ბლოგი იტალიის სიმბოლოზე: პასტა არ ასუქებს!

კონკრეტულად რა იგულისხმება, როცა საუბარი იტალიურ სამზარეულოს შეეხება? ალბათ, ნაყინი, პიცა, რიზოტო და რათქმაუნდა პასტა. ო, რა გემრიელი ნაკრებია! ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, არათუ იტალიურ კულინარიასთანაა ასოცირებული, არამედ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კერძები იტალიის სიმბოლოებია, ისევე, როგორც რომის კოლიზეუმი, პიზის კოშკი, ვენეციის არხები, რობერტო ბაჯო და ლუჩანო პავაროტი.

ზოგიერთ ხსენებულ კერძზე წინა ბლოგებში გვისაუბრია და დიდი უსამართლობაა, რომ პასტა დღემდე უყურადღებოდ იყო დარჩენილი. ამდენად ამ ხარვეზის აღმოფხვრა გადავწყვიტე: პასტის შექმნის ისტორიას, პირველ რეცეპტსა და იმაზეც გიამბობთ, რომ პასტა არ ასუქებს! იცოდით?

ეს კერძი ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დააგემოვნოს – ჭეშმარიტი სიამოვნება გარანტირებულია! ამ ამოცანის შესრულების ორი გზა არსებობს – იტალიაში გაემგზავროთ და იქ დააგემოვნოთ კულინარიის ეს ფენომენი, ან მიმართოთ menu.ge-ს და ჩვენი კომპანიის დახმარებით პირადად და ახლოს გაიცნოთ სახელგანთქმული პასტა. ჩვენს ქვეყანაში ათობით რესტორანია, სადაც ნამდვილ იტალიურ პასტას ოსტატურად ამზადებენ. თან გაითვალისწინეთ, რომ პასტის არაერთი სახეობა არსებობს – ბოლონეზე, ვეჯი, კარბონარა, ოთხი ყველით, ორაგულით, ქათმის ხორცით, ტომატით… მთავარი, რათქმაუნდა, პროდუქტის ხარისხი და სოუსის თუ საწებლის გემოა. და ეს ყველაფერი აბსოლუტურად ხელმისაწვდომია: menu.ge-ს ვებ-გვერდზე ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სახეობაცაა და უამრავი სხვაც. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ და ჩვენი კურიერი თქვენთან გაჩნდება. სცადეთ, არ ინანებთ!

 

რა არის იტალიური პასტა?

მაშ, რა არის იტალიური პასტა: კერძი თუ პროზაული მაკარონი? პრინციპში, ერთიც და მეორეც. იტალიური პასტა გახლავთ კერძი, რომელიც ორი უცვლელი კომპონენტისგან შედგება: ნებისმიერი სამაკარონე ნაწარმისა და სოუსისგან.

იტალიური პასტა შეიძლება იყოს მშრალი (Pasta secca) და წვნიანი (Pasta fresca), ასევე გრძელი (Lunga) და მოკლე (Corta).

აქ მთავარი წესია, რომ ნაწარმი უნდა იყოს დამზადებული მყარი ჯიშის ხორბლისგან, რაც იმის გარანტიაა, რომ პასტა არ ჩაიხარშება და ადამიანის ორგანიზმიც მას უპრობლემოდ მოინელებს.

 

იტალიური პასტის შექმნის მოკლე ისტორია

პასტის წარმომავლობასთან უამრავი ლეგენდა, მითი და ისტორიული ფაქტია დაკავშირებული. ერთ-ერთი ვერსიით, იტალია ის ქვეყანაა, სადაც გამოიგონეს ეს პროდუქტი. სხვა ვერსიით, პასტა იტალიაში ჩინეთიდან სახელგანთქმულმა მოგზაურმა მარკო პოლომ 1292 წელს ჩაიტანა. კულინართა და ისტორიკოსთა წრეებში ამ თემაზე კამათს ბოლო არ უჩანს, თუმცა, ასეა თუ ისე, დღესდღეობით სწორედ იტალიაა ამ პროდუქტის უმსხვილესი მომხმარებელი, მწარმოებელი და მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მიმწოდებელი.

თავდაპირველად პასტა მხოლოდ ლოკალურად, აპენინებზე იყო პოპულარული, მაგრამ უკვე XII საუკუნეში მისი ექსპორტი დაიწყო. მართალია, საზღვარგარეთ გატანის თავდაპირველი მასშტაბი ერთობ მოკრძალებული იყო, მაგრამ რამდენიმე საუკუნის შემდეგ ეს კერძი ცნობილი უკვე მთელ ევროპაში გახდა.

აქვე შევნიშნავთ, რომ ძველ ბერძნულ ენაში არსებობს სიტყვა „pasta“, რომელიც ითარგმნება როგორც „სოუსით შეზავებული ფქვილი“.

 

იტალიური პასტის გავრცელებამ 5 პირობითი ეტაპი გაიარა:

– ისტორიკოსთა ნაშრომებში იტალიური პასტა პირველად ნახსენებია კუნძულ სიცილიაზე XII საუკუნეში. იმხანად ამ პროდუქტს იქ მცხოვრები ბერბერები აწარმოებდნენ.

– XII საუკუნეში გამოიგონეს პასტის შენახვის ვადის გახანგრძლივების მეთოდი. პასტას… აშრობდნენ. ამან გააჩინა საშუალება, პროდუქტი გემით სხვა რეგიონებში გაეტანათ – პიზაში, ვენეციაში, გენუაში, ნეაპოლში და ა.შ.

– XV საუკუნეში გამოიგონეს ლაზანია. სწორედ იმ პერიოდით თარიღდება გრძელი და ღრუ ფორმის მაკარონის პირველი ხსენება. იმხანად იტალიური პასტა იყო ძალიან ძვირადღირებული პროდუქტი, რადგან ხორბლის მყარი ჯიშები მხოლოდ სიცილიაში მოყავდათ, თანაც შეზღუდული რაოდენობით.

– XVI-XVII საუკუნეების ევროპაში ამერიკიდან შემოიტანეს პომიდორი და ამ მოვლენამ კულინარიაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. ამ დროისთვის ხორბლის მყარი ჯიშები მთელ სამხრეთ იტალიაში გავრცელდა. და უკვე იმ დროს დაიწყო სამაკარონე ნაწარმის დაჭრისა და გამოშრობის სპეციალური მანქანების შექმნა-წარმოება. ამ ფაქტორმა იტალიური პასტის დამზადების პროცესი გააიაფა და შესაბამისად, იტალიის საზღვრებს გარეთ მის გავრცელებასაც შეუწყო ხელი.

– XVIII-XIX საუკუნეებში პასტის წარმოება იხვეწება, მარტივდება და გლობალურ მასშტაბებს იძენს. იტალიაში და მთელ მსოფლიოში პასტა ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ინტერნაციონალური კერძი.

იტალიაში, კერძოდ რომში პასტის მუზეუმი არსებობს. მასში იტალიური პასტის უზარმაზარი რაოდენობის ნაირსახეობაა წარმოდგენილი, ასევე პოპულარული რეცეპტები. მუზეუმში დაცულია ამ ნაწარმის მწარმოებელი უძველესი დანადგარებიც.

 

პასტა და მაკარონი: რაშია განსხვავება?

ჩვენ ამ ნაწარმს ძალიან ხშირად მაკარონს ვუწოდებთ, მაგრამ პასტასა და მაკარონს შორის სხვაობა ნამდვილად არსებობს.

იტალიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ნებისმიერ სამაკარონე ნაწარმს „პასტას“ უწოდებენ. ეს სიტყვა იტალიურად „ცომს“ ნიშნავს. საკუთრივ, სიტყვა „მაკარონი“ პასტის მხოლოდ გარკვეულ სახეობას აღნიშნავს – ცომის გამომშრალ მილაკებს – წვრილსა და მსხვილს, მოკლესა და გრძელს.

ჩვენთვის ჩვეული მაკარონისა და პასტის შემადგენლობაც ოდნავ განსხვავებულია. ხმელ იტალიურ პასტას ხორბლის მყარი ჯიშებისგან მიღებული ფქვილითა და წყლით ამზადებენ. ამის წყალობით პასტა იოლი მოსანელებელია, აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებასა და ნივთიერებათა ცვლას. ამის შესახებ ქვემოთ უფრო დაწვრილებით გიამბობთ.

მაგრამ პასტა შესაძლოა „ახალი“, რაც ნიშნავს, რომ ის რბილი ჯიშის ხორბლის ფქვილისგან კვერცხის დამატებით მზადდება. ახალ პასტას არ აშრობენ, არამედ მალევე ხარშავენ, და ასეთ პასტას აქვს ნაზი გემო.

პასტას დამოუკიდებელი კერძის სტატუსი აქვს. მის დანამატად სხვადასხვა საწებლებს, სოუსებსა და, რაღა თქმა უნდა, ყველს იყენებენ. მაკარონი კი ჩვეულებრივი გარნირია. პასტის უთვალავი რეცეპტი არსებობს. მარტო იტალიაში ამ ნაწარმისგან დამზადებული 500-ზე მეტი შედევრია აღწერილ-აღრიცხული. თითოეული რეცეპტი გარკვეულ მიდგომასა და სპეციალურ ინგრედიენტებს მოითხოვს, თანაც იტალიის რეგიონებში ერთიდაიგივე რეცეპტით მომზადებული პასტის გემო შეიძლება განსხვავებული იყოს.

 

პირველი პასტა

საკვირველია, მაგრამ იტალიური პასტის პირველი დასაბუთებული რეცეპტი მოხსენიებულია ჩანაწერებში, სადაც ნათქვამია, რომ ამ პროდუქტს ხარშავდნენ წყალში ნუშის რძის დამატებით, რის შემდეგაც აზავებდნენ სპეციალური ტკბილი სოუსით. გამოდის, რომ „პირველყოფილი“ პასტა ფაქტობრივად დესერტს წარმოადგენდა.

პასტის ერთ-ერთი უპირველესი რეცეპტი მზარეულმა მარტინ კორნომ თავის წიგნში „სიცილიური მაკარონისა და ვერმიშელის მომზადების ხელოვნება“ ჯერ კიდევ 1000 წელს გამოაქვეყნა.

ქალაქ პონტედასიოს მუზეუმში დაცულია ხელნაწერი დოკუმენტი, რომელშიც პირველადაა ნახსენები კერძი „მაკარონისი“, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე მაკარონს სოუსით.

სპაგეტის კი სახელი შედარებით ახლო წარსულში დაერქვა – 1842 წელს, ნეაპოლელმა პოეტმა და დრამატურგმა ანტონიო ვივიანიმ ერთ-ერთ თავის ნაწარმოებში პირველად ახსენა ეს სიტყვა. „სპაგეტი“ არის იტალიური სიტყვა „spago”-ს კნინობითი ფორმა, ხოლო ეს სპაგო ითარგმნება როგორც „სიმი“, „ზონარი“, „თასმა“. ალბათ გასაგებია…

რამდენი კალორიაა იტალიურ პასტაში

…და მივადექით მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას! კლასიკური პასტის კალორიულობა საშუალოდ შეადგენს 350 კკალ პროდუქტის 100 გრამზე. მაგრამ პასტა სოუსებისა და საწებლების გარეშე პასტა აღარაა, ამიტომ მზა, „დაკომპლექტებული“ კერძის კალორიულობის გაანგარიშება ძალიან რთულია.

არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს პასტა და მაკარონი წონის მატებას განაპირობებს. სულაც არა! ხორბლის მყარი ჯიშებისგან დამზადებული ნამდვილი პასტა უჯრედისისგან შედგება, რომელიც რთული მოსანელებელია, მაგრამ ორგანიზმს შესანიშნავად აძღობს და შიმშილის გრძნობას აქრობს. ამასთან, იგივე უჯრედისი სორბენტის როლს ასრულებს, ანუ ორგანიზმს ტოქსინებისგან ბუნებრივი გზით გათავისუფლებაში ეხმარება. პასტის და ზოგადად მაკარონის კალორიულობას ძირითადად ნახშირწყლების ენერგია შეადგენს, მაგრამ ამ ნახშირწყლების 70% სასარგებლოა, რაც იტაიურ პასტას დიეტური პროდუქტების (!) კატეგორიას მიაკუთვნებს.

იმედია, ბოლო ეჭვებიც გაგიფანტეთ. რაღას უცდით? შეუკვეთეთ იტალიური პასტა menu.ge-ზე!

აბა, გემრიელად!

კომენტარები