როგორ ხვდებიან ახალ წელს უცხოეთში

ჩვენს დღევანდელ ბლოგ-პოსტში გთავაზობთ ჯადოსნურ წინასადღესასწაულო ვირტუალურ მოგზაურობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. არ გაინტერესებთ, როგორ ხვდებიან ახალ წელს მაგალითად, საფრანგეთში, იტალიასა თუ მექსიკაში? მით უფრო, რომ Menu.ge-ს პარტნიორ რესტორნებსა და კაფეებში ამ და სხვა ქვეყნების ეროვნული სამზარეულოების საუკეთესო ნიმუშების შეკვეთა ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდზე, მობილურ აპლიკაციაში და სატელეფონო ზარის მეშვეობითაა შესაძლებელი.

 

საფრანგეთი

პარიზის, ნიცის თუ მარსელის ფეშენებელური რესტორნები ერთმანეთს საახალწლო მენიუებით ეჯიბრებიან: ფუაგრა(ბატის გასქელებული და გაცხიმოვნებული ღვიძლის პაშტეტი), შავი ტრიუფელები, სატაცური სხვადასხვა ვარიაციებში, ხამანწკები, ყველის უძვირფასესი სახეობები და რაღა თქმა უნდა შამპანური. თუმცა რიგითი ფრანგები ახალ წელს გაცილებით მოკრძალებულად აღნიშნავენ, ოღონდაც ისინი ეკონომიას მაინცდამაინც არ ეწევიან, იმიტომ რომ ჩვენსავით სწამთ, რომ როგორც შეხვდები ახალი წლის დადგომას, ისეთი წელიწადი გექნება მთლიანობაში. ფრანგული საახალწლო სუფრის განუყოფელ ნაწილად, თანაც ნებისმიერი შეძლებულობის ოჯახში, მიიჩნევა ე.წ. „შოკოლადის მორი“ – (საყოველთაოდ ცნობილი რულეტი შოკოლადისა და ბისკვიტისგან). მისი მორთვისას დიასახლისები ფანტაზიას სრულ თავისუფლებას აძლევენ და იყენებენ კენკრას, ნიგოზს, თხილს და ცუკატებს.

იტალია

აპენინურ ნახევარკუნძულზე საშობაო ვნებანი საახალწლოდ უკვე შედარებით დამცხრალია, მაგრამ ასეა თუ ისე, წლის ბოლო ქეიფის გაცდენა არც აქ უყვართ. სხვა თუ არაფერი იტალიელები დილამდე არ დაიღლებიან მაშხალებისა და ფოიერვერკების გასროლით რადგან მათ მტკიცედ სწამთ, რომ ეს ხმაური და ნათება ავ სულებს დააფრთხობს და განდევნის მათი ოჯახებიდან, ქვეყნიდან და სრულიად სამყაროდან. საკუთრივ საახალწლო სუფრა კი იტალიაში ერთობ საინტერესოა: სტუმრები და მასპინძლები წინასწარ თანხმდებიან იმაზე, თუ ვის რა მოაქვს სუფრის გასაწყობად. როგორც ყოველთვის ახალ წელსაც მიირთმევა პასტა, უფრო ხშირად კონკილიონე – „ნიჟარები“ რიკოტას ყველით, ასევე პიცა, გამომცხვარი ლობიო ან მუხუდოს წვნიანი. სუფრას აგვირგვინებს პანეტონე – ჩვენებური პასკის მსგავსი ნამცხვარი.

პოლონეთი

პოლონეთის მრავალი საახალწლო წეს-ჩვეულება შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. აი, მორთული ნაძვის ხე კი, ქვეყანაში მხოლოდ XIX საუკუნეში დამკვიდრდა. მანამდე მის ადგილს იკავებდა ლამაზად მორთული ჩალის ძნა. საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ერთი ზედმეტი თეფში თავისი დანა-ჩანგლით მოულოდნელი სტუმრისთვის. მით უფრო, რომ ამ ღამეს სუფრაზე კერძების დიდი მრავალფეროვნებაა. ტრადიციულად უნდა იყოს 12 კერძი, მათ შორის ბიგოსი (კომბოსტოსთან ერთად მოთუშული ხორცი), ხორბლის კორკოტი ან კოლიო, ნივრიანი ფუნთუშები, ვარენიკები და ბორშჩიც კი. სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს დამარილებული ქაშაყი, რომელიც ქართული გოზინაყის ანალოგიას წარმოადგენს: ზუსტად 12 საათზე სუფრის ყველა წევრმა სურვილი უნდა ჩაიფიქროს და თუნდაც თითო ლუკმა ქაშაყი მიირთვას. ასევე აუცილებელი კერძია ღუმელში გამომცხვარი კობრი – ოჯახური ბარაქის სიმბოლო.

 

მექსიკა

მექსიკელებს უყვართ სანელებლებიანი და ცხარე კერძები, საახალწლო სუფრას ამშვენებს რომერიტოსი (კრევეტებისა და კარტოფილის ერთგვარი სალათი), ფარშირებული ინდაური, სიმინდი, ლობიო და ტკბილი ნამცხვრები. სასმელებიდან უპირატესობას ანიჭებენ მსუბუქ ღვინოებს, პუნშებსა და ტეკილას.

 

პორტუგალია

საახალწლო სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს ყურძენი. პორტუგალიელები მას ბარაქისა და ოჯახური ბედნიერების სიმბოლოდ მიიჩნევენ. ამიტომ, როცა საათი შუაღამეს 12-ჯერ ჩამოკრავს ზარს, ყველა პორტუგალიელმა 12-12 ყურძნის მარცვალი უნდა მიირთვას, თანაც თითოეულს თითო სურვილის ჩაფიქრებაც მიაყოლოს.

აი ასე, ზოგან პროზაულად, ზოგან ტრადიციულად, თანაც რომანტიკულად ხვდებიან ახალი წლის დადგომას. ქართული საახალწლო სუფრის შესახებ კი მომდევნო ბლოგ-პოსტში მოგითხრობთ.

აბა, გემრიელად!

კომენტარები