რატომაა ჰოთდოგი „ცხელი ძაღლი“

ყოველი ივლისის მესამე ოთხშაბათს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰოთდოგის ეროვნულ დღეს აღნიშნავენ. National Hot Dog Day – დღესასწაული, რომელიც ტრადიციულ ამერიკულ კერძს ეძღვნება. ეს ნიშნავს, რომ 18 ივლისს ამერიკა იზეიმებს კეტჩუპმოსხმული ან მდოგვწასმული და ცალი მხრიდან გაჭრილ მოგრძო ფუნთუშაში ჩადებული მოხარშული სოსისის დღეს. თუმცა, ზოგიერთ შტატში ეს დღესასწაული ფიქსირებულია და არა მცოცავი, და აღინიშნება 23 ივლისს. ასეა თუ ისე, ორივე თარიღს წლეულს 5-იოდე დღე აშორებს ერთმანეთისგან, ამიტომ ჰოთდოგის მოყვარულებს თავისუფლად შეუძლიათ, ეს დღესასწაული 18-შიც აღვნიშნონ და 23-შიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა ამერიკული სამზარეულოს კლასიკა, ქვეყნის ერთ-ერთი კულინარიული სიმბოლო და ზოგადად, იქაური კულტურის განუყოფელი ნაწილი.

მაგრამ გაგიკვირდებათ და, ზუსტად არაა დადგენილი, თუ საიდან მოდის სიტყვა „ჰოთდოგი“ – „ცხელი ძაღლი“. არსებობს ვერსიების მთელი რიგი და ყველაზე რეალისტურებზე ამ ბლოგში გიამბობთ. ყველაზე პოპულარული ლეგენდა ასეთია: ერთი გერმანელი ყასაბი ფრანკფურტში ყიდდა მოგრძო და წვრილი ფორმის მოსახარშ ძეხვს, რომელსაც უწოდებდა „dachshundwurst“ – ტაქსა-ძეხვი. მისი პროდუქცია ფორმით მართლაც წააგავდა ტაქსას ჯიშის ძაღლის სხეულს.

მოგვიანებით გერმანელმა ემიგრანტმა ეს პროდუქტი ამერიკაში გაიტანა. ვინმე ანტონ ფოიხტვანგერმა მოიფიქრა ამ სოსისის პურის ორ ნაჭერში ჩადება. ამ მარტივმა კერძმა სენტ ლუისში დიდი პოპულარობა მოიპოვა და იქიდან მთელ აშშ-ში გავრცელდა, მოგვიანებით კი პურის ორი ნაჭერი სიგრძეზე გაჭრილმა მოგრძო ფუნთუშამ ჩაანაცვლა.

ეს XIX საუკუნის ბოლოს მოხდა, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში მავანმა ამერიკელმა მხატვარმა ქვეყანაში უპოპულარულეს კერძად ქცეული ჰოთდოგის ილუსტრაციის შექმნა გადაწყვიტა. მან იცოდა, როგორ ითარგმნებოდა გერმანულიდან სიტყვა „dachshund“, მაგრამ გერმანულის მართლწერის არცოდნის გამო დიდად მაინცდამაინც არ შეწუხებულა და ილუსტრაცია ინგლისურად დაასათაურა და ზოგადი შინაარსი გადმოსცა. ასე იქცა ფუნთუშაში ჩადებული სოსისი „Hot dog“-ად – „ცხელ ძაღლად“.

თუმცა, შესაძლოა, სოსისისა და ფუნთუშის კომბინაცია ჰოთდოგად ამერიკელმა სტუდენტებმა მონათლეს და ესეც თითქოს XIX ასწლეულის მიწურის მოხდა. კულინარიის ისტორიკოსი ბერი პოპიკი ირწმუნება, რომ იელის უნივერსიტეტის სტუდენტები, მოძრავ სამზარეულოებში ამ ბუტერბროდების ყიდვისას შეამჩნიეს, რომ ვაგონებთან უამრავი ძაღლი იყრიდა თავს. სტუდენტურ ფოკლორში ჯერ ეს ფურგონები იქცნენ „ძაღლების ფურგონებად“, შემდეგ კი უკვე სოსისს დაერქვა „ცხელი ძაღლი“. ბერი პოპიკმა არქივში აღმოაჩინა 1895 წელს გამოცემული სტუდენტური ჟურნალი, რომელშიც ავტორი სტუდენტები სოსისს „ცხელ ძაღლად“ მოიხსენიებენ.

როგორც ამერიკის ეროვნული დღესასწაული, ჰოთდოგის დღე აშშ-ის სავაჭრო პალატამ 1957 ოფიციალურად დააწესა, ხოლო 1994-ში შეიქმნა ჰოთდოგისა და სოსისის ეროვნული საბჭო (The National Hot Dog and Sausage Council), რომელიც დაკავებულია პროდუქტის ხარისხის შესწავლით, დეგუსტირებითა და რეკლამირებით.

ასევე არსებობს ჰოთდოგის მოყვარულთა ასოციაციაც, რომელიც ჰოთდოგის მომზადების ოსტატებს შორის ატარებს შეჯიბრებებს. ამ ასოციაციის მიერ დაწესებულია “ჰოთდოგთან ურთიერთობის 5 ძირითადი წესი“:

  1. 18 წლამდე ასაკის პირებს ეკრძალებათ ჰოთდოგზე კეტჩუპის მოსხმა!
  2. იკრძალება ჰოთდოგის თეფშზე დაჭრა და დანა-ჩანგლით მირთმევა. ჰოთდოგი იჭმება მხოლოთ ხელით!
  3. იკრძალება კეტჩუპით, მდოგვითა თუ მაიონეზით დასვრილი თითების წყლით დაბანა! დასვრილი თითები უნდა გაილოკოს!
  4. ერთი ჰოთდოგი უნდა იჭმებოდეს არაუმეტეს 5 ჩაკბეჩად!
  5. კატეგორიულად იკრძალება ჰოთდოგის დადება ნატიფ ფაიფურის ჭურჭელზე, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ცნებას „ჰოთდოგი – ამერიკული ეროვნული საკვები“!

თქვენ წარმოიდგინეთ და, ამერიკელები ამ სახალისო და ღიმილისმომგვრელ წესებს ზედმიწევნით იცავენ. სტატისტიკა ღაღადებს, რომ ბოლო პერიოდში ჰოთდოგის მოხმარება გაზრდილია და საშუალო ამერიკელი ყოველწლიურად 60 ჰოთდოგს მიირთმევს. 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს კი ამერიკაში იჭმება დაახლოებით 150 მილიონი ჰოთდოგი. ეს 150 მილიონი სოსისი ერთმანეთს რომ გადააბა, მიღებული ჯაჭვი 5-ჯერ დაფარავს ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესს შორის არსებულ მანძილს. სხვათა შორის, სულ ახლახან, 2018 წლის 4 ივლისს ამერიკელმა ჯოუი ჩესტნატმა თავისივე მსოფლიო რეკორდი დაამხო, გადასანსლა რა 10 წუთში 74 ჰოთდოგი!!!

ერთი საინტერესო ფაქტიც: თითოეულ ამერიკულ შტატს დადგენილი აქვს ამ პოპულარული კერძის მომზადების თავისი ექსკლუზიური წესი. მაგალითად, აშშ-ის სამხრეთით ამზადებენ სიმინდის ჰოთდოგებს, კანზასში ჰოთდოგში ამატებენ გახეხილ ყველსა და კომბოსტოს მწნილს, ჩიკაგოში ვაშლისა და კრაბის ჰოთდოგებს ამზადებენ, ტეხასში ჰოთდოგს მიირთმევენ ყველითა და ცხარე წიწაკის საწებლით, ნიუ იორკში მოგართმევენ სოსისს თხელი მდოგვითა და კარაქში მოშუშული ხახვით, ატლანტაში ჰოთდოგში ამატებენ ბოსტნეულს…

ბევრგან კლასიკურ კეტჩუპსა და მდოგვზეც კი თქვეს უარი. ზოგი ამ უცვლელ „აქსესუარებს“ ვასაბისა და ავოკადოსგან დამზადებულ მაიონეზს ამჯობინებს, ხოლო სხვებს მოსწონთ ჰოთდოგი არაქისის ზეთითა და ფუა-გრათი. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია დიდი ჰოთდოგური მრავალფეროვნებიდან.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტრადიციული ამერიკული კერძო დღეს არა მხოლოდ აშშ-შია პოპულარული, არამედ მსოფლიო მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. მართალია, ექიმები და დიეტოლოგები ხშირად გვახსენებენ მსგავსი საკვების უარყოფით მხარეებს, მაგრამ ყველაფერში ზომიერების დაცვა ვერაფერს გვავნებს, პირიქით, ერთი გემრიელი ჰოთდოგის ხანდახან მირთმევა მეტად სასიამოვნოა, თან ეს ძალზე დემოკრატიული კერძია, მის შეჭმას არ სჭირდება დიდი დრო, არც ჭურჭელი, არც სამზარეულო. დროის დღევანდელ დეფიციტში ეს ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია სწრაფი დანაყრების თვალსაზრისით.

მინდა გითხრათ, რომ კომპანია Menu.ge-ს პარტნიორ რესტორნებში, კაფეებსა თუ საცხობებში ჰოთდოგის ვარიანტების დიდი მრავალფეროვნებაა. ეს ეხება როგორც ინგრედიენტებს, ისე ღირებულებასაც: 1,5-დან 9 ლარამდე, ლავაშში, მექსიკურად, წიწაკის მწნილით, კიტრი-პომიდვრით, კარტოფილი-ფრით, ქაბაბით, იმერული ყველით, სულგუნით, ქათმის ხორცით… სურვილის შემთხვევაში იცით, როგორ მოიქცეთ: Menu.ge 24 საათი თქვენს სამსახურშია!

აბა, გემრიელად!

კომენტარები