ესკიმო – პარიზულ კინოში დაბადებული სახელი

გასტრონომიულ დღესასწაულებს შორის არის ისეთიც, რომელიც ყველაზე მეტად ბავშვებს და ტკბილის მოყვარულ მოზრდილებსაც უყვართ. ესაა ესკიმოს საერთაშორისო დღე, რომელსაც მთელი მსოფლიო 24 იანვარს აღნიშნავს. საქმე ისაა, რომ დანიური წარმომავლობის ამერიკელმა ქრისტიან ნელსონმა სწორედ 1922 წლის 24 იანვარს მიიღო თავისი გამოგონების დამადასტურებელი პატენტი და მისი გამოგონება სწორედ ესკიმო იყო – შოკოლადში ამოვლებული ნაყინი.

ქრისტიან კენტ ნელსონმა ერთხელ უნებლიედ გადაასხა თხევადი შოკოლადი ნაყინის ბრიკეტს და ასე შეიქმნა ახალი საკონდიტრო პროდუქტი. ნაყინის ახალი პარტია ოჰაიოში მცხოვრებმა კონდიტერმა უკვე რასელ სტოვერთან პარტნიორობით გამოუშვა. ახალ პროდუქტს დაერქვა „ესკიმო პაი“. პირველი გასაყიდი პარტია გამოიშვა 1920 წელს.

და საიდან ეს სახელწოდება? რატომ „ესკიმო“? ძალიან საინტერესო ისტორიაა: ყველის მწარმოებელი კომპანია  „ჟერვეს“ დამაარსებელი შარლ ჟერვე ამგვარ შოკოლადის ნაყინს ყიდდა პარიზის ერთ-ერთ კინოთეატრში, სადაც გადიოდა დოკუმენტური ფილმი „ნანუკი ჩრდილოეთიდან“, რომელიც მაყურებელს მოუთხრობდა ესკიმოსთა ყოფის შესახებ. სწორედ იმ ფილმის ერთერთი მაყურებლის მიგნება იყო ამ ნაყინისთვის ესკიმოს დარქმევა. ხალხმა აიტაცა და ასე მოდის დღემდე, ხოლო კომპანია „ჟერვე“ დღეს კონცერნ „დანონის“ შემადგენელი ნაწილია.

თანამედროვე სახე ესკიმომ მხოლოდ 1935 წელს მიიღო, როცა ის გამოუშვეს ხისგან გამოთლილ ჩხირზე. პირველმა ამ ხერხს ფრენკ ეპერსონმა მიაგნო და არა ქრისტიან ნელსონმა. ეპერსონს ეს იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც მას გარეთ დარჩა ჭიქა, რომელშიც ესხა ლიმონათი და შიგ იდო მოსარევად განკუთვნილი ერთჯერადი ხის ჩხირი. სუსხიანმა ღამემ ლიმონათი გაყინა და ეპერსონს ხელში ჩხირზე ჩამოცმული გაყინული ლიმონათი შერჩა. ის ჩხირზე გაყინული ხილის წვენების მწარმოებელი გახდა, ხოლო აღნიშნულ 1935 წელს ნაყინის მწარმოებლებმა ეს ხერხი გაითავისეს და დღევანდლამდე ესკიმომ სწორედ ამ სახით მოაღწია.

თითქოსდა, ზამთარი ნაყინისთვის არცთუ საუკეთესო დროა, მაგრამ ჯერ ერთი, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში ახლა ზაფხულია, თანაც გავითვალისწინოთ, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ნაყინს ზამთარშიც მიირთმევენ. ამერიკელებისა და კანადელების მაცივრებში ნაყინი ყოველთვისაა და იქ მას ცალკეულ კერძად მიიჩნევენ, ხოლო ევროპელებს ასევე აქვთ მომარაგებული ნაყინი და იქ ესკიმოსა და სხვა სახის ნაყინებს ყოველდღიურად დესერტის სახით ეტანებიან.

საეჭვოა, ამ ბლოგ-პოსტს ნაყინის მოყვარულები იშტაზე არ მოეყვანა. და რა გიდგათ წინ? საკმარისია, ჩვენი საიტის საძიებელ ველში ჩაწეროთ სიტყვა „ნაყინი“ და ამ გაგანია ზამთარში Menu.ge-ს კურიერები მოკლე დროში მოგართმევენ ამ უგემრიელეს დესერტს.

აბა, გემრიელად!

 

 

კომენტარები