მარიამ ფარჯიანის წარმატების ფორმულა

მარიამ ფარჯიანი საოცარი ადამიანია. ესაა ღიმილიანი, სალმიანი და კოხტა გოგონა, სტუდენტური ასაკისა. აშკარად ძალიან ჭკვიანია, ეგრევე ეტყობა, მაგრამ როგორ გინდა არ გაიკვირვო, როცა გაიგებ, თუ რა თანამდებობა უკავია მარის კომპანია menu.ge-ში?! არც მეტი, არც ნაკლები, ეს გოგონა გაყიდვების მენეჯერია! ეს ნიშნავს, რომ პირადად მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მთელი ამ რესპექტაბელური და მრავალრიცხოვანი, თანაც სწრაფად განვითარებადი და მზარდი ბიზნეს-ჯგუფის წარმატება და პერსპექტივა. ეს ძალიან რთული პოზიციაა ნებისმიერ კომპანიაში, ხოლო ისეთ წარმატებულში, როგორიცაა menu.ge, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობაც.

კიდევ ერთ რამეს აღვნიშნავ ხაზგასმით: სრულიად უნიკალური ამბები ხდება menu.ge-ში. „თვალსაჩინო მაგალითი ვარ იმისა, თუ როგორ აფასებენ მონდომებასა და შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში. ქოლ-ცენტრის ოპერატორი, 3 წელიწადში გაყიდვების მენეჯერი გავხდი“ – ამბობს მარიამ ფარჯიანი. კიდევ სადმე ხდება ასეთი სასიამოვნო მეტამორფოზები?..

– მარიამ, როგორ აღმოჩნდი menu.ge-ში?

– ყველაფერი სტანდარტულად დაიწყო. დასაქმების ერთ-ერთ ვებგვერდზე menu.ge-ს ვაკანსია შემხვდა, ქოლ-ცენტრის ოპერატორის. განაცხადი შევავსე და მოვედი გასაუბრებაზე. ამიყვანეს და დავიწყე ქოლ-ცენტრში ოპერატორად მუშაობა. შემდეგ, დროთა განმავლობაში ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინე, კომპანიის ხელმძღვანელობამ დაინახა, რომ მეტი შემეძლო, და დამაწინაურეს.

– სად გადაგიყვანეს ქოლ-ცენტრიდან?

– არ გადავუყვანივარ. ქოლ-ცენტრის ტრენინგ-მენეჯერად დამნიშნეს. ჩემსავით, გასაუბრების შემდეგ მოსულ კადრებს ვამზადებდი, ქოლ-ცენტრის ოპერატორებს ტრენინგებს ვუტარებდი. აი, მერე კი გადამიყვანეს კომპანიის ინტერნეტ-საიტის კონტენტ-მენეჯერად. ჩემს მოვალეობებში შედიოდა საიტზე კომპანიის პარტნიორი რესტორნების მენიუების შეტანა და ყველა ტექნიკური საკითხის მოწესრიგება. ეტყობა, ცუდად არ გამომდიოდა, რადგან ჩემში უფრო მეტი პოტენციალი დაინახეს და გადამიყვანეს ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე – გაყიდვების მენეჯერად. კომპანიაში დღესაც ეს პოზიცია მიკავია.

– …და რას გულისხმობს შენი ახლანდელი თანამდებობა?

– ჩემს დღევანდელ პოზიციას დიდი ადგილი უკავია კომპაანიის ცხოვრებაში. Menu.ge-ს საქმიანობას წარმოადგენს ადგილზე მიტანის სერვისი იმ რესტორნებიდან და მაღაზიებიდან, რომლებიც განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდსა და მობილურ აპლიკაციაში. მე მევალება სწორედ ამ რესტორნების დამატება ვებ-გვერდზე, დეტალების დამუშავება და მრავალი სხვა. შესაბამისად, უზრუნველვყოფ menu.ge-ს გამოძახებათა რაოდენობის ზრდას, რითაც  რესტორნებსაც ვუხსნი ახალ გზებს დელივერი-სერვისის კუთხით.

– რა განათლება გაქვს მიღებული?

– უნივერსიტეტი ჯერ არ დამიმთავრებია. საშუალო განათლება მაქვს, პრაქტიკული განათლება კი ჩვენს კომპანიაში მივიღე. და არა მარტო პრაქტიკული. გაყიდვების მენეჯმენტის ტრენინგები მაქვს გავლილი, რაშიც ისევ და ისევ კომპანია დამეხმარა.

– ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

– მგონი, არაფერზე მიოცნებია, რეალისტი ვიყავი პატარაობიდანვე. ოცნებას ვერ დავარქმევ, უფრო მიზანი და სურვილი იყო, რომ გავმხდარიყავი ფსიქოლოგი.

– ნაწილობრივ აიხდინე კიდეც სურვილი – მოლაპარაკებების მართვით ხარ დაკავებული და აქ ფსიქოლოგის უნარების გარეშე ვერაფერს მიაღწევ…

– კი ბატონო, ნაწილობრივ ასეა. ძალიან ბევრ რამეში მეხმარება ჩემი ეს გატაცება. უნივერსიტეტშიც ხომ ფსიქოლოგიაზე ჩავაბარე გამოცდები, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო სწავლა ვერ გავაგრძელე. მხოლოდ პირველი კურსი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე.

– სწავლის გაგრძელებას არ აპირებ?

– ამაზეც ვფიქრობ. გადაწყვეტილი მაქვს, რომ გავაგრძელებ. წინ ვიყურები… ჰო, გამახსენდა, ბავშვობაში ერთი ოცნება მქონდა – მინდოდა ღვინის ტექნოლოგია შემესწავლა!

– აჰა, ჯერ ღვინის ტექნოლოგია, მერე – ფსიქოლოგია… ფსიქოლოგიაზე ალბათ ბავშვობის მერე დაიწყე ფიქრი…

– დიახ. პატარა რომ ვიყავი, ვოცნებობდი, მაგრამ თანდათან მივხვდი, რაც მინდოდა, და ამიტომაც ჩავაბარე ფსიქოლოგიაზე.

– თავს წარმატებულ და რეალიზებულ ადამიანად მიიჩნევ?

– რა თქმა უნდა. ვარ ისეთი კომპანიის წევრი და ვმუშაობ ისეთ გუნდთან ერთად, რომ სხვა განცდა ვერც გამიჩნდება. აქ მუდმივად გრძნობ, რომ შენზე ზრუნავენ, რომ ხელს გიწყობენ და გეხმარებიან შესაძლებლობების რეალიზებაში. რა თქმა უნდა, წარმატებული ვარ.

– ესე იგი, ამ კომპანიაში ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია მწვერვალების დაპყრობა?

– ნებისმიერ ახალგაზრდას, ვინც მონდომებული და ჭკვიანია, წინსვლის იმედი შეიძლება ჰქონდეს. აქ ყველა პირობაა პროფესიული და კარიერული ზრდისთვის. ამას ჩემი პირადი გამოცდილებით ვადასტურებ.

– თანამშრომლები მეგობრობთ ერთმანეთთან?

– რა თქმა უნდა. ძალიან. არამეგობრულ გარემოში ამდენი წლის გატარება ძალიან გამიჭირდებოდა.

– როგორ დაინახა კომპანიამ შენში, რომ ურთიერთობა გეხერხება? რესტორნების ხელმძღვანელებთან კონტაქტის დამყარება და კონტრაქტებზე დათანხმება კომუნიკაციის სერიოზულ უნარებს მოითხოვს…

– დიახ, პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობასა და თანამშრომლობისთვის, საუბრის კულტურა, კომუნიკაბელურობა, გამოცდილება და უამრავი სხვა თვისებაა აუცილებელი. მე მანდეს ეს საქმე და მიმაჩნია, რომ იმედები აქამდე არ გამიცრუებია და არც ვაპირებ, რადგან  პასუხისმგებლობა მაკისრია.

– არ გაგჭირვებია?

– რასაკვირველია, თავიდან ყველაფერში არის სირთულეები. მარტივად და უბრალოდ არაფერი მოდის. როცა საფეხურებს გეგმაზომიერად მიყვები, მწვერვალთან ყველაფერი თანდათან მარტივდება.

– უფრო კონკრეტულად მომიყევი, რისი კეთება გიწევს?

– ჩემი სამუშაო შემდეგია: უშუალო კონტაქტი უნდა მქონდეს ჩვენს ვებ-გვერდზე არსებულ ობიექტებთან და ასევე დავამყარო კონტაქტი ისეთ ობიექტებთან, რომლებიც ჩვენს ვებ-გვერდზე ჯერ არ არიან განთავსებული და აქვთ ამის დიდი სურვილი, ან ჩვენ გვაქვს სურვილი მათთან თანამშრომლობის. ეს ხომ ორივე მხარესთვის სარფიანია – რესტორანს დელივერი-სერვისის მეშვეობით პროდუქციის რეალიზების მოცულობა ეზრდება, ხოლო ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდზე ჩნდება ახალი ობიექტი. ესაა ჩემი პრიორიტეტები, როგორც გაყიდვების მენეჯერის.

– ობიექტებს რა კრიტერიუმებით ირჩევ?

– ხარისხით, რადგან ხარისხი ჩვენი კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტია.

– როცა ობიექტს „პოულობ“, მერე რა პროცესი მიდის?

– ახალი ობიექტის დამატების პროცესი შემდეგნაირია: იწყება მოლაპარაკებები დირექტორებთან, მენეჯერებთან, მენიუებს ვათანხმებთ, სხვადასხვა შიდა საკითხებს ვაგვარებთ. თუ თანამშრომლობა გადაწყდა, ობიექტის მონაცემებსა და მენიუს ვამატებთ ვებ-გვერდზე და ვიწყებთ მუშაობას. მოსამზადებელ პროცესში ორივე მხარე სინქრონულად მოქმედებს. ზუსტდება კერძების ფასები, იდება ფოტოები და ა.შ. როგორც წესი, ამ პროცესში საკმაოდ დიდი ჯგუფია ჩართული.

– პრობლემები არის ხოლმე?

– რათქმაუნდა. ისეთი სფეროა, რომ წარმოუდგენელია, პრობლემები არ ჩნდებოდეს. მაგრამ ვინაიდან ყველა შესაძლო პრობლემას ახლოს ვიცნობთ, ნებისმიერი უხერხულობის თუ შეფერხების აღმოფხვრას მალევე ვახერხებთ.

– ხშირად შექმნილა არასტანდარტული სიტუაციები კლიენტებთან მუშაობისას?

– იყო ასეთი შემთხვევა, როცა ქოლ-ცენტრში ვმუშაობდი: კლიენტმა შეუკვეთა ხინკალი, მაგრამ მოითხოვა, ეს ხინკალი არა სპეციალური ყუთით მიგვეტანა, არამედ ცელოფნის პარკით. დიდხანს ვუხსნიდით, რომ ცელოფნის პარკში ხინკალი შეილახებოდა და კურიერი საღ ხინკალს ვერანაირად მიუტანდა ყუთის გარეშე. ეტყობა, ყუთის საფასურის გადახდა არ უნდოდა.

უცნაური და სასაცილო მომენტები მაშინაც იყო, როცა უკვე კომპანიის ვებ-გვერდის კონტენტ-მენეჯერად ვმუშაობდი.

– შენი პროფესია მოსაწყენი სულაც არ ყოფილა…

– დიახ, ნამდვილად ასეა.

– დილით სამსახურში რომ მოდიხარ, რა განწყობა გაქვს ხოლმე?

– დილით მოვდივარ იმ განწყობით, რომ უნდა გავაკეთო ის საქმე, რომელიც მევალება. ვამოწმებ ყველაფერს – სისტემამ გამართულად რომ იმუშაოს. მოკლედ, მობილიზებული მოვდივარ. დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, მაგრამ ისიც მიხარია, რომ ამდენ ახლობელს კიდევ ერთხელ ვნახავ.

– როცა შენი საქმე გიყვარს, რა შეიძლება იყოს ამაზე კარგი?!

– გარემოა ისეთი, რომ საქმე აუცილებლად გეყვარება, ამიტომ მოვდივარ დილით სამსახურში საქმიანი და ძალიან პოზიტიური განწყობით. თანაც ვცდილობ, ეს ჩემი კარგი განწყობა გადავიდეს ჩემს თანამშომლებზეც და რესტორნების მენეჯერებზეც, ვისთანაც ურთიერთობა მიწევს.

– ამიხსენი, რესტორნებს რაში სჭიდებათ menu.ge-სთან თანამშრომლობა?

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენ რესტორნები შემოგვყავს მათთვის ახალ ბაზარზე – დელივერი-სივრცეში, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით განვითარებადი სფეროა. რესტორნებთან მოლაპარაკება ძალიან რთულია. მათ უნდა დაანახო, თუ რამდენად სჭირდებათ menu.ge, უნდა აუხსნა, თუ რას წარმოადგენს menu.ge, რომ ესაა დელივერი-სერვისი, რომელიც საქართველოში მოწინავე პოზიციაზეა, რომ რესტორანი და მთელი მისი მენიუ menu.ge-ს ვებ-გვერდზე განთავსებული, რაც ნიშნავს, რომ რესტორანს აქვს თავისი ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია, რომ მას ემსახურება ქოლ-ცენტრი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ menu.ge-ს მომხმარებელთა მთელი არმია ემატება რესტორნის პოტენციურ კლიენტთა რიცხვს. ეს ხომ ელემენტარულად დამატებითი შემოსავალია?! საკუთარი დელივერი-სერვისის გაკეთება არის ძალიან რთული, ჩვენ ამ მომსახურებას უკვე მზას ვთავაზობთ და menu.ge-სთან თანამშრომლობა ნიშნავს დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენას.

– დამაჯერებელი არგუმენტებია, ვერაფერს იტყვი…

– იმასაც დავამატებ, რომ menu.ge არის სოლიდური კომპანია და მასთან თანამშრომლობა ნებისმიერი რესტორნის პრესტიჟზე მხოლოდ პოზიტიურ გავლენას ახდენს. ვებ-გვერდი, რომელიც გამართულად და შეუფერხებლად მუშაობს; ვებ-გვერდზე შენი ობიექტი წარმოდგენილია კვების 350 საუკეთესო ობიექტს შორის მთელი ქვეყნის მასშტაბით; უამრავი მომხმარებელი, რომელთანაც ბრენდირებულ ტანისამოსში გამოწყობილ კურიერებს შეკვეთა თბილისის და უკვე მრავალი სხვა ქალაქის ნებისმიერ კუთხეში მიაქვთ – ასეთ მარკეტინგულ სიკეთეებს ვთავაზობთ და ეს, ცხადია, რესტორნის პრესტიჟსაც ეხმარება. ჩვენ ვეხმარებით რესტორნებს, დააკმაყოფილონ იმ მომხმარებლის მოთხოვნები, რომელსაც სურს საყვარელი კერძის მირთმევა, მაგრამ ვერ ახერხებს ობიექტზე მისვლას. ზოგადადაც, პრესტიჟულია, როცა რესტორანს აქვს მიტანის სერვისი, მაგრამ უფრო პრესტიჟულია, როცა რესტორნის დელივერი-პარტნიორია menu.ge.

– …და თუ რესტორანს უკვე აქვს თავისი დელივერი-სერვისი? რატომ უნდა აირჩიოს menu.ge-ს მომსახურება და არ იწვალოს საკუთარი სამსახურის შექმნაზე?

– იმიტომ, რომ menu.ge-ს უკვე ჰყავს 350 ათასზე მეტი მომხმარებელი; menu.ge-ს აქვს ვებ-გვერდი; menu.ge-ს აქვს მობილური აპლიკაცია; menu.ge არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი ბრიტანული კომპანია და მისი პრიორიტეტია ხარისხი; menu.ge-სთვის მთავარია მომხმარებლის კმაყოფილება და კომფორტი.

– ჩამჭრელი კითხვის დასმაც არ გამომდის, იმდენად წონადი არგუმენტები გაქვს. რესტორნის მეპატრონე რომ ვიყო, ათასჯერ დავფიქრდებოდი და მაინც უარს ვიტყოდი საკუთარი დელივერი-სერვისის მოწყობაზე. menu.ge ყველაფერს უმაღლეს დონეზე ორგანიზებულს მთავაზობს და რატომ უნდა გამოვიგონო უკვე გამოგონილი ველოსიპედი?!

– მაგრამ არ მინდა იფიქროთ, რომ ჩვენ არ ვთანამშრომლობთ იმ რესტორნებთან, რომლებსაც საკუთარი დელივერი-სერვისი გააჩნიათ. მათ კურიერებს შეკვეთები მიაქვთ, მაგრამ რაც შეეხება დამატებით შემოსავალს, იქ საქმეში menu.ge ერთვება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ასეთი რესტორნებისთვის პლუსი ვართ. ამიტომ, menu.ge-სთან თანამშრომლობამ არცერთ რესტორანს არ უნდა გაუჩინოს ეჭვი, რომ მათ მომხმარებლები თუნდაც ადგილზე, რესტორანში მოაკლდებათ. ამის პრეცედენტი არ არსებობს.

– ოდესმე გიფიქრია, რომ ასეთ ბიზნესში იმუშავებდი?

– სიმართლე გითხრათ, არა. როცა menu.ge-ში მოვედი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასე დამაფასებდნენ, ასე მარტივად ავიდოდი ქოლ-ცენტრის ოპერატორობიდან გაყიდვების მენეჯერობამდე. არ მეგონა, რომ ეს საერთოდ შესაძლებელია საქართველოში. ჩემს საახლობლოშიც ხშირად ვამბობ, რომ მე ამ კომპანიაში მოვხვდი გასაუბრების გავლის გზით, დავიწყე ნულიდან და 3 წელიწადში დავიკავე მნიშვნელოვანი პოზიცია ასეთ სოლიდურ კომპანიაში. ეს ძალიან უჩვეულოა ჩვენი ქვეყნისთვის. ძნელია დამისახელოთ კომპანია საქართველოში, სადაც ასე აფასებდნენ კადრებს.

– მარტო საქართველოში?

– ამიტომაც მეამაყება, რომ ვმუშაობ ისეთ კომპანიაში, სადაც თითოეული თანამშრომელია დაფასებული. მე პირადად ვარ ამის მაგალითი.

– შენ ხარ წარმატებული ახალგაზრდა ადამიანის მაგალითი. 3 წელიწადში ნულიდან გაყიდვების მენეჯერობამდე – ბრავო!

– გმადლობთ!

კომენტარები