ვინც შქმერული შექმნა, დაელოცოს მარჯვენა!

უმშვენიერეს რაჭაში არის ერთი კოხტა სოფელი, რომელიც ონიდან 21 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1720 მეტრზე მდებარეობს. ეს სოფელი ცნობილია ულამაზესი ხედებითა და უნიკალური კანიონით – მდინარე ხეორი სოფლის ქვეშ, კლდეში იკარგება და 1 კილომეტრში ზედაპირზე ამოდის. ამ სოფელს ეწოდება შქმერი, მაგრამ შქმერს სახელი ხეორის კანიონზე მეტად ერთმა საკმაოდ მარტივად მოსამზადებელმა, მაგრამ უგემრიელესმა კერძმა გაუთქვა, თან არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მისი საზღვრებიდან ძალიან შორსაც.

მისი უგემრიელესობა შქმერული – ქართული კულინარიის რაჭული მარგალიტი! ალბათ, არცერთი ქართული კერძი არაა ისეთი იდუმალებით მოცული, როგორც ეს ჩვენი საყვარელი წიწილა რძისა და ნივრის სოუსში. მე პირადად უამრავი ვერსია მაქვს მოსმენილ-წაკითხული და უპირატესობა ვერცერთს მივანიჭე. კარგი იქნება, თუ ამ ბლოგის მკითხველი ფეისბუკის ვერსიაში თავის მოსაზრებას მოგვწერს და ჭეშმარიტების დადგენაში დაგვეხმარება.

მაშ ასე, შქმერულის შექმნის ვერსიებს ჩამოვთვლი და თქვენს კომენტარებს ველი.

ვერსია #1

ერთ შქმერელ დიასახლისს მოულოდნელი სტუმრები ეწვივნენ და ნიგვზის არქონობის გამო, მან ბაჟე ვერ მოამზადა. ამიტომ გადაწყვიტა, ახალშემწვარი ქათამი რძეში ჩაედო, ნივრითა და მარილით შეეკმაზა. სტუმრებს კერძი, ბუნებრივია, ძალიან მოეწონათ და მისი ნათლიებიც ისინი ყოფილან – შქმერული დაარქვესო.

ვერსია #2

ეს ვერსია პირველს ჰგავს – აქაც გვიანი სტუმრები, აქაც ფორსმაჟორში აღმოჩენილი დიასახლისი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დიასახლისს მანამდე დაეკლა ქათამი, რომელსაც ამასობაში არცთუ სასიამოვნო სუნი აუვიდა. ჰოდა, ქალბატონმა ამ სუნის გადასაფარად ქათამი ნივრით შეკმაზა. ამ შემთხვევაში დიასახლისის გონებამახვილობის შედეგმა სტუმარიც მოხიბლა და მასპინძელიც.

შქმერული

ვერსია #3

„შქმერული“ – ეს სახელი ნივრიან რძეში ჩაბრძანებულ შემწვარ წიწილას გრიშა გაგნიძემ დაარქვაო! ვინაა გრიშა გაგნიძე? – იკითხავს მკითხველი? ოოო! გრიშა გაგნიძე გახლავთ ქართული კულინარიის ვეტერანი და გამორჩეული წარმომადგენელი. ბატონი გრიშა სწორედ სოფელ შქმერშია დაბადებულ-გაზრდილი. მზარეულობა შთამომავლობით ერგო – ვინც ახსოვდა, ყველა წინაპარი მზარეული იყოო, სადღაც წამიკითხავს მისი ინტერვიუ. ჰოდა, შესაბამისი განათლების მიღების შემდეგ ამ კარგმა კაცმა სახელი გაითქვა როგორც შესანიშნავმა პროფესიონალმა, ხოლო ჩვენი საყვარელი შქმერულის პოპულარობა პირდაპირ უკავშირდება ბატონ გრიშას. ერთ-ერთი კულინარიული კონკურსისთვის გრიშა გაგნიძემ შეარჩია კერძი, რომელსაც მის მშობლიურ შქმერში ამზადებდნენ და რომელსაც „წიწილა ნიორში“ ერქვა. ბატონმა გრიშამ ეს კერძი რამდენადმე დახვეწა და „შქმერულადაც“ მონათლა. ცნობისთვის, თავის დღევანდელ უდიდეს პოპულარობას შქმერული სწორედ გრიშა გაგნიძეს უნდა უმადლოდეს – რაჭველ მზარეულთა საგვარეულო დინასტიის გამორჩეულ წარმომადგენელსა და ქართული კულინარიის ნამდვის მაესტროს.

ვერსია #4

ეს ვერსიაც უფრო კონკრეტულია: შქმერელ გლეხს, გვარად გლოველს, დაკლული ქათამი უფუჭდებოდა. ღარიბ რაჭველს დაენანა მთელი ქათმის გადაგდება ან ძაღლებისთვის მიცემა, და ხორცის გადარჩენა გადაწყვიტა. რაც აღმოაშნდა, იმით შეკმაზა და რაც გამოუვიდა, კი გვიყვარს ყველას.

ვერსია #5

დაბოლოს, ზღაპრული ვერსიაც. რაჭის მმართველი და თავადი ერთ დღეს განრისხებულა, ქათმის, წიწილისა და ვარიის გარდა არაფერს მაჭმევენო! მენიუს გადახალისება მოუთხოვია ბატონს და რა წყალში უნდა გადავარდნილიყო საბრალო მზარეული? ფრინველის გარდა არაფერი ებადათ, ამიტომ კულინარმა იეშმაკა, შემწვარი ქათამი დაჭრა და ნაჭრები ნივრიან რძეში ჩადო. ჭირვეულ ბატონს ძლიერ მოწონებია ჭკვიანი მზარეულის ნახელავი და მას შემდეგ ეს კერძი ქართული სამზარეულოს ღირსეულ შემადგენელ ნაწილად იქცაო.

აი, ასეთი ვერსიებია. მე პირადად, დიდი ხნის წინათ, რაჭველი მეგობრისგან ყველაზე პროზაული ვერსია მომისმენია, რომლის მსგავსი ზემოთაცაა მოყვანილი: დაკლული ქათმის პარტია უფუჭდებოდა შქმერელ მედუქნესო, აიღო და ნიორწყალში ჩადო ერთი ქათამი, მაგრამ ამ ხერხმა ვერ უშველა, მეორე ქათამი კი შეწვა და „ნიორრძეში“ ჩააბრძანა. ამ სვლამ კი გაამართლა და მზარეულმაც მთელი ის ქათმის ხორცი, რაც კი ჰქონდა, იმად აქცია, რასაც ჩვენ შქმერულს ვეძახითო.

ვინც უნდა ყოფილიყო ამ კერძის გამომგონებელი, დაელოცოს მარჯვენა! დღეს შქმერული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ქართული კერძია. თითქოსდა, როგორი ერთმანეთისგან შორსმდგომი პროდუქტებია რძე და ნიორი, მაგრამ მათი სიმბიოზი ყოფილა გემოს აპოთეოზი, ხოლო წითლად დაბრაწულკანიანი წიწილის ხორცი ამ სოუსში ახალ გემოს და არომატს იძენს – ერთდროულად ნაზს და მკაცრს, ფაფუკს და ხისტს. ჭეშმარიტად ქართული კერძია!

ჩქმერული

ვისაც კერძების მზადება და სამზარეულოში ფუსფუსი არ გეხერხებათ, თავისუფლად შეგიძლიათ შქმერული menu.ge-ს მენეჯმენტს შეუკვეთოთ – მადლობა ღმერთს, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის რესტორნებში გემრიელი შქმერული სულაც არაა იშვიათობა.

ხოლო ვინც გარისკავთ – აი, ჩვენგან ბონუსად, ნამდვილი, კლასიკური შქმერული რეცეპტიც:

დაგჭირდებათ დაახლოებით კილოგრამიანი ქათამი, ნახევარ ლიტრამდე რძე, 30 გრამი კარაქი, 1 თავი ნიორი, მარილი და მეტი არაფერი. თუ გაქვთ კეცი – მით უკეთესი, თუ არა – არ იდარდოთ, ტაფით ჩაანაცვლეთ.

ქათამს მარილი წაუსვით, ტაბაკად შეწვით და დაჭერით. ერთი თავი ნიორი გაფცქვენით და საჭყლეტით დაჭყლიტეთ. რძე აადუღეთ, გააზავეთ დაჭყლეტილი ნივრით, ქათმის შეწვის შემდეგ დარჩენილი ცხიმით და გემოვნებით დაუმატეთ მარილი. ეს მზა სოუსი კი კეცზე დაწყობილ ქათმის ხორცს მოასხით. კეცი შედგით ღუმელში, საშუალო ცეცხლზე, და 10-15 წუთში შქმერული მზადაა! წვენი უნდა წამოდუღდეს და ქათამი წითლად დაიბრაწოს!

უ-გემ-რი-ე-ლე-სი-ა!

კომენტარები