ვახო ბერაია – სიხარულის მიმტანი

იცნობთ ვახო ბერაიას? დარწმუნებული ვარ, ბევრნი იცნობთ ამ მხიარულ ჭაბუკს. და ვინც ჯერ არ იცნობთ, ამის შანსი ნამდვილად გაქვთ – ვახო ხომ menu.ge-ს კურიერია. გაინტერესებთ რითია გამორჩეული? იმით, რომ ჯერ მხოლოდ 17 წლის არის და უკვე ნამდვილი პროფესიონალია. ბევრს გაქვთ ყოველთვიური 1500-1700-ლარიანი შემოსავალი? ბევრს გიყიდიათ ავეჯი ოჯახისთვის? ანუ, ვახო არა ჩვეულებრივი, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო კურიერია ისეთ სოლიდურ და რესპექტაბელურ კომპანიაშიც კი, როგორიც გახლავთ menu.ge.

ამასთან, ვახო არის ღიმილიანი და ცოტათი მორცხვი, მეგობრული და საზრიანი, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული და საქმეში ძალიან ყოჩაღი ბიჭი. მიზნებიც ჰქონია, იცოცხლე! თუმცა, ერთი ნაკლიც აქვს – მობილურ ტელეფონებთან ვერ მეგობრობს. და თუ რა პრობლემები აქვს მას ტელეფონებთან, ინტერვიუდან შეიტყობთ. თუმცა, ჩვენი საუბარი ბევრ სხვა რამესაც შეეხო. წაიკითხეთ და გაიგებთ, რატომაა ვახო ბერაია სიხარულის მიმტანი. განწყობის გამოკეთება გარანტირებული გაქვთ, დიდი პოზიტივია ამ ბიჭში.

ვახოს menu.ge-ს ოფისში შევხვდი. შემოვიდა ოთახში გაღიმებული სახით და სევდიანად თქვა: „ეს მესამედ…“

– რა „მესამედ“? რა მოხდა?

– არაფერი ისეთი, ტელეფონი გავაფუჭე ისევ…

– როგორ მოგივიდა?

– შეკვეთა მიმქონდა მოპედით და ჯიბიდან გადმომივარდა…

…და ჯიბიდან ამოიღო საკმაოდ ძვირადღირებული, ცნობილი ბრენდის სმარტფონი, რომლის ეკრანიც ბზარების აბლაბუდით იყო დაფარული. ვახომ სევდიანი ღიმილით დახედა ტელეფონს.

– დავრჩი უტელეფონოდ…

– შენც ისეთ ჯიბეში გედოს ხოლმე, საიდანაც არ ამოგივარდება. ასეთ ძვირიან ტელეფონს გაფრთხილება უნდა.

– სიჩქარეში მავიწყდება… არა უშავს, ეკრანს გამოვუცვლი და იმუშავებს. უკვე ორჯერ გამოვუცვალე და აწი ყურადღებით ვიქნები.

– სკოლაში სწავლობ?

– დიახ. მე-12 კლასში.

– ასწრებ?

– გრაფიკი ისე შემითავსეს, რომ სკოლასაც ვასწრებ და სამსახურსაც.

– მეცადინეობასაც ასწრებ?

– ვასწრებ, 8 საათის მერე თავისუფალი ვარ.

– ძალიან კარგი. სკოლას რომ დაამთავრებ, მერე რას აპირებ?

– კულინარი უნდა გავხდე.

– ოოო, რა მოულოდნელი და საინტერესოა?! თბილისში აპირებ სწავლას?

– დიახ, არის ასეთი კოლეჯი – „იკარუსი“…

– და ჯერჯერობით კურიერი ხარ… დიდი სტაჟი დაგიგროვდა უკვე?

– 5 თვეა, რაც ვმუშაობ.

– ოჯახს როგორ მოსწონს ეს შენი საქმიანობა?

– არ მოსწონთ, მაგრამ მინდა მუშაობა და რა ვქნა?

– რატომ არ მოსწონთ, რას ამბობენ?

– პატარა ხარო, მოპედით ქალაქში გადაადგილებაც საშიშიაო…

– მართვის მოწმობა გაქვს?

– არა. მოპედის მართვას არ სჭირდება მოწმობა.

– იმედია, მოძრაობის წესები კარგად იცი…

– კი, რათქმაუნდა.

– სწრაფადაც არ დადიხარ?

– მოპედი ვერ დადის სწრაფად. (იცინის)

– მოპედი სწრაფად ვერ დადის და ტელეფონი ჯიბიდან უკვე მესამედ კი გადმოგივარდა…

– ხან მირეკავენ, ხან მე ვრეკავ, კლიენტებთან დაკონტაქტება მიწევს, ჩვენს საქმეში სიჩქარე ფასობს და… თან ამ ჯერზე რომ გადმომივარდა, ზედ მანქანამ გადაუარა… არ ღირს ამაზე ნერვიულობა, არ გაკეთდება და ახალს ვიყიდი.

– აი, ასე, აიღებ და ახალ „აიფონს“ იყიდი? საიდან ამდენი ფული?

– როგორ, საიდან? აბა, ტყუილად ვმუშაობ? კარგი ხელფასი მაქვს.

– იმხელა, რომ შეგიძლია ახალი „აიფონი“ იყიდო?

– კი ბატონო (იცინის).

– კარგი, შევეშვათ ტელეფონს. ოდესმე გიფიქრია კურიერობაზე? ვინმეს მიბაძე თუ ვინმემ გირჩია?

– არა, ეს ძლიან ჩვეულებრივად მოხდა. გასულ ზაფხულში გადავწყვიტე, სამსახური დამეწყო და ინტერნეტში აქტიურად შევუდექი ვაკანსიების თვალიერებას. მიტანის ერთ-ერთ სამსახურში ვაკანსია იყო, შევავსე ფორმა და მეორე დღესვე დამირეკეს. ახალი შექმნილი იყო ის კომპანია და გასაუბრებაც უპრობლემოდ გავიარე. სკუტერიც ვიყიდე. მაგრამ იმ სამსახურში ორი კვირა გავატარე და ერთი შეკვეთაც არ მქონია. ახლა აღარც არსებობს ის კომპანია, დაიხურა.

– არცერთი შეკვეთა?!

– დიახ, არცერთი. იქიდან სხვა კომპანიაში გადავედი, იგივე პოზიციაზე. აი, იქ უკვე გარკვეული პრაქტიკა მივიღე, თბილისის ქუჩები ვისწავლე, საქმეშიც გავერკვიე და გადავწყვიტე, ბედი menu.ge-ში მეცადა. ღმერთის წყალობით, მოვეწონე, კონკურსი გავიარე და ამიყვანეს.

– კმაყოფილი ხარ? მოგწონს შენი ამჟამინდელი პროფესია?

– კი, რათქმაუნდა. კმაყოფილი რომ არ ვიყო, წავიდოდი. menu-ge-ში მომუშავე ადამიანები ძალიან მიყვარს. ყველაზე პატარა ვარ, ყველამ კარგად მიმიღო და ყველას ძალიან მალე დავუმეგობრდი. კარგი გარემოა და ძალიან მომწონს აქ. სხვებსაც ვურჩევ menu.ge-ში დასაქმებას, ვაკანსიები ყოველთვისაა, კომპანია მუდმივად იზრდება.

– ალბათ ოჯახი ფინანსურად გააძლიერე…

– ამის აუცილებლობა არ არსებობდა, მაგრამ კი, დაგვეტყო. მაგალითად, ახალი ავეჯი შევიძინე და დედა გავახარე.

– ოჯახის კაცი ყოფილხარ! და როცა კულინარის პროფესიის დაუფლებას დაიწყებ, კურიერობას ალბათ შეეშვები…

– რატომ? ჯერჯერობით ნამდვილად არ ვაპირებ ამ სამსახურის მიტოვებას. შევუთავსებ, როგორც აქამდე სკოლას ვუთავსებდი. დავამთავრებ და საზღვარგარეთ წავალ.

– სად მიდიხარ, კაცო?! შენისთანა ბიჭები აქაც გვჭირდება!

– ლონდონში…

– მზარეულად?

– დიახ.

– რატომ მაინცდამაინც ლონდონში?

– იქ ახლობლები მყავს და მუშაობის დაწყების შესაძლებლობაც მექნება.

– გამოდის, რომ კულინარიულზე სწავლა გრძელვადიანი პერსპექტივის ნაწილია?

– კი ბატონო, მაგრამ ეს ჩემი სურვილიცაა.

– მზარეულის პროფესია მოგწონს?

– ძალიან.

– და, ვთქვათ, ერთი წლის წინ რა გეგმები გქონდა?

– ერთი წლის წინ უფრო კარგად ვსწავლობდი, ვაღიარებ, მაგრამ მიზანი იგივე მქონდა – მინდოდა, კულინარი გავმხდარიყავი.

– ლონდონური პერსპექტივის გამო?

– არა, არა, ბავშვობიდან მინდა კულინარობა.

– გემრიელად ამზადებ კერძებს?

– დიახ, ამბობენ, რომ მეხერხება.

– გაქებენ ხოლმე?

– დიახ.

– ესე იგი, ნიჭი გქონია! ძალიან კარგი!.. კონკრეტულად რომელი კერძის მომზადება გეხერხება განსაკუთრებით კარგად?

– ძნელი სათქმელია. ალბათ, უფრო ხორციანი კერძების. სუნელების შეხამება და სასურველი გემოს მიღებაც ძალიან მსიამოვნებს ხოლმე.

– კოლეჯში რამდენი წელი უნდა ისწავლო?

– 4 წელი. ავიღებ შეფ-მზარეულის დიპლომს და წავალ ლონდონში.

– მაინც დაუჯერებელია, რომ ბავშვობაშიც გინდოდა, კულინარი გამხდარიყავი. რაზე ოცნებობდი?

– მინდოდა, როცა გავიზრდებოდი, იმ საქმეში მაგარი ვყოფილიყავი, რომელსაც ავირჩევდი. კონკრეტულ პროფესიაზე არ მიოცნებია.

– ავტომრბოლელი, როკ-მუსიკოსი, ფეხბურთის ვარსკვლავი – არცერთზე გიოცნებია? როგორ დავიჯერო? გულახდილად მეუბნები ამას?

– არა, არა, არ მიოცნებია, მართლა. მხოლოდ ის მინდოდა, ჩემი საქმის პროფესიონალი გამოვსულიყავი. დედას გეფიცები!

– მჯერა! შენნაირი ბიჭი ჯერ არ შემხვედრია და ამიტომ მიკვირს. იდეას მოგაწვდი, თუ გამოგადგება: როცა ლონდონში სამუშაოდ მოეწყობი და თანდათან ფულს ააგროვებ, მიტანის ბიზნესის ამხელა პროფესინალმა კაცმა ლონდონშიც უნდა გახსნა დელივერი სერვისი.

– ამაზე არ მიფიქრია და წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვნახოთ…

– დღეში რამდენ კლიენტს ემსახურები?

– ყოველდღიურად საშუალოდ 14-15 გასვლა მაქვს ხოლმე. მაგრამ გვიანობამდეც მიმუშავია და 25 რეისიც გამიკეთებია.

– რას იტყვი კლიენტებზე?

– ძალიან კარგები არიან.

– ყველა?

– თითქმის ყველა. ისე თბილად მიღებენ, სასაყვედურო რა უნდა მქონდეს. უხარიათ, როცა მხედავენ.

– რა უხარიათ?

– ცოტა უკვირთ, რომ ასეთი პატარა ვარ და უკვე ვმუშაობ, ალბათ ეს უხარიათ. თან დროულად რომ მიმაქვს საჭმელი, ბუნებრივია, ესეც უხარიათ. ისინი ხომ მშივრები არიან იმ მომენტში. ქუჩები უკვე კარგად ვიცი და უფრო ჩქარი გავხდი, დავიხვეწე…

– გყავს ისეთი კლიენტები, ვისთანაც არაერთხელ მიგიტანია შეკვეთა?

– როგორ არა, ზოგიერთთან არაერთხელ კი არა, უამრავჯერ ვარ ნამყოფი. მიცნობენ, რათქმაუნდა. ერთი-ორჯერ ისეც მომხდარა, რომ მოუთხოვიათ, შეკვეთა ვახოს გამოატანეთო.

– ეს უკვე პოპულარობაა, მეგობარო!

– არა, რა პოპულარობა… (მორცხვად ჩაეცინა ჩვენს ვახოს)

– არ დაგიგვიანია არასდროს?

– კი, იყო ასეთი შემთხვევა. ყველა ვერ იქნება თავიდანვე მაგარი. ახალი დაწყებული მაქვს menu.ge-ში მუშაობა, ქუჩები კარგად ჯერ არ ვიცი და მაქვს შეკვეთა, უნდა წამოვიღო ვაკიდან და ამის ნაცვლად წავედი სოლოლაკში. რესტორნების ქსელია, ერთი ვაკეშია, მეორე – სოლოლაკში, მესამე კიდევ სადღაც და ა.შ. ჰოდა, მე მივედი სოლოლაკის რესტორანში. მოვედი-მეთქი, ვეუბნები იმ რესტორნის ადმინისტრაციას. ჩვენ შეკვეთა არ მიგვიღიაო, მპასუხობენ. „როგორ არ მიგიღიათ, ქალბატონო?!“ – მე ჩემსას „ვაწვები“. მოკლედ, ვეკამათე, მერე ოფისში გადავრეკე და გავარკვიე, რომ მე შემშლია რესტორანი. იმ ქალბატონს ბოდიშები ვუხადე და წამოვედი. გზაში მეცინებოდა საკუთარ თავზე, ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავიგდე თავი.

– ნუთუ თუნდაც ერთი უცნაური კლიენტი არ შეგხვედრია?

– კლიენტი შემხვედრია ყველანაირი. ზრდილობიანიც, უზრდელიც, კეთილიც, ბოროტიც… ზოგი იმისთანაა, შარს უმიზეზოდ მოგდებს. ამას წინათ საბურთალოზე მივიტანე შეკვეთა და კლიენტმა დახუფული კონტეინერი ყველანაირად ატრიალა ხელში, ეს რა არისო, დაგიქცევიაო, ისაო, ესაო. არადა, უნაკლო იყო ის კონტეინერიც და შიგთავსიც. სასაყვედურო საერთოდ არაფერი ჰქონდა, მაგრამ ადამიანს ეტყობოდა, რომ მიზეზს ეძებდა. 60 ლარის კერძები იყო შეკვეთაში, ყველაფერი ამოალაგა, ატრიალა სათითაოდ, ყველა მხრიდან შეხედა. ვიდექი და ველოდებოდი, როდის მორჩებოდა. ბოლოს დარწმუნდა, რომ მართლა დაუზიანებელი იყო ყველაფერი და „კარგი, წადიო“, ცალყბად გამოსცრა.

არადა პირიქითაც მომხდარა, შემთხვევით დამიზიანებია, გამიფუჭებია რაღაცა, დამწყები ვიყავი მაშინ. შეუმჩნევიათ, მაგრამ არაფერი უთქვამთ მადლობის გარდა. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

– ადამიანები ერთმანეთისგან განსხვადებიანო, ამბობ. მაშინ გამორჩეული კლიენტიც გეყოლება…

– ერთი შეკვეთა არასდროს დამავიწყდება. პატარა შეკვეთა იყო – 30 ხინკალი „ხინკლის სახლიდან“ ბახტრიონის ქუჩაზე უნდა მიმეტანა. ჯამში 30 ლარამდე ღირებულების შეკვეთა იყო. ახალგაზრდა ბიჭებმა გამიღეს კარი, მივაწოდე ეს ხინკალი და არ გამიშვეს, სანამ 30 ლარი არ მაჩუქეს.

– არადა, კიდევ ერთი ამდენი ხინკალი მოუვიდოდათ იმ 30 ლარად… მაინც, რატომ გაჩუქეს ის ფული?

– არ ვიცი. ალბათ მოეწონათ, რომ პატარა ვარ და ვმუშაობ. თან ძალიან მალე მივუტანე და გაუხარდათ, არ მელოდნენ ასე მალე. ეს ჰო, და საერთოდაც, როცა კლიენტები კარს მიღებენ და შეკვეთას ვაწვდი, ზოგი თავზე ხელს მისვამს, მეფერება, ზოგი ლოყაზე მჩქმეტს, ზოგი კანფეტს მჩუქნის. მაგალითად, ბარბარობას იმდენი შოკოლადი დამიგროვდა ჯიბეებში, მთელ კომპანიას ეყო. ახალ წელს კი იყო მცდელობები, გოზინაყი ეჩუქებინათ…

კომენტარები