შობის სუფრა ქართულად: მსგავსება და მრავალფეროვნება

საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი ადამიანთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას. წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. გილოცავთ!

მართალია ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე იესო ქრისტეს დაბადების დღეს 25 დეკემბერს აღნიშნავდა, რაც ძველი ქართული საშობაო სიმღერებითაც დასტურდება, მაგრამ რეფორმების შემდეგ ჩვენი ეკლესია ქრისტეს შობას 7 იანვარს ზეიმობს ისევე, როგორც მსოფლიოს კიდევ რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია.

მაგრამ რაკიღა ჩვენი ბლოგი კულინარიას ეძღვნება, სჯობს ჩვენი დღევანდელი ბლოგ-პოსტი ქართულ საშობაო სუფრას მივუძღვნათ. და როგორია ეს „ქართული საშობაო სუფრა“? მეტად მრავალფეროვანი. ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში ამ დღესასწაულის აღნიშვნის თავისებური წეს-ჩვეულებებია დამკვიდრებული.

რაღა თქმა უნდა, ყველაზე გამორჩეულად შობის აღნიშვნა გურულებმა იციან,რომლებიც ამ დღესასწაულს კალანდობას უწოდებენ. აუცილებლად იკვლება ღორი, ცხვება ნაზუქები, გურული კვერები – საფუვრიან ცომში გახვეული ყველი და მსხვილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. მზადდება კუპატი, საცივი. გურულები ილოცებიან წითელი ღვინით და სუფრას იწყებენ მშვიდობის სადღეგრძელოთი.

ასევე უყვართ შობის დღესასწაული სამეგრელოშიც. მეგრულ საშობაო სუფრაზე ტრადიციული კერძებია საცივი, ღომი, ელარჯი, გებჟალია, ღორის თავი, შემწვარი გოჭი აჯიკით, ღორის ხორცისა და შიგნეულობისგან დამზადებული უგემრიელესი კუპატი, არაჩვეულებრივი მეგრული ხაჭაპური, მოხარშული გოგრა, ფელამუში, ხილი, ტკბილეული და ღვინო.

სვანურ საშობაო სუფრაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხორცეულს. აქ შობას საკლავის გარეშე არ აღნიშნავენ – უმეტესად იკვლება ღორი, თუმცა ხბოც და ხარიც. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს კუბდარი, ხაჭაპური, ფხლოვანი. ხარშავენ ხბოს ან დეკეულის ბეჭს, ამზადებენ ღორის კუპატებსა და ზისხორას – უნიკალურ სვანურ სისხლის ძეხვს. ამზადებენ გადაზელილ ყველს, ჭვიშტარს. მთაში მცხოვრები სხვა ხალხივით (რაჭველთა გამოკლებით), სვანები ღვინოს ვერ წურავენ, თუმცა ბარში წინასაშობაოდ აუცილებლად ჩადიან და ამ დღესასწაულზე მაინც ღვინოს სვამენ.

რაჭაში საშობაოდ ცხვება ნიგვზიანი და სხვა შიგთავსიანი ნამცხვრები, ბაჭულები – ხაჭოიანი ხაჭაპურები. აქ ზოგან ჯერაც შემორჩა კაც-ბასილას გამოცხობის ტრადიცია. რაჭველები საშობაოდ წვავენ ყვინჩილას – ახალგაზრდა მამალს. იკვლება ღორი და ამ ხორცით მზადდება სხვადასხვა კერძები. იხარშება სრულიად განუმეორებელი რაჭული ლორი, მის ნახარშში მოხარშული ლობიოთი ცხვება ლობიანები და რაღა თქმა უნდა არაჩვეულებრივი რაჭული ღვინო.

იმერეთი საქართველოს კულინარიულ რუკაზე საპატიო ცენტრალურ ადგილს იკავებს და ეს საწყენად არავინ მიიღოს – კერძების ასეთი მრავალფეროვნებით ჩვენი ქვეყნის ვერცერთი სხვა კუთხე დაიკვეხნის. იმერეთი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სამზარეულოთი და ეს საშობაო სუფრაზე საუკეთესოდ ჩანს. სხვადასხვაგვარი მხალეულობა, საკმაზები, იმერულად მომზადებული ხორცის კერძები იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ იქმნება მდიდრული სუფრის შთაბეჭდილება. და თუნდაც სინამდვილეში ეს სუფრა სულაც არ იყოს ძვირფასი, გემოების ნამდვილი დღესასწაული მაინც გარანტირებულია, იმდენად მრავალფეროვანია კულინარიული გადაწყვეტილებები და საიდუმლოებები ჩვენი ქვეყნის ამ მხარეში.

ქართლში დღესაც აცხობენ ბედისკვერებს, ნაზუქებს, სუფრაზე უნდა იყოს გოზინაყი, ჩურჩხელა, მოხარშული ღორის თავი, თუმცა კაცის გამოსახულების კვერს – ბასილას – იშვიათადღა, თითქმის აღარ აცხობენ.

კახეთშიც საშობაოდ ნაზუქების ცხობაა მიღებული. ასევე ტრადიციულია საშობაო სუფრისთვის მოხარშული ღორის თავი, უფრო – თავ-ფეხი, უგემრიელესი მუჟუჟი და შეუდარებელი კახური ღორის მწვადი, მოხარშული დედალი ნიგვზისა და ნივრისგან დამზადებული საწებლით. გარდა ამისა – გოგრაში მოხარშული ტკბილი ფლავი, ჩირი, ჩურჩხელა, თაფლი, თხილეული, არაყი და ღვინო.

თითქმის ყველაფრის შეკვეთა, რაც კი ჩამოვთვალეთ, კომპანია Menu.ge-ს პარტნიორ რესტორნებშია შესაძლებელი. თქვენ ოღონდ ისურვეთ – ჩვენი კომპანიის უსწრაფესი კურიერები ყველაფერს ცხელ-ცხელს მოგართმევენ.

აბა, გემრიელად!

კომენტარები