როცა ნეაპოლის ჰაერს პიცის სურნელი აავსებს!

კულინარიის სამყარო მოუთმენლად ელის 1 ივნისს. ზაფხულის პირველ დღეს ნეაპოლში იწყება და 10 ივნისამდე გასტანს პიცის ფესტივალი „Pizzavillage” – პიცის უმთავრესი ფესტივალი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო იტალიისთვის ესაა წლის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა. ეს ფესტივალი ყოველწლიურია და მას სტუმრობენ ამ ცნობილი იტალიური კერძის მოყვარულები პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან. რამდენიმე დღით ნეაპოლის ჰაერს ეს-ესაა გამომცხვარი ხმიადების, მოცარელასა და რეჰანის განუმეორებელი და მადისაღმძვრელი სურნელები ავსებს.

არაერთხელ გვითქვამს, რომ პიცა იტალიის სავიზიტო ბარათი და სიმბოლოა. საკუთრივ იტალიაში კი პიცა ნეაპოლის სიმბოლოა. სწორედ ეს უმშვენიერესი ქალაქი მიიჩნევა პიცის სამშობლოდ, ხოლო თავად ნეაპოლელებს მტკიცედ სწამთ, რომ ნამდვილი პიცა მზადდება მხოლოდ მათ ქალაქში. ეს ყველაფერი პიცის შექმნის ისტორიას უკავშირდება და ეს ისტორია ჩვენი ბლოგის ერთ-ერთ ადრეულ ბლოგ-პოსტში წვრილადაა მოთხრობილი. ნეაპოლის ფესტივალი არის არა პიცის დღესასწაული, არამედ ამ კერძისადმი იტალიელთა სიყვარულისა და სათუთი დამოკიდებულების დემონსტრირება.

დღესდღეობით პიცა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მოსახლეობის ყველა ფენაშია პოპულარული. მაგრამ მისდამი მიძღვნილი დღესასწაული დაწესდა არც თუ დიდი ხნის წინად. პიცის სიყვარულისა და  პატივისცემის დამადასტურებელი პირველი მასობრივი ღონისძიებები 1984 წელს მოეწყო, როცა „ნამდვილი ნაპოლიტანური პიცის ასოციაციამ“ ნეაპოლში პირველი ფესტივალი ჩაატარა. შემდგომში კიდევ რამდენიმე მსგავსი აქტივობა იყო, მაგრამ ყველა მათგანს სპონტანური ხასიათი ჰქონდა.

და მხოლოდ 1995 წლიდან მოყოლებული, დღესასწაული ყოველწლიური როგორც ქალაქ ნეაპოლისთვის გახდა, ისე სრულიად იტალიისთვისაც. მას მერე აქ პიცის საუკეთესო მცხობელები იკრიბებიენ – პიცაიოლოები. მათ შორის ტარდება შეჯიბრება კულინარიულ ოსტატობაში, სისწრაფეში, უნარებსა და მახვილგონივრულობაში. ამასთან, პიცაიოლოები კოლეგებისთვისა და სტუმრებისთვის მასტერ-კლასებს მართავენ, რადგან პიცის არათუ მომზადებას სჭირდება გარკვეული უნარების ცოდნა, არამედ მის მირთმევასაც.

ჰოდა ამიტომაცაა, რომ 1-10 ივნისს ნეაპოლის ჰაერი ახალგამომცხვარი პიცის არომატითაა გაჟღენთილი. ძირითადი საფესტივალო ღონისძიებები კარაჩოლოს სანაპიროზე იმართება – ესაა საცეკვაო საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, სუვენირების ბაზრობები, სხვადასხვა ხასიათის შოუები და კონცერტები. მაგრამ მთავარი, რაღა თქმა უდნა, პიცის დეგუსტაციებია. ამ 10 დღის განმავლობაში პიცის უზარმაზარი რაოდენობა იჭმება. ფესტივალის სტუმრებს არ ბეზრდებათ პიცის ყოველდღიურად დაგემოვნება და ეს გასაგებიცაა – ნეპოლში თავს უამრავი პიცაიოლო იყრის, თითოეული მათგანი თავისებურ, განსხვავებულ პიცას ამზადებს. მაგრამ დღესასწაულის დედოფალი, თანაც სავსებით დამსახურებულად, ნაპოლიტანური პიცა „მარგარიტაა“.

ფესტივალზე პიცის შესახებ ბევრი საინტერესო ამბის მოსმენა შეიძლება, რეცეპტების კოლექციის გაზრდა, ათასგვაურ კონკურსში მონაწილეობა ან უბრალოდ, ამ ყველაფრის დათვალიერება. ნეაპოლში სწორედ ამ დღეებში ასახელებენ მსოფლიოს წლის საუკეთესო პიცაიოლოს. ეს წოდება უპრესტიჟულესია და მისთვის მრავალი ცნობილი კულინარი იბრძვის ხოლმე.

სხვათა შორის, არსებობს ნაპოლიტანური პიცის საერთაშორისო სტანდარტი, რადგან მარტო იტალიაში პიცის 2 ათასზე მეტი ნაირსახეობაა, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ამ კერძის უამრავი ვარიაცია შეიქმნა, ათასგვარი ტექნოლოგია და ახალი ინგრედიენტი დაემატა. ამიტომაც იყო, რომ ზემოხსენებულმა „პიცის ასოციაციამ“ შეიმუშავა საგანგებო სტანდარტი, რომელიც შეიცავს ნამდვილი „ნაპოლიტანური“ პიცის მომზადების პროცესისა და მისი ინგრედიენტების ხარისხის დეტალურ აღწერას. მოგვიანებით კი ეს „კოდექსი“ საკანონმდებლო დონეზე დამოწმებით გამყარდა. გამოდის, რომ ხსენებული კანონის თუნდაც ერთი ნორმის დაუცველობით მომზადებულ პიცას ვერ დაარქმევენ „ნაპოლიტანურს“.

ამიტომაცაა, რომ ფესტივალი “Pizzavillage” არა მხოლოდ უგემრიელესი პიცის ზეიმია, არამედ ნამდვილი ნაპოლიტანური პიცის დღესასწაულიცაა. თუ ნეაპოლში ფესტივალის პერიოდში მოხვდით, აუცილებლად ეწვიეთ პიცერიას „Antica Pizzeria Port’Alba”. ესაა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი პიცერია, რომელიც თავის სტუმრებს პიცის განუმეორებელი გემოთი 1738 წლიდან მოყოლებული აოცებს. თუმცა, შემიძლია თამამად და სიამაყით მოგახსენოთ, რომ ნამდვილი იტალიური და კერძოდ ნაპოლიტანური პიცის დაგემოვნება საქართველოშიც ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. ამისთვის საკმარისია menu.ge-ს საიტზე ან მობილურ აპლიკაციაში სასურველ პიცერიაში სასურველი პიცის არჩევა და დანარჩენი კი კურიერის საქმეა. გაგიმართლათ, რომ menu.ge-ს 100-ზე მეტ პარტნიორ რესტორანში ამზადებენ ლეგენდარულ, ფანტასტიკურ, უგემრიელეს პიცას – იტალიის კულინარიულ სავიზიტო ბარათს.

აბა, გემრიელად!

კომენტარები