ნინი დადვანი: „menu.ge ოჯახივითაა“

თუ ნიჭი გაქვს და მონდომებული ხარ, თან menu.ge-ში მუშაობ, ეჭვგარეშეა, რომ შენი ნიჭიერება კომპანიის ხელმძღვანელობისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება, ხოლო მონდომება და ძალისხმევა აუცილებლად დაგიფასდება. აქ ვისაც გინდა გაესაუბრო, ყველა გამორჩეულია, ყველა – ინდივიდუალური. მაგრამ ამავდროულად, კომპანიაში აშკარად იგრძნობა გუნდურობა. სწორედ ამ გუნდური სულისკვეთების შედეგია, რომ თითოეული თანამშრომელი ცდილობს, საკუთარი ფუნქცია საუკეთესოდ შეასრულოს და ამით გვერდით მდგომსაც გაუადვილოს საქმე.

დღეს ამ დიდი ოჯახის კიდევ ერთ გამორჩეულ წევრს გაგაცნობთ – ნინო დადვანს. ამ სრულიად ახალგაზრდა ადამიანს მსხვილ კომპანიაში მეტად რთული, ერთ-ერთი საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრია. ნინი ქოლ-ცენტრის მენეჯერია და მისი ხელმძღვანელობით 30-მდე თანამშრომელი მუშაობს. მინდა იცოდეთ, რომ კომპანიის რესპექტაბელური იმიჯი მნიშვნელოვანწილად მის დაქვემდებარებაში მყოფ ოპერატორთა „რაზმის“ დამსახურებაცაა. ნინის უცვლელი თავდაჭერილი ღიმილის უკან კი მტკიცე, სერიოზული, ძალიან საქმიანი და მიზანდასახული პროფესიონალი დგას. გაიცანით – ნინი დადვანი!

– როგორ მოხვდი menu.ge-ში? საერთოდ, საიდან გაიგე ამ კომპანიის არსებობის შესახებ?

– დასაქმების საიტზე – jobs.ge-ზე ვნახე განცხადება და… ყოველთვის მინდოდა, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მემუშავა. ამიტომაც შევავსე ონლაინ-განაცხადის ფორმა და menu.ge-ში წარმატებით გავიარე გასაუბრება. კომპანიაში საწყის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა, ქოლ-ცენტრის ოპერატორად.

– უნივერსიტეტში სწავლის პარალელურადო, თქვი. ახლაც სწავლობ თუ დაამთავრე?

– არა, ამჟამად აკადემიურ შვებულებაში ვარ.

– სად და რა პროფესიას ეუფლები?

– ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე.

– ეს სპეციალობა წინასწარ გქონდა არჩეული თუ აბიტურიენტობის პერიოდში?

– სიმართლე გითხრათ, როცა ვაბარებდი, მაინცდამაინც ბევრი არ მიფიქრია იმაზე, თუ რას ვაკეთებდი, რა მინდოდა და რას ვისწავლიდი, როგორც აბიტურინტთა უმრავლესობას ახასიათებს. ეს ფაკულტეტიც სპონტანურად ავირჩიე. ვფიქრობ რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

– შენს კარიერას დავუბრუნდეთ: რა იყო ქოლ-ცენტრის ოპერატორობის შემდეგ?

– მომდევნო ეტაპი იყო მთავარ ოპერატორად დანიშვნა, შემდგომში ქოლ-ცენტრის მენეჯერი გავხდი. დღესაც ეს პოზიცია მიკავია.

– რთულია?

– დიახ, გარკვეულწილად რთულია, რადგან სასურველი შედეგის მისაღებად დიდი ძალისხმევაა საჭირო.

– ფიზიკურადაა რთული თუ ფსიქოლოგიურად?

– ფსიქოლოგიურად, რადგან დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან გიწევს კონტაქტი და დროული რეაგირება შექმნილ ხარვეზებზე.

– რთული კლიენტები?

– მათ შორის რთული კლიენტებიც, დიახ, მაგრამ ჩვენი სამსახურის ხიბლიც იმაშია, რომ ეს საქმიანობა არ არის რუტინული და ყოველდღიურად სხვადასხვა შემთხვევები გვხვდება.

– სწავლის გაგრძელებას აპირებ?

– აუცილებლად ვაპირებ უნივერსიტეტში დაბრუნებას. ამის გარეშე მომავალში ალბათ რთული იქნება წარმატებაზე ფიქრი.

– რატომ? მშვენიერი სამსახური გაქვს. გავა დრო და კიდევ დაგაწინაურებენ…

– კი, მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა ვიზრუნო განვითარებაზე, რომ პერსპექტივა მქონდეს. განათლების გაგრძელება აუცილებელია. თავადაც მინდა, ამ სფეროში გავაგრძელო საქმიანობა და ამისთვის უნდა განვვითარდე.

– კონკრეტულად რას გულისხმობ?

– ვფიქრობ, რომ ტრენინგების გავლა დამეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში.

– რამდენი ადამიანი მუშაობს ქოლ-ცენტრში?

– ამ ეტაპზე ჩემს დაქვემდებარებაში 26 თანამშრომელია. გარკვეული სირთულეები მათთანაც იქმნება ხოლმე, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. თანაც ოპერატორთა უმრავლესობა სტუდენტია, მუშაობის პარალელურად სწავლობენ და ჩემი ამოცანაა, ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყო ხელი, რაც იოლი არაა. ყველას თავისი განრიგი აქვს, ბევრი რამაა შესათანხმებელ-გასაკონტროლებელი და ჩემს ძალისხმევასაც მოითხოვს.

– ალბათ რთულია სწავლა და თან მუშაობა…

– დიახ. ჩემთვის რთული აღმოჩნდა და ამიტომაც ავიღე აკადემიური. ამჟამად მხოლოდ სამსახურით ვარ დაკავებული.

– ქოლ-ცენტრში ოპერატორებად ალბათ ძირითადად გოგონები მუშაობენ…

– არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, ქოლ-ცენტრში გოგონებიც მუშაობენ და ბიჭებიც.

– ჩემი აზრით, ქალი უფრო კარგად გაართმევს თავს ასეთ სამუშაოს – უფრო დამთმობია, უფრო მომთმენია, კორექტულია…

– ამ სიტუაციას სხვა კუთხით ვუყურებ: თუკი ბიჭს ამ ვაკანსიაზე განაცხადი შეაქვს, ესე იგი, ის მზადაა ქოლ-ცენტრის ოპერატორად მუშაობისთვის. მთავარია, ჩვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს: იცოდეს ენები, გამართულად მეტყველებდეს და შეეძლოს გუნდური მუშაობა.

– ე. ი. თუ ადამიანი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ქოლ-ცენტრში მუშაობას მაშინვე იწყებს?

– არა, გასაუბრების შემდეგ ახალბედებს ორკვირიანი სტაჟირების  გავლა უწევთ. აქ ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული – ზოგიერთი მალევე ავლენს საჭირო უნარებს და ითვისებს პროგრამას, მაგრამ სტანდარტულად ასეა – სტაჟირება ორი კვირა გრძელდება.

– და საკუთრივ ოპერატორობა რთულია? უჭირთ ახალგაზრდებს?

– არა, არაფერი განსაკუთრებული. რთული ნამდვილად არაა, თუ გონება გიჭრის.

– როგორც თავად ამბობ, სამი წელია, ამ კომპანიაში მუშაობ. რა შეიცვალა menu.ge-ში ამ ხნის განმავლობაში?

– როცა კომპანიაში მოვედი, ბევრი რამ სხვაგვარად იყო. ახლა კი, თითქმის ყველაფერი ავტომატიზირებულია.

– ახლა ალბათ ყველამ იცის menu.ge-ს მუშაობის სქემა – შედიხარ საიტზე, ან აპლიკაციაში, ანდა რეკავ ქოლ-ცენტრში, ირჩევ სასურველ კერძს სასურველ რესტორანში, იხდი საფასურს ელექტრონული გზით ან შეკვეთის მიღებისას ნაღდი ფულით. და როგორ იყო ადრე?

– მომხმარებლისთვის ყველაფერი ასე მარტივი ადრეც იყო, მაგრამ ოპერატორებს თითოეული შეკვეთის ხელით დამუშავება უწევდათ. ახლა სისტემა ისეა მოდერნიზებული და დახვეწილი, რომ ონლაინ-შეკვეთა ერთი პროგრამიდან მეორეში ავტომატურად გადადის. განვმარტავ: ადრე ოპერატორს თითოეული შემოსული შეკვეთის რესტორანში გადაცემა ტელეფონით უწევდა – უკავშირდებოდა ობიექტს და ტელეფონით კარნახობდა შეკვეთას. დღეს ყველა შეკვეთა პრინტერის მეშვეობით გადაეცემა ობიექტს.

– შეკვეთა პრინტერით?!

– დიახ. პარტნიორ ობიექტთა უმრავლესობაზე დამონტაჟებულია ჩვენი პრინტერი, რომელიც მიერთებულია ჩვენს სერვერზე და menu.ge-ს აპლიკაციის მეშვეობით ავტომატურად ხდება ამ პრინტერზე შეკვეთის ამობეჭდვა. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის ფუნქციებს: მას იგივე დროში მეტი შეკვეთის დამუშავების შესაძლებლობა აქვს.

– გასაგებია, რომ ოპერატორის შრომა გამარტივდა და უფრო პროდუქტიული გახდა, მაგრამ შემკვეთს, თვითონ კლიენტს ამით რა ხეირი?

– ყველაფერი ძალიან მარტივადაა – ამ ტექნოლოგიურმა სიახლემ ადამიანური ფაქტორი გამორიცხა და ახლა ობიექტი ზუსტად ისეთ შეკვეთას იღებს, როგორსაც მომხმარებელი უკვეთავს. აქ იგულისხმება ის მომენტი, რომ მისი შეკვეთა ქოლ-ცენტრის გავლით უცვლელად იგზავნება რესტორანში. ადრე არსებობდა ალბათობა, რომ ოპერატორს არასწორად გადაეცა შეკვეთა. ახლა მსგავსი ხარვეზი  თეორიულად და პრაქტიკულად გამოირიცხულია. ეს ტექნოლოგია menu.ge-ს მიერაა შემუშავებული.

– შენი აზრით, რა უპირატესობას იღებს რესტორანი menu.ge-სთან თანამშრომლობით? რატომ ურჩევნია, ამ კომპანიასთან ითანამშრომლოს, ვიდრე საკუთარი დელივერი სერვისი შექმნას?

Menu.ge არის ცნობილი და გამოცდილი კომპანია დელივერი ბაზარზე და მასთან თანამშრომლობა ნებისმიერი რესტორნისთვის ნიშნავს ცნობადობის ამაღლებას. ჩვენი კომპანია რესტორანს უფრო ფართო აუდიტორიას აცნობს, მის პოტენციალს ზრდის.

– დამაჯერებელი არგუმენტია. და ტრადიციული კითხვა: როცა menu.ge-ში მუშაობა დაიწყე, როგორ შეხვდნენ ამ ფაქტს შენს ოჯახში?

– თავდაპირველად გარკვეული პრობლემი ნამდვილად შეიქმნა, არ მოსწონდათ, რომ ღამის ცვლაშიც მიწევდა მუშაობა, დამატებით საათებშიც…

– ახლა?

– ახლა ყველაფერი რიგზეა. სამი წელია, ამ კომპანიაში ვმუშაობ და ბევრი რამ შეიცვალა.

– …და შენც კმაყოფილი ხარ აქ მუშაობით…

– ნამდვილად ასეა, აქ დიდ დროს ვატარებ, თავს კომფორტულად ვგრძნობ. სოლიდური კომპანია, შესაფერისი ანაზღაურება, თბილი გარემო – ეს კომპანია ძალიან ძვირფასია ჩემთვის.

– თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა გაქვს?

– კომპანიაში ერთი ოჯახივით ვართ. Menu.ge-ს საქმიანობის სპეციფიკაც ისეთია, რომ თანამშრომლებს ხშირი კომუნიკაცია გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს ვავსებთ.

– სხვაგანაც გიმუშავია?

– დიახ. 3 თვე ერთ-ერთ მარკეტში ვიმუშავე, საიდანაც menu.ge-ში მოვედი და ჩემთვის მოულოდნელად, კომპანიამ მომცა საშუალება, შესაძლებლობები გამომეჟღავნებინა.

კომენტარები