ამერიკული სამზარეულო – იმიგრანტთა კულინარიების სინთეზი

მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანი სამზარეულო ალბათ ამერიკულია. ამერიკელები ხომ საკუთარ თავს იმიგრანტების ნაციას უწოდებენ და აშშ-ის კულინარიაზე გავლენა ამ ქვეყანაში გადაბარგებულმა და დამკვიდრებულმა ერებმა მოახდინეს, ისევე, როგორც ზოგადად ამ დიდი სახელმწიფოს ცხოვრებაზე. თან ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ პირველ კოლონიზატორებს კონტინენტზე დახვდათ მანამდე უცნობი პროდუქტები, რომლებიც ევროპასა და აზიაში მოხვედრის თანავე უკვე იქაურ კულინარიაში მოიკიდეს ფეხი. თუმცა აშშ-ის კულინარიული და გასტრონომიული მრავალფეროვნება მაინც უფრო მოკრძალებულია, ვიდრე, მაგალითად ინდური, ფრანგული, იტალიური ან თუ გნებავთ ჩვენი ქართული სამზარეულო. ამერიკაში საკუთრივ კულინარიისთვის მრავალი საუკუნის განმავლობაში არავის ეცალა და იმიგრანტები იკვებებოდნენ იმით რასაც მოიპოვებდნენ. ანუ ამერიკაში შედგა სხვადასხვა ერების ერთა კულინარიების სინთეზი და დღეს პიცა ან ჰამბურგერი იმდენადვეა იტალიური და გერმანული, რამდენადაც ამერიკული.

ამერიკულ სამზარეულოს საფუძველი XVII—XVIII საუკუნეებში ინგლისელმა იმიგრანტებმა ჩაუყარეს და მათი კერძები აირია აბორიგენთა საკვებთან – სიმინდთან და ბატატებთან – ტკბილ კარტოფილთან. მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაში აშშ-ის კულინარია მნიშვნელოვნად იცვლებოდა და მასზე მთვარი გავლენა იტალიელებმა, ესპანელებმა, ფრანგებმა, გერმანელებმა და ჩინელებმა მოახდინეს.

ზოგადად, თანამედროვე ამერიკელები მასობრივად იკვებებიან ნახევარფაბრიკატებით და ხშირად სტუმრობენ ფასტფუდებს (სწრაფი კვების ობიექტებს) და სხვადასხვა ნაციონალური სამზარეულოს რესტორნებს, რაც ასევე ართულებს ამერიკული სამზარეულოს ერთგვარ დახასიათებას.

საკვების მომზადების რეცეპტებზე დიდი გავლენა ამერიკის სხვადასხვა რეგიონის კლიმატურმა პირობებმა მოახდინეს. მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული სალათები – პრიმიტიული, კიტრისა და პომიდვრის კომბინაციით დაწყებული, რთული, ბოსტნეულის მრავალინგრედიენტიანი  ნარევებით დამთავრებული.

სამხრეთი შტატებისთვის დამახასიათებელია ფრიტიურში შემწვარი წიწილა, საქონლის ხორცისგან დამზადებული შნიცელი, შებოლილი ღორის ხორცი, ოლადები და სიმინდის პური, კიბორჩხალები, კიბორჩხალის წვნიანები და კიბორჩხალის კოტლეტები.

ახალი ინგლისის შტატებისთვის ტრადიციულია ბოსტნეულში მოხარშული გამოყვანილი საქონლის ხორცი, თევზეული, ომარები და კლემ-ჩაუდერი – მოლუსკებისა და ბოსტნეულისგან მომზადებული წვნიანი.

შუადასავლეთის სუფრის მშვენებად აღიარებულია ნაკვერჩხალზე მომზადებული  საქონლის ხორცის ბიფშტექსი, გამომცხვარი კარტოფილი და შოკოლადის ტორტი. შუადასავლეთის ქალაქების კულინარიას დიდი დაღი იტალიურმა სამზარეულომ დაასვა – „ღრმა“ ჩიკაგოური პიცა და სენტლუისურად შემწვარი რავიოლი.

სამხრეთდასავლეთში დომინირებს ამერიკული და მექსიკური სამზარეულოების სინთეზი, ეგრედ წოდებული „ტექს-მექსი“, რომლის დამახასიათებელი კერძებია ფახიტასი, ტაკოსი, ბურიტოსი, ჩილი კონ კარნე, ფარშირებული ტკბილი წიწაკა და ტეხასურ-მექსიკური სამზარეულოს სხვა კერძები.

ამერიკელთა კვებაში ფართოდ გამოიყენება ყინული. ყინულით სავსე ფიალა ფაქტობრივად ყველა ამერიკულ რესტორანში სუფრაზე იდება. პოპულარულია ჩაი ყინულით, ხოლო ლუდს ამერიკელები წინასწარ გაყინული კათხებით მიირთმევენ.

ამერიკულ სამზარეულოში გარნირის როლს ხშირად მოხარშული ბრინჯი ასრულებს. ფართოდ გამოიყენება სანელებლები – ნივრის ფხვნილი, სხვადასხვა სახის წიწაკა, მუსკატის კაკალი, მიხაკი, დარიჩინი, ილი, დაფნის ფოთოლი, ტმინი, კამა, ვანილი და სხვა, ასევე არაქისის კარაქი.

განსაკუთრებით მრავალფეროვანია ამერიკაში ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძები.

ასე და ამგვარად, ამერიკის შეერთებული შტატების კულტურა შეიქმნა მასში ემიგრირებული ევროპელების, აზიელების და მონებად ჩაყვანილი აფრიკელების გავლენით. შესაბამისად, ამ უზარმაზარი ქვეყნის კულინარიაც ამ ერების გავლენით ჩამოყალიბდა. პრინციპში ეს სამზარეულო საქართველოშიცაა წარმოდგენილი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია Menu.ge-ს საიტის, აპლიკაციისა და სატელეფონო ზარის მეშვეობით შეუკვეთოს 30-მდე რესტორანში ამერიკული სამზარეულოს ნებისმიერი  კერძი და ჩვენი კომპანიის კურიერები მზად არიან ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი რაოდენობის პროდუქტები უმოკლეს დროში მიიტანონ. სცადეთ და არ ინანებთ.

აბა, გემრიელად!

კომენტარები