რა ხდება ჩვენს სამეზობლოში?

როგორი საახალწლო სუფრა იშლება ჩვენს სამეზობლოში? როგორ აღნიშნავენ ამ დღესასწაულს აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში? რა კერძებს მიირთმევენ, რა სასმელებს სვამენ? ეს მართლა საინტერესოა და ვეცდებით, ამომწურავად გიამბოთ. მოემზადეთ და ნერწყვი შეიკავეთ.

დავიწყოთ აღმოსავლეთით. თქვენს წინაშეა აზერბაიჯანის საახალწლო მენიუ: სალათები „ოლივიე“, ე.წ. „შუბა“ და „ვინეგრეტი“ (ხომ არ გეცნოთ?); რამდენიმე სახეობის ყველი, სხვადასხვა ძეხვეული, ხიზილალა (შავი!!!), მწნილი; ცხელი კერძებიდან – ფლავი, რომელიც ხბოს ან ბატკნის ხორცით, ქიშმიშითა და სხვადასხვა ხილის ჩირით მზადდება.

ფლავის გარდა საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს ლიავანგი – თონეში ან ღუმელში შემწვარი წიწილა, ფარშირებული გახეხილი ხახვით, დანაყილი ნიგვზითა და ალუჩის საწებლით. თუ წიწილის მაგივრობას თევზი წევს, მაშინ საკმაზს ცოტაოდენი ხიზილალაც (!) ემატება; პოპულარულია დოლმაც – იგივე ტოლმა ვაზის ფოთოლში, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობისგან განსხვავდება ფორმით (არა წაგრძელებული და მომრგვალებულია, არამედ კვადრატული ბალიშების ფორმისაა) და იმითაც, რომ მას ღორის ხორცის გარეშე ამზადებენ. დესერტი – თხილი, ფსტა („ფისტაშკა“), ქიშმიში, ტორტი, ხილი, კანფეტები. სასმელები? შამპანურის სტილის ღვინო, არაყი, წითელი თვინო, წვენები და მინერალური წყალი.

სომხეთში საახალწლო სუფრა უფრო მრავალფეროვანია: ტოლმა (ისეთი, ჩვენ რომ ვართ მიჩვეულები) ვაზის ფოთოლში ნივრიანი მაწვნით, ღორის, ხბოს და ცხვრის დუმის მწვადი, აბსოლუტურად ფანტასტიკურია შამფურზე შემწვარი ერთი დღით ადრე ხახვში, ძმარსა და ბროწეულის მარცვლებში ჩადებულ-ჩაბასტურმებული საქონლის ხორცი, ხაშლამა, სრულიად წარმოუდგენელია სომხური საახალწლო სუფრა, რომელსაც არ ამშვენებდეს აირღუმელში ან თონეში შემწვარი ღორის ბარკალი.

განსაკუთრებული ადგილი უკავია სომხურ ყველს. ჩვენს სამხრეთ სამეზობლოში ამ პროდუქტის მრავალ ნაირსახეობას აწარმოებენ და სუფრაზე აუცილებლად იხილავთ ყველის ასორტის. სალათების მხრივაც მრავალფეროვნებაა – ბადრიჯნის, ბულგარული წიწაკის, პომიდორის, პრასისა და მრავალფეროვანი მწვანილისგან მომზადებული აპეტაიზერები და ხორცის კერძების გარნირები თავისი ფერადოვნებით და სურნელით ძალიან ამშვენებენ სუფრას. ასევე პოპულარულია დაბრაწული და შემდეგ წითელ ღვინოში მოთუშული სოკო.

სომხურ სუჯუხსა და ბასტურმას საქართველოშიც არ აკლია პოპულარობა და აქ წარდგენა არ სჭირდება, ეს სომხური კულინარიის ერთ-ერთი სიმბოლოა. პური ჩვეულებრივი, ქარხნულიც უნდა იყოს და ლავაშიც – ჩვენში სომხურს რომ უწოდებენ. და ყველანაირი მწვანილიც – ტარხუნა, ქინძი, ოხრახუში, წიწმატი, პრასი, მწვანე ხახვი, პიტნა, რეჰანი…

ნაზუქის მსგავსი პურებიც ტრადიციულია სომხური საახალწლო სუფრისთვის, ქადაც, და კიდევ სხვადასხვა ნამცხვარი. ჩირი ძირითადად გარგრისა და ლეღვის აქვთ, ატამი ნიგვზიანი შიგთავსით, ხალვა, მურაბები, თხილი, კაკალი, ქართული მანდარინი, ყურძენი და ხილი… ცხადია, ნებისმიერი სომხური ქეიფისთვის დამახასიათებელია ნალექიანი ყავაც, რომლის მოდუღებასაც მამაკაცები დიასახლისებს დროდადრო სთხოვენ ხოლმე.

რაც შეეხება სასმელს, ნებისმიერი სომხური ოჯახი ცდილობს, ახალ წელს სუფრაზე რაც შეიძლება კარგი სომხური კონიაკი ჰქონდეს. 18-წლიანი დაძველების „ვასპურაკანი“ ან უფრო ძველი „ნაირი“ საკმაოდ ძვირია: 0,5 ლიტრი – სულ ცოტა 40 დოლარი. მოკლედ რომ ითქვას, უარს არ იტყოდა კაცი!..

აი, თურქეთზე კი სათქმელი ფაქტობრივად არაფერია. ჩვენი ამ მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსლიმია და თურქეთში ახალი წლის დადგომა 1 იანვარს მხოლოდ ოფიციალურადაა მიღებული, თან ზეიმობენ ამ დღესასწაულს მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც ამ დროს ტურისტების ხალხმრავლობაა – სტამბოლში, იზმირში, ბურსაში, ანთალიაში, დედაქალაქ ანკარაში. თორემ ახალი წლის დადგომას თურქთა უდიდესი უმრავლესობა მარტში ზეიმობს და ამ დღესასწაულს ნოვრუზი ეწოდება. ასე რომ, თურქეთში 1 იანვარს რუსი ტურისტები აღნიშნავენ რუსულად, გერმანელები – გერმანულად, შვედები – შვედურად, ფინელები – ფინურად…

რუსეთი. აი, აქ კი „ოლივიე“ და „ახალი წელი“ ფაქყობრივად სინონიმებად იქცა. ეს საბჭოური სალათი ალბათ მთავარი საახალწლო კერძია. შესაძლებელია ვარიაციები, მაგრამ „ოლივიე“ რუსეთის უკლებლივ ყველა ოჯახის საახალწლო სუფრაზე 100%-იანი ალბათობით ფიგურირებს. მეორე ძალიან პოპულარული სალათია „შუბა“, უფრო დეტალურად რომ დავახასიათოთ, ესაა დამარილებული ქაშაყი მოხარშულ-გახეხილი ბოსტნეულისა და მაიონეზის ქვეშ.

განსაკუთრებული ადგილი საზეიმო სუფრაზე წითელი თევზისა და ხიზილალის აპეტაიზერებს უკავია, რომლებსაც თითქმის იგივე სიმბოლური დატვირთვა აქვს, რაც „ოლივიეს“. მზადდება ბუტერბროდები მდნარი ყველითა და გამოყვანილი ორაგულით ან კალმახით. კარგ არაყს საოცრად უხდება. წითელი ხიზილალითაც ხშირად კლასიკური ბუტერბროდები მზადდება, მაგრამ ძალზე პოპულარულია შუაზე გაჭრილი მოხარშული კვერცხისა და მის გულში ჩადებული წითელი ხიზილალის აპეტაიზერებიც. ესეც არყის ს აუკეთესო „ზაკუსკაა“.

თევზის ლაბასხმულიც რუსული საახალწლო სუფრის პრაქტიკულად უცვლელი ატრიბუტია. გაიხსენეთ ფრთიანი ფრაზა „ბედის ირონიიდან“ – „Какая гадость эта ваша заливная рыба!” ნუ დაგვავიწყდება კლასიკური „ხოლოდეციც“ – ესეც ახალი წლის ერთგვარი სიმბოლოა. ცხელი კერძებიდან ყველაზე პოპულარულია აირღუმელში შემწვარლი იხვი, ოღონდ აუცილებლად შიგნით ჩადებული ვაშლებით. რუსეთში ძალზე პოპულარულია ხორცის რულეტები, შიგთავსად იყენებენ ნიგოზს, შავი ქლიავის ჩირს. მეტად გემრიელი კერძია ბუჟენინა – ესაა ღორის ხორცის მჭლე ნაჭერი, რომელშიც კეთდება პატარა ჭრილები, სადაც იდება პილპილის კაკლები, ნივრის კბილები, მიხაკები, რის შემდეგაც ამ ხორცს ახვევენ კილიტში („ფოლგაში“) და წვავენ აირღუმელში. მმმ… გემრიელია!

სასმელი? ცქრიალა ღვინო და არაყი, თუმცა დღეს რუსებმა ვისკიც აითვისეს, კონიაკიც, ღვინოც და… მოკლედ, ყველაფერი, რასაც „ალკოჰოლური სასმელი“ ჰქვია. ჯერ შამპანური და მერე რაც აქვთ – ეს ფორმულა აქსიომასავითაა. ტკბილეულს რაც შეეხება, ჩვენს ჩრდილოეთ სამეზობლოში საახალწლო სუფრაზე სავალდებულოა „ნაპოლეონი“, რომელიც საქართველოშიცაა ერთობ პოპულარული, თუმცა შობა-ახალ წელს ჩვენში არაფრით უკავშირდება…

ესაა და ეს. და ნუ დაგავიწყდებათ, რომ თუ გაგიჩნდათ სურვილი რომელიმე ზემოთ ნახსენები კერძის ან სასმელის დაგემოვნებისა, არსებობს თქვენი ამ სურვილების შემსრულებელი კომპანია menu.ge. ცხადია, საქართველოში აზერბაიჯანული რესტორნებიცაა, სომხურიც, რუსულიც და თურქულიც, ამითომ თამამად შეუკვეთეთ, არ ინანებთ!

კომენტარები