კარტოფილი, ინკები, პეტრე I და კილო 500 ევროდ

ალბათ ყველამ იცის, რომ კარტოფილი ევროპაში სამხრეთ ამერიკიდანაა ჩამოტანილი. მაგრამ რასაც ახლა გეტყვით, ტყუილად მოგეჩვენებათ: საქართველოში კარტოფილის პირველი ნათესები XIX საუკუნის 20-იან წლებში გაჩნდა, ანუ ჯერ 200 წელიც არ შესრულებულა, რაც ეს უმნიშვნელოვანესი სასოფლო-სამეურნეო კულტურა მადლიან ქართულ მიწას მოერგო და გაუშინაურდა.

სხვათა შორის, ახლახანს, 26 აპრილს, მსოფლიომ კარტოფილის ხარშვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. კარტოფილმა ეს პატივი ალალად დაიმსახურა – თანამედროვე კაცობრიობის არსებობა კარტოფილის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ესაა ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვები პროდუქტი და დედამიწაზე მისი ნათესები 20-30 მილიონ ჰექტარს იკავებს!

ბოლივიაში, რომელიც კარტოფილის სამშობლოდაა მიჩნეული, ადგილობრივი ინდიელები ამ მცენარეს სულიერ არსებად მიიჩნევდნენ და დიდ თაყვანს სცემდნენ. ინკები უფრო შორს წავიდნენ: კარტოფილის მოხარშვისთვის საჭირო დრო მათთვის დროის ერთეულად იყო ქცეული და ინკების კალენდარი სწორედ ამ ერთეულით ითვლებოდა.

XVI საუკუნეში მოგზაურებმა კარტოფილი პერუდან ესპანეთში შემოიტანეს, იქიდან კი ეს კულტურა საფრანგეთში, იტალიაში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და გერმანიაში გავრცელდა.

საქართველოში კარტოფილი რუსეთის გავლით მოხვდა, სადაც, თავის მხრივ, პეტრე I-ს ჰოლანდიიდან ფოსტით გაუგზავნია რამდენიმე ტომარა და თან დაუბარებია – როცა თოვლი გადნება, დათესეთ, 2 თვეში ამოთხარეთ და მოხარშეთო…

სხვათა შორის, არსებობს კარტოფილის ძვირფასი ჯიშებიც, რომელთა შორის გამოირჩევა სახეობა La Bonnotte. ესაა ატლანტიკის ოკეანეში საფრანგეთის სანაპიროსთან ახლომდებარე კუნძულ ნუარმუტიეზე მოყვანილი კარტოფილის ნაყოფი, რომელიც იმდენად ნაზია, რომ მიწიდან მისი ამოღება მხოლოდ ხელით შეიძლება, ნებისმიერი ლითონის იარაღი მას აზიანებს. ამიტომაცაა, რომ ამ უგემრიელესი და უნაზესი ჯიშის კარტოფილის ერთი კილოგრამის ფასი 500 ევროს აღწევს! კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: საშუალო ბელარუსი ერთ წელიწადში თითქმის 200 კილო კარტოფილს იყენებს საკვებად. დიახ, ერთი საშუალო ბელარუსი…

თუმცა, ვის არ უყვარს ოჯახურად შემწვარი კარტოფილი? ან ახლა ძალიან მოდური – მექსიკურად შემწვარი? და გაზაფხულზე ახალი კარტოფილი – გინდ შემწვარი და გინდ მოხარშული? კამამოყრილი, მწვანე ტყემლით! მმმ, ფანტასტიკაა! და ხრაშუნა კარტოფილი ფრი?! ჩემს უმცროს შვილს, მაგალითად, შეუძლია დღეში სამჯერ სწორედ კარტოფილი ფრი მიირთვას და ნებაზე რომ მიუშვა, სხვა არაფერს გაეკარება საერთოდ. კარტოფილს თავისებური მაგია აქვს – ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ის არ უყვარს.

ასე და ამგვარად, 26-ში კარტოფილის ხარშვის საერთაშორისო დღე იყო. მართალია, 26-ს უკვე გადაცდა, მაგრამ მერე რა?! ვისაც სამზარეულოში საფუსფუსოდ არ გცალიათ, menu.ge მზადაა დაგეხმაროთ და მოგართვათ ფრიც, მექსიკურიც, ახალიც, ძველიც, შემწვარიც, მოხარშულიც, ქაშაყით თუ ხინკლის შიგთავსად – მოიძიეთ და შეუკვეთეთ, არჩევანი უზარმაზარია!

აბა, გემრიელად!

კომენტარები