთელ მსოფლიოში მაინც იცნობენ. დიდმა ბრიტანეთმა კაცობრიობას აჩუქა თევზისა და შემწვარი კარტოფილის კომბინაცია, პიურე, სენდვიჩები, იორკშირული პუდინგი და მრავალი სხვა უგემრიელესი რამ.

ბრიტანეთის კუნძულებზე ოდითგანვე მარტივ და ამავდროულად სასარგებლო საკვებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ამერიკიდან კარტოფილის შემოტანამდე ინგლისელთა სუფრაზე ძალიან დიდი ადგილი თევზეულს ეკავა, რაც სულაც არაა გასაკვირი ზღვით გარშემორტყმული ქვეყნისთვის. ძველ რომაელთა გავლენამ ბრიტანელებს ახალდაკრეფილ ხილ-ბოსტნეულს მიაჩვია: ვაშლს, სატაცურს, კიტრს, ყაბაყს და ა.შ., ხოლო ვიკინგებმა მათ ჭვავის პური გააცნეს. აი, XVI საუკუნიდან მოყოლებული კი, ბრიტანეთმა კარტოფილის, ჩაის, პომიდვრისა და სანელებლების ათვისება დაიწყო.

ინგლისელ კულინართათვის გარდამტეხი მოვლენა ინდოეთისა და ჩინეთის კოლონიზაცია იყო, საიდანაც უცნობი და საოცარი სუნელების (მიხაკი, დარიჩინი, კარი) ტალღა წამოვიდა და ამ ტალღას აზიური კერძების რეცეპტებიც მოყვა. მაგალითად, ისეთი ტრადიციული ინგლისური კერძი, როგორიცაა ქათამი tikka masala, შექმნილია ინდურ რეცეპტურაზე დაყრდნობით. მაგრამ მსგავსი ფაქტები არცთუ მრავლადაა და ინგლისს თამამად შეუძლია, იამაყოს უძველესი კულინარიული ისტორიით: მეფე რიჩარდ II-ის კარის მზარეულმა XIV საუკუნეში დაწერა კულინარიული წიგნი, რომელშიც ადგილობრივი პროდუქტებით შექმნილი წმინდა ინგლისური რეცეპტების დიდი მრავალფეროვნებაა აღწერილი.

დღეს ინგლისში პროდუქტებისა და სანელებლების დიდი მრავალფეროვნებაა, მაგრამ ბრიტანელები ძირითადად ნაცად კერძებს ენდობიან. დილით ძველებურად ერბოკვერცხსა და ბეკონს, ომლეტსა და შვრიის ფაფას მიირთმევენ. ამას დრო ვერ ცვლის.

ბრიტანული სადილი – ესაა მსუბუქი საუზმეული, მრავალფეროვანი სენდვიჩები: თევზით, შაშხით, ყველით ან ქათმის ხორცით. ინგლისელები ყველაფერს თავისი საყვარელი მდოგვითა და მაიონეზით კმაზავენ. უყვართ ბოსტნეულისა და ხორცის ბულიონებით დამზადებული სოუსები. ვახშამი: ბოსტნეულის კრემ-სუპი, განსაკუთრებით პოპულარულია ტომატის. ვახშმის მეორე კერძია საქონლის სტეიკი შემწვარი კარტოფილისა ან პიურეს გარნირით.

ამასთან, აბსოლუტურად გამორიცხულია, გვერდი tea time-ს ავუაროთ – ინგლისელის გენში გამჯდარ რიტუალს, რომელიც დღის 3-5 საათზე ჩაის სმას გულისხმობს. ჩაის აყოლებენ ტკბილ პუდინგებს, კექსებსა და ხილის შიგთავსიან ნამცხვრებს. კიდევ ერთი ურყევი ტრადიციაა კვირის სადილი, რომლის მთავარი კერძია შემწვარი ინდაური, მოხარშული საქონლის ხორცი, ან ბოსტნეულთან ერთად მომზადებული ქათამი. დესერტად – იორკშირული პუდინგი.

და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოშიც შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერი ტრადიციული ინგლისური კერძის შეკვეთა, იქნება ეს ქათამი tikka masala, ათასგვარი სენდვიჩები, ბოსტნეულის კრემ-სუპები, საქონლის სტეიკი, ჩაი პუდინგით თუ, გაგიკვირდებათ და, შვრიის ფაფაც კი! ჩვენი საიტის საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ სასურველი კერძი და შემდეგ რესტორნის, ფასის და მიტანის დროის გათვალისწინებით გააკეთოთ არჩევანი, დანარჩენი კი Menu.ge-ს გამართული მენეჯმენტისა და უსწრაფესი კურიურების საქმეა.

აბა, გემრიელად!

კომენტარები