25-სა დეკემბერსა: ინდაურით, ბატით, იხვით, თევზითა და ზღვის პროდუქტებით

შობა – ქრისტიანულ სამყაროში ერთერთი უმთავრესი დღესასწაულია, რომელიც აღნიშნავს იესო ქრისტეს დაბადებას. კათოლიკები, პროტესტანტები, გრიგორიანელები და ზოგიერთი მართლმადიდებელი(ბერძნული, რუმინული,ბულგარული და სხვ.) ეკლესიის წარმომადგენლები ამ დღეს 25 დეკემბერს ზეიმობენ განსხვავებით ქართული და რამდენიმე სხვა მართმადიდებელი ეკლესიისგან. ამის მიზეზი იულიანურ და გრიგორიანულ კალენდრებს შორის არსებული სხვაობაა. დასავლეთ კათოლიკებში ზეიმი გრძელდება 1 იანვრამდე და ეს დღეები ეძღვნება სხვადასხვა წმიდანს.

შობის სადღესასწაულო სუფრა ყველა ქვეყანაში განსხვავებულია, თუმცა თითქმის ყველგან მთავარი კერძი ღუმელში შემწვარი ინდაურია. ამერიკის შეერთებულ შტატებში 25 დეკემბრის დადგომას მშობლების ოჯახში ხვდებიან ხოლმე და პირველი, რასაც მიირთმევენ, ნაკურთხი სეფისკვერია, რომელსაც წითელ ღვინოს აყოლებენ. აშშ, მოგეხსენებათ, ემიგრანტთა ქვეყანაა სადაც თითოეულმა ჩასულმა ერმა თავისი წეს-ჩვეულება შემოიტანა, მაგრამ დროთა განმავლობაში განსხვავებები წაიშალა და ამერიკამ ასე მიიღო დღევანდელი სახე.

ამერიკულ სადღესასწაულო სუფრას ამშვენებენ კომბოსტოსა და ბარდის წვნიანი, ოჯახური ძეხვეული, თევზი, კარტოფილის ღვეზელი. აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს შავქლიავი და მწვანე ბარდა. შოტლანდიური ფესვების მქონე ამერიკელები კი, მთავარ საშობაო კერძად მიიჩნევენ ფარშირებულ ინდაურს.

ინდაური იწვება ღუმელში და სხვადასხვა ვარიაციებში მას ემატება ლიმონი, ფორთოხალი, ფორთოხლის ლიქიორი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, ბეგქონდარა, ოხრახუში, სალბი, როზმარინი, დაფნის ფოთოლი,ხახვი, სტაფილო, მოცვი და თაფლი.

ინგლისში შობას ასევე მთელი ოჯახით აღნიშნავენ და დიასახლისი ცდილობს, თავისი კულინარიული შესაძლებლობებით ყველა გააკვირვოს.

ასეა თუ ისე, საშობაო სუფრაზე ცენტრალურ ადგილს შემწვარი ინდაური იკავებს. კუნკრუხელის სოუსით მოსხმული შემწვარი ინდაური საშობაო ქეიფის ნამდვილი დედოფალია. ოჯახის უფროსი, როგორც წესი, სუფრაზე მოტანილ ინდაურს ჭრის და სუფრის წევრებს უნაწილებს.

ინგლისის საშობაო სუფრის დამახასიათებელ კერძებად ასევე მიიჩნევა ბეკონში გახვეული სოსისი მოცხარის სოუსით, როსტბიფი ბოსტნეულით, ახალი ხამანწკები და წითელი ხიზილალა, ბიფშტექსი ალყა-ალყა დაჭრილ ხახვსა და სოკოს სოუსით და ქათმის მკერდი. გარნირის როლს თამაშობს ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი, ბრიუსელის კომბოსტო ყველით, კვერცხითა და ბეკონით. აუცილებელია იორკშირის შაშხი, ხბოს თირკმლის ჩაშუშული, იხვის პაშტეტი, ბატკნის შემწვარი ხორცი, ქათმის ხორცის ღვეზელი და ყველი კებენი…

საფრანგეთში, რაღა თქმა უნდა ინდაურს თეთრ ღვინოში თუშავენ, დანიაში საშობაო სუფრის მთავარი კერძი ვაშლებით ფარშირებული ბატია, იტალიელები და ესპანელები კი ჩვევებს არ ღალატობენ და საშობაოდ ეძალებიან თევზსა და ყოველგვარ ზღვის პროდუქტს. სკანდინავიური ქვეყნების მოსახლეობა ამ დღესასწაულის სუფრის გაწყობას საფუძვლიანად ეკიდებიან და შობამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებენ სისხლის ძეხვის, გამოყვანილი და შებოლილი ხორცის მზადებას, ასევე ხარშავენ საშობაო ლუდს. ჩინეთშიც არცთუ ცოტა ქრისტიანი ცხოვრობს და საშობაოდ ისინი სახელგანთქმულ პეკინურ იხვს ამზადებენ…

ბევრს აღარ გავაგრძელებთ. ნათელია, რომ კათოლიკურ სამყაროში შობას ჩვენზე, ქართველებზე არა ნაკლებ გემრიელად აღნიშნავენ და თუ ვინმეს სურს 25 დეკემბერი თბილისში იზეიმოს, კომპანია Menu.ge, მართალია ბატს ვერა, მაგრამ ინდაურს, იხვს, თევზსა თუ ზღვის პროდუქტებს ფართო ასორტიმენტით შემოგთავაზებთ. ჩვენ ხომ ქვეყნის საუკეთესო რესტორნებთან ვთანამშრომლობთ!

აბა, გემრიელად!

კომენტარები