ლუდის ტრფიალნო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

ლუდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია. მისი ისტორია ათასწლეულებს ითვლის, ამ სასმელის ათასობით რეცეპტი არსებობს, ხოლო მის მომხმარებელთა არმია ასობით მილიონ და შესაძლოა სულაც მილიარდობით ერთგულ თაყვანისმცემელს ითვლის. ამიტომაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მთელი დედამიწის მასშტაბით ლუდს ეძღვნება ფესტივალები, ბაზრობები და სხვადასხვა დონის დღესასწაულები.

ამ ქაფქაფა და არომატული სასმელის მწარმოებელთა თუ მოყვარულთა „პროფესიული“ დღე მრავალი ქვეყნის ოფიციალურ კალენდარში ფიგურირებს. ისლანდიური ბიორდაგურინის პოპულარობა ამ კუნძულოვანი ქვეყნის საზღვრებს შორს გასცდა, ხოლო გერმანულ ოქტობერფესტზე საუბარიც ზედმეტია – ესაა ფეერიული, გრანდიოზული ღონისძიება, რომელზეც მოგვიანებით აუცილებლად ცალკე ბლოგ-პოსტში მოგითხრობთ.

ბოლო პერიოდში კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ლუდის საერთაშორისო დღე – ამ სასმელის ყველა მოყვარულისა და მწარმოებლის ყოველწლიური არაოფიციალური დღესასწაული, რომელსაც აგვისტოს პირველ პარასკევს აღნიშნავენ. ამ დღესასწაულის სულისჩამდგმელია ამერიკელი ჯეს ავშალომოვი – ბარის მფლობელი, რომელმაც ასეთი ხერხით თავისი დაწესებულების სტუმართა რიცხვის გაზრდა დაისახა მიზნად, რეალურად კი მასშტაბური, ხალხმრავალი ზეიმი დააფუძნა.

კალიფორნიაში, ქალაქ სანტა კრუზში მდებარე ბარის მეპატრონემ დააანონსა ლუდის ფესტივალი, რომელიც 2007 წლის 5 აგვისტოს უნდა გამართულიყო. სითბო, წყურვილი, შვებულებების პერიოდი – ეს ელემენტარული მარკეტინგული ფაქტორები გაითვალისწინა ავშალომოვმა და ამ უბრალო და მარტივმა ინიციატივამ ერთობ მოულოდნელი ეფექტი გამოიწვია. თუკი 2007-ში ეს დღესასწაული იყო ლოკალური, სულ რაღაც 5 წელიწადში მან საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალის სტატუსი მოიხვეჭა. 2012 წელს ლუდის საერთაშორისო დღე იზეიმეს 5 კონტინენტის 50 ქვეყნის 207 ქალაქში! და ამაზე მასშტაბის ზრდა არ გაჩერებულა!

ლუდის საერთაშორისო დღეს გააჩნია დეკლარირებული მიზნები:

  1. შეხვდი მეგობრებს და მათთან ერთად დატკბი ლუდის გემოთი;
  2. მიულოცე ყველას – ლუდის მწარმოებლით დაწყებული, მიმტანით დამთავრებული;
  3. გააერთიანე მსოფლიო ლუდის დროშის ქვეშ, რათა ყველა ერმა ეს მოვლენა ერთ დღეს იზეიმოს.

როგორ აღინიშნება ეს დღე: ეწყობა ლუდის ახალშექმნილი ან პირიქით, ძველი სახეობის დეგუსტირება, სხვადასხვა სახალისო კონკურსი, მაგალითად, ყველაზე დიდი ღიპის შერჩევა, ლუდ-პონგის (მაგიდის ჩოგბურთის ბურთის ლუდის კათხაში შორიდან მოთავსება) ჩემპიონატი, ლუდთან დაკავშირებული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა და, რაღა თქმა უნდა, ლუდის მასობრივი სმა.

როგორც ზემოთ ითქვა, ლუდი უძველესი სასმელია. არქეოლოგიური აღმოჩენების თანახმად, დანამდვილებით ცნობილია, რომ ძველ ეგვიპტეში ლუდს ქრისტეშობამდე მე-3 ათასწლეულში ხარშავდნენ და ლოგიკურად, მისი ისტორია იმ აღმოჩენებზე ხანდაზმულია. მკვლევართა მთელი რიგი ლუდის გამოგონებას უკავშირებს ადამიანის მიერ მარცვლეული კულტურების გათავისებას – ანუ იმ ეგვიპტური აღმოჩენიდან წარსულისკენ კიდევ 7 ათასწლეული უნდა გადავთვალოთ. სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ ხორბლის კულტივირების თავდაპირველი მიზეზი ლუდის დამზადება იყო და არა პურის ცხობა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ იმდროინდელი ლუდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება დღევანდელისგან, რომელშიც ალაო და სვია შედის.

იმ სახით, რომლითაც ჩვენ ვიცნობთ, ლუდი დაახლოებით XIII საუკუნეში ჩამოყალიბდა. სწორედ მაშინ დაიწყეს მასში სვიის ჩამატება. ლუდსახარშები ჩნდებოდა ისლანდიაში, გერმანიაში, ინგლისში და ევროპის სხვა ქვეყნებში, და ყველგან არსებობდა ამ სასმელის დამზადების განსაკუთრებული საიდუმლოებები. ლუდი სხვადასხვა ოჯახური რეცეპტებით იქმნებოდა, ეს ინფორმაცია უმკაცრესად, საიდუმლოდ ინახებოდა და მამისგან შვილს გადაეცემოდა. მიჩნეულია, რომ ლუდით და ლუდის სასახელოდ თავაშვებული ნადიმების მოწყობის ტრადიცია ისლანდიიდან მოდის – ვიკინგების სამშობლოდან.

როგორც ძველად, მსგავსი დღესასწაულების მთავარი მიზანი დღესაც იგივეა – მეგობრებთან შეხვედრა და ლუდის საყვარელი სახეობით დატკბობა. ამიტომაცაა, რომ ლუდის საერთაშორისო დღეს მთავარი ღონისძიებები იმართება პაბებში, ბარებსა და რესტორნებში, სადაც დღესასწაულის მონაწილეებს ელით ზემოთ ხსენებული კონკურსები და შეჯიბრებები. მთავარია გვახსოვდეს, რომ თავისი სიმსუბუქის მიუხედავად, ლუდი მაინც რჩება ალკოჰოლურ სასმელად და უნდა დალიო იმდენი, რომ დილით ნაბახუსევმა არ შეგაწუხოს.

ლუდთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

– ლუდის ყველაზე მოყვარულ ერად გერმანელები მიიჩნევიან. ლუდის მომხმარების დონით მათ მცირედით ჩამორჩებიან ჩეხები და ირლანდიელები;

– ინგლისის პატარა და მყუდრო ქალაქ გრეით ჰარვუდში იმართება უჩვეულო შეჯიბრება: ეწყობა მამაკაცებს გარბენი 5-მილიან (8 კმ) დისტანციაზე და ამ გარბენისას მონაწილეებმა უნდა დალიონ თითო კათხა ლუდი გზად მდებარე 14 პაბში. მაგრამ ესეც არ კმარა: მონაწილეები დისტანციაზე მიაგორებენ საბავშვო ეტლებს, გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები კი შემდეგია: ჩემპიონი ხდება ის „მორბენალი“, რომელიც ფინიშზე ხსენებული ეტლის გადაუბრუნებლად პირველი მივა.

– ლუდის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საერთაშორისო კორპორაცია Anheuser Busch InBev, რომელშიც გაერთიანებულია ისეთი უპოპულარულესი ბრენდები, როგორებიცაა „ბუდვაიზერი“, „სტელა არტუა“, „კორონა“, „სტაროპრამენი“, „ლოვენბრაუ“, „ფრანცისკანერი“ და მრავალი სხვა. წარმოების სიმძლავრე – 43,5 მილიარდი ლიტრი ლუდი წელიწადში!

– ერთ-ერთ აუქციონზე, ერთი ჩვეულებრივი ბოთლი „ლოვენბრაუ“ გაიყიდა 16 ათას დოლარად. მოგეხსენებათ, 1937 წელს კატასტროფა განიცადა „ჰინდენბურგმა“ – მსოფლიოს უდიდესმა დირიჟაბლმა. გიგანტურ საჰაერო ხომალდზე ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც დაიღუპა 35 ადამიანი, ის ხსენებული „ლოვენბრაუს“ ბოთლი კი უვნებლად გადარჩა.

– მსოფლიოში ლუდის ყველაზე მასშტაბურ ფესტივალად, როგორც ზემოთ ითქვა, ოქტობერფესტია მიჩნეული, რომელიც ბავარიის მთავარქალაქ მიუნხენში სექტემბრის მეორე ნახევარში ტარდება. ამ დღესასწაულის ასაკი საუკუნეზე მეტს ითვლის, მას ყოველწლიურად დაახლოებით მილიონი ადამიანი სტუმრობს. მასშტაბურობით მეორე ადგილზე ასევე გერმანული ფესტივალია – შტუტგარტის „კანშტატერ ფოლკფესტი“, საპატიო მესამე ადგილზე კი ამერიკული დენვერის „ლუდის დიდი ფესტივალი“. როცა დრო მოვა, ამ გრანდიოზულ მოვლენებზეც გიამბობთ…

აბა, გემრიელად!

კომენტარები