ზაფხული – აჯაფსანდალის მეფობის ხანა

ძალიან დაცხა. ისეთი ხვატია, მადას რომ დაგაკარგვინებს. მაგრამ რაღაც ხომ უნდა ვჭამოთ? ჰოდა, აი, სწორედ ახლა დგება აჯაფსანდალის სამთვიანი მეფობის ხანა. დარწმუნებული ვარ, ზაფხულის განმავლობაში საქართველოში ესაა ყველაზე პოპულარული კერძი. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ აჯაფსანდალის ინგრედიენტები მარტივი მოსანელებელია, ზაფხულის ცხელ ამინდში არ ამძიმებს ადამიანის ორგანიზმს და ამავდროულად ამდიდრებს ვიტამინებით და მრავალი სხვა სასარგებლო ელემენტით.

ბავშვობაშიც დავინტერესებულვარ, თუ რას ნიშნავს სიტყვა „აჯაფსანდალი“, მაგრამ პასუხი ვერავინ გამცა. და რახან დღეს Menu.ge-ს ბლოგერი გახლავართ, გადავწყვიტე ამ კითხვაზე პასუხი ახლა მაინც მომეძია და მკითხველისთვისაც გამეზიარებინა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს კერძი, რომელიც ქართული მეგონა, კიდევ უამრავ ქვეყანაში მიიჩნევა ნაციონალური სამზარეულოს პირმშოდ. ჩრდილოკავკასიელი ხალხების აბსოლუტური უმრავლესობა, აზერბაიჯანელები, სომხები, აფხაზები, თურქები, ბულგარელები და უზბეკებიც კი, ირწმუნებიან, რომ აჯაფსანდალი მათი კერძია. ანუ, კავკასიურსაც ვერ ვუწოდებთ, მაინცდამაინც.

პრინციპში, გემრიელი და უსასარგებლოესი აჯაფსანდალი იმდენად მარტივად მზადდება, რომ ყველა იმ ხალხს, სადაც კი ხარისხიანი ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ნიორი, კარტოფილი, პომიდორი და მწვანილები მოყავთ, შეეძლო მეზობლისგან დამოუკიდებლად შეექმნა ეს კერძი. მით უმეტეს, სხვა სახელწოდების, მაგრამ იგივე ინგრედიენტებისა და მსგავსი რეცეპტურის კერძი ევროპის უფრო შორეულ ქვეყნებშიც არსებობს. საფრანგეთში ძალიან პოპულარულია რატატუი, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთშიც შეხვდებით ანალოგიურ კერძებს. ამ აღმოჩენის გაკეთების შემდეგ აჯაფსანდალის წარმომავლობისა და დაბადების ადგილის დადგენას შევეშვი კიდეც, მაინც ვერაფერს გავარკვევდი.

თუმცა სახელწოდების ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით ხელჭასაჭიდი საერთოდ ვერაფერი აღმოვაჩინე. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტი: სიტყვის „აჯაფსანდალი“ წარმოშობაზე არაფერია ცნობილი. თურქულ სიტყვას კი ჰგავს და სხვათა შორის, ერთადერთ არსებულ ვერსიას სწორედ თურქული ენისკენ მივყავართ. არსებობს დაუდასტურებელი მოსაზრება, თითქოს „აჯაფსანდალი“ თურქულიდან ითარგმნება როგორც „რა მშვენიერი ხარ“. თუ ასეა, რამენაირ რომანტიკულ ისტორიასთან კავშირიც უნდა არსებობდეს, თუმცა, სამწუხაროდ, კულინარიულ ცნობარებში არც ამაზეა ნათქვამი თუნდაც ერთი სიტყვა.

აი ასეთი, იდუმალებით მოცული კერძი ყოფილა ეს ჩვენი საყვარელი, ყველა ოჯახში მიღებული აჯაფსანდალი. რახან ისტორიამ ბევრი ვერაფერი შემოგვინახა ამ კერძის შესახებ, მოდი, მის ღირსებებზე ვთქვათ, თანაც სათქმელი საკმარისზე მეტია. გარდა იმისა, რომ ესაა არომატული, მადისაღმძვრელი, საკმაოდ ნოყიერი და ვიზუალურად ძალიან ესთეტიკური კერძი, აჯაფსანდალი არის ძალიან სასარგებლო, რადგან ყველა მისი ინგრედიენტი ცალ-ცალკე რომ შევაფასოთ, თითოეული არის ვიტამინების საოცარი წყარო, ერთად კი, ხომ წარმოგიდგენიათ?

ბადრიჯანი ადამიანის ორგანიზმს დიდ სამსახურს უწევს – ნივთიერებათა ცვლის პროცესში ეხმარება, პოზიტიურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას. ბადრიჯანი შეიცავს ნიკოტინის მჟავას, რომელიც სისხლძარღვთა კედლებს ამყარებს, ხოლო ისეთი მიკროელემენტები, როგორებიცაა ფტორი, სპილენძი და რკინა, აუმჯობესებს ფრჩხილების, თმისა და კანის საერთო მდგომარეობას.

ბულგარული წიწაკა კი ვიტამინების ნამდვილი საწყობია. ესაა ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარე მთელი პლანეტის მასშტაბით. წიწაკა უამრავი დაავადების პროფილაქტიკური საშუალებაა, C ვიტამინის უდიდეს რაოდენობას შეიცავს და ამ თვალსაზრისით აღემატება მოცხარს, ფორთოხალსა და ლიმონსაც კი! ამასთან, წიწაკა B, K, PP და E ჯგუფების ვიტამინებს, ასევე მიკრო- და მაკროელემენტებისა და ამინომჟავების სოლიდურ რაოდენობასაც შეიცავს.

ნიორი ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს მაღალი წნევის, სოკოვანი და კუჭნაწლავის დაავადებებისას, ასევე გვეხმარება უძილობისა და გაციების დაძლევაში. გარდა ამისა, ნიორი მდიდარია ეთერზეთებითა და B, C, A, P და D ჯგუფების ვიტამინებით.

და პომიდორი?! ხახვი?! ქინძი, ოხრახუში, კამა, ნიახური, რეჰანი?!! არა, ეს ვიტამინების ნამდვილი საბადოა ჩვენი ორგანიზმისთვის, მით უფრო მაშინ, როცა სიცხისგან გათანგულებს მადა მაინცდამაინც არ გვაქვს, არადა ძალებს აღდგენა სჭირდება. აი, ამიტომაც ვახსენე ამ ბლოგ-პოსტის თავში სიტყვა „მეფობა“. აჯაფსანდალი ზაფხულში ნამდვილი მონარქია ჩვენს ოჯახებში – მსუბუქი, გემრიელი და არაჩვეულებრივად სასარგებლო. თანაც მის მიმზადებას სულ რაღაც ნახევარი საათი სჭირდება.

თუმცა, ეს კერძი მხოლოდ ოჯახური როდია. აჯაფსანდალი ჩვენი ქვეყნის მრავალი რესტორნის მენიუშია. მიხვდებოდით, საითკენ მიმყავს საუბარი: საქართველოს საუკეთესო რესტორნები და საუკეთესო საოჯახო სამზარეულოები კომპანია Menu.ge-სთან პარტნიორობენ და ვისაც არ შეგიძლიათ აჯაფსანდალის შინ მომზადება, თავისუფლად შეგიძლიათ საკუთარ ორგანიზმს ვიტამინების დღესასწაული ჩვენი საიტის ან აპლიკაციის მეშვეობით მოუწყოთ. ისიც გეცოდინებათ, რომ უსწრაფესი კურიერები სწორედ ჩვენთან მუშაობენ. შეუკვეთეთ, არ ინანებთ!

აბა, გემრიელად!

კომენტარები